წილობრივი შეთანხმება

არჩევნები და რეფერენდუმები, პოლიტიკური პარტიები

დღიდან დაარსებისა, ვენეციის კომისია საქმიანობს საარჩევნო სფეროში, განსაკუთრებით საარჩევნო კანონმდებლობის პროექტებზე მოსაზრებათა შემუშავების მეშვეობით. კომისია ასევე მონაწილეობს საარჩევნო საკანონმდებლო ნორმების შემუშავებაში. ამის ყველაზე ტიპური მაგალითია ალბანეთი, სადაც კომისიამ, ორპარტიული კომისიის მუშაობის ფარგლებში, 1997, 2000 და 2003 წლებში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებაში. 1997 წელს კომისიას პირველი საარჩევნო კანონპროექტის შექმნაც კი ეთხოვა ბოსნიისა და ჰერცეგოვინისთვის.

კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ მოსაზრებათა უმრავლესობა შემუშავებულია ამ ორი ორგანიზაციის მიერ.

სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საარჩევნო სფეროში რეგულარულად თანამშრომლობენ კომისიასთან, შეიძლება მოვიხსენიოთ ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და უკრაინა. კომისია შედარებით ნაკლები რეგულარობით საქმიანობს ზოგიერთ სხვა სახელმწიფოშიც, მაგალითად შვეიცარიის კანტონებში, ხორვატიაში, მოლდოვაში, რუმინეთსა და “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში”.

ვენეციის კომისია ასევე მუშაობს რეფერენდუმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორც ეს მოხდა მონტენეგროს შემთხვევაში.

2002 წლიდან, კომისიის როლი საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში განამტკიცა დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შექმნამ. გარდა ამისა, მისი საქმიანობა მოიცავს სემინარებს, საწვრთნელ კურსებსა და მხარდამჭერ მისიებს. იმისათვის, რათა საარჩევნო ნორმებს შეეძინა გარკვეული სტაბილურობა და დაჩქარებულიყო ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ჩამოყალიბება, ვენეციის კომისიამ და დემოკრატიული არჩევნების საბჭომ შეიმუშავეს ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპები, განსაკუთრებით “საარჩევნო საკითხებში მართებული ქცევის კოდექსის” შემუშავების მეშვეობით, რომელსაც თან ერთვის სხვა სახელმძღვანელო მასალები.

დემოკრატიული არჩევნების საბჭო

დემოკრატიული არჩევნების საბჭო (CDE) აერთიანებს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის, საპარლამენტო ასამბლეისა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის წარმომადგენლებს. ის მიესალმება ასევე ევროპარლამენტის, ევროკომისიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ისევე როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საარჩევნო ოფიციალურ პირთა ასოციაციის (ACEEEO) დამკვირვებლის სახით ჩართვას მის მუშაობაში.

დემოკრატიული არჩევნების საბჭოს მიზანია არჩევნების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა ვენეციის კომისიასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესს შორის, რომლებიც, შესაბამისად, წარმოადგენენ არჩევნებზე დამკვირვებელ სამართლებრივ და პოლიტიკურ უწყებებს, იმისათვის რათა ხელი შეუწყოს საერთო-ევროპულ ფასეულობებს ამ სფეროში – ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპებს.

დემოკრატიული არჩევნების საბჭო აანალიზებს ვენეციის კომისიის მოსაზრებათა პროექტებსა და კვლევებს საარჩევნო სფეროში, ვიდრე მათ გადასცემდეს კომისიის პლენარულ სხდომას. გარდა ამისა, ის მეთვალყურეობას უწევს მონაცემთა ბაზას, რომელშიც შესულია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო კანონმდებლობები.

ქვემოთ ჩამოთვლილია ვენეციის კომისიის მიერ არჩევნების სფეროში წარმართული სხვადასხვა ტიპის საქმიანობა:

  • მოსაზრებები და კვლევები
  • სემინარები, საწვრთნელი კურსები და მხარდამჭერი მისიები
  • მონაცემთა ბაზა “Vota”

მოსაზრებები და კვლევები

შესავალი

a. პირველ ყოვლისა, ვენეციის კომისია იხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს. “საარჩევნო საკითხებში მართებული ქცევის კოდექსის“ გარდა, კომისიამ შეიმუშავა, მაგალითად, შედარებითი კვლევა რეფერენდუმის შესახებ ევროპაში, ანგარიშები ხმის უფლებაზე დაწესებულ შეზღუდვათა შესახებ (ეროვნულ კანონმდებლობებში და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად) და ანგარიში საარჩევნო ნორმებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პოზიტიური ქმედების შესახებ ეროვნულ უმცირესობათა მონაწილეობის ხელშესაწყობად ევროპის ქვეყნებში. 2007 წლის მარტში მან მიიღო მართებული ქცევის კოდექსი რეფერენდუმებისთვის, რომელიც გახლავთ საარჩევნო საკითხებში მართებული ქცევის კოდექსის ანალოგი, ადაპტირებული რეფერენდუმებთან.

საჯარო საქმიანობაში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხში გაწეული სამუშაოს ფარგლებში, ვენეციის კომისიამ მიიღო დოკუმენტი “საარჩევნო კანონი და ეროვნული უმცირესობები“. მასში გაცხადებულია, რომ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოში თუ მოქმედებს სპეციალური ნორმები უმცირესობათა არჩევით ორგანოებში წარმომადგენლობის შესახებ. არჩევით ორგანოებში, განსაკუთრებით კი ეროვნულ პარლამენტებში ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხის შესწავლა მოითხოვს საარჩევნო კანონის უფრო ზოგადი თემების შესწავლას და კერძოდ, საარჩევნო სისტემების ზეგავლენისა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლობაზე.

ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების მონაწილეობა საჯარო ცხოვრებაში - არჩევით ორგანოებში მათი მსახურების მეშვეობით, არა სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ნორმების გამოყენებას მოსდევს შედეგად, არამედ საარჩევნო კანონის ზოგადი პრინციპების განხორციელებას, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მისადაგებულია იმისათვის, რათა გაიზარდოს ამგვარი უმცირესობების კანდიდატთა წარმატების შანსი.

ვენეციის კომისიამ აწარმოა ასევე რამდენიმე სხვა კვლევაც ზოგადი თემების გარშემო, როგორიცაა საარჩევნო სტანდარტები, საარჩევნო სისტემები, ელექტრონული და დისტანციური ხმის მიცემა, ისევე როგორც იმგვარი მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელშიც მოცულია, სხვებს შორის, ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა საარჩევნო კანონმდებლობები.

b. ვენეციის კომისია რეგულარულად იღებს მოსაზრებებს საარჩევნო საკითხების გარშემო. 2006 წელს მან შეიმუშავა მოსაზრებები სომხეთის, ბელორუსის, ხორვატიის, საქართველოსა და სერბეთის საარჩევნო კანონების შესახებ. მოსაზრებათა დიდი უმრავლესობა მზადდება ეუთოსთან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR) თანამშრომლობით.

კომისია ასევე იღებს მოსაზრებებს რეფერენდუმების შესახებ, როგორც ეს ბოლო ხანს იყო მონტენეგროს შემთხვევაში (მოსაზრება რეფერენდუმის შესახებ მონტენეგროში).

საარჩევნო სფეროში ზოგიერთი სახელმძღვანელო დოკუმენტის შინაარსი

მართებული ქცევის კოდექსი არჩევნების სფეროში

დემოკრატიული არჩევნების საბჭოს პირველ დავალებას შეადგენდა არჩევნების სფეროში მართებული ქცევის კოდექსის შემუშავება. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს არა მხოლოდ ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ძირითად ნორმებს, როგორიცაა საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი კენჭისყრა, ისევე როგორც არჩევნების ჩატარების სიხშირე, არამედ, აგრეთვე, არჩევნების სათანადოდ ჩასატარებლად საჭირო ზოგად პირობებს, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, განსაკუთრებით პოლიტიკურ სივრცეში, არჩევნების ორგანიზება მიუკერძოებელი უწყების მიერ და გასაჩივრების ეფექტური სისტემა.

მართებული ქცევის კოდექსი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიზანია საარჩევნო ნორმების ჰარმონიზების ხელშეწყობა და მისი მეშვეობით არჩევნების შეფასების გაადვილება. ის მიიღო დემოკრატიული არჩევნების საბჭომ და ვენეციის კომისიამ და შემდგომში მოიწონა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესმა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ერთ-ერთ მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში, ასევე გამოხატა თავისი მხარდაჭერა კოდექსისადმი. კოდექსი ეძღვნება საარჩევნო სფეროს სპეციალისტებს (საარჩევნო კომისიების წევრებს, უნივერსიტეტების ლექტორებს), ისევე როგორც დამკვირვებლებს, პოლიტიკოსებსა და უფრო ზოგადად, ყველა მოქალაქეს, ვინც ამომრჩეველია.

სხვა სახელმძღვანელო მასალები

მართებული ქცევის კოდექსი რეფერენდუმებისთვის

2007 წლის მარტში ვენეციის კომისიამ მიიღო მართებული ქცევის კოდექსი რეფერენდუმებისთვის, რომელიც ერთვის მართებული ქცევის კოდექსს საარჩევნო საკითხებში. დოკუმენტის დასაწყისში მოცემულია ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპების ჩამონათვალი, რომლებიც საერთოა როგორც არჩევნების, ისე რეფერენდუმების შემთხვევაში (საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი არჩევნები) და ამ პრინციპების განხორციელებისთვის საჭირო პირობები (მათ შორის, ძირითად უფლებათა დაცვა, სამართლის სტაბილურობა, არჩევნების ორგანიზება მიუკერძოებელი ორგანოს მიერ, გასაჩივრების ეფექტური სისტემის არსებობა) და უსადაგებს მათ რეფერენდუმის სპეციფიკურ ბუნებას. მისი ბოლო ნაწილი ყურადღებას მიმართავს რეფერენდუმთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ ნორმებზე, როგორიცაა შინაარსისა და ფორმის ერთიანობა, უპირატესი ძალის მქონე ყველა კანონთან და მთლიანად სამართლის წესრიგთან შესაბამისობა, პროცედურული ნორმების ჩათვლით. გამოცემული სახელმძღვანელო ნორმები ადგენს, რომ რეფერენდუმის მიზანი განსაზღვრულ უნდა იყოს კონსტიტუციასა თუ კანონში და რომ სასურველი არ არის ქვორუმის გათვალისწინება. ისინი ასევე შეეხებიან სახალხო ინიციატივებთან დაკავშირებულ ცალკეულ პრინციპებს და უშვებენ მათი ნაწილობრივ უკანონოდ გამოცხადების შესაძლებლობას.

არჩევნებზე დაკვირვების ბლანკი

2003 წელს, საპარლამენტო ასამბლეის თხოვნის საფუძველზე, დემოკრატიული არჩევნების საბჭომ, ეუთოსთან და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR) ერთად, დაამტკიცა კითხვარი არჩევნებზე დაკვირვებისათვის. ეს კითხვარი, რომლის განვრცობაც ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ ყოველი კონკრეტული არჩევნების შემთხვევაში, დამკვირვებლებს აძლევს საშუალებას, დააკვირდნენ საარჩვენო პროცესს არჩევნების დღემდე, ხმის მიცემისას და ზედამხედველობა გაუწიონ არჩევნების შემდგომ ქმედებებს: ხმების დათვლასა და შედეგების გამოცხადებას.

ანგარიში საარჩევნო კანონისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ ევროპაში – სინთეზური კვლევა პერიოდული გამოწვევებისა და პრობლემური საკითხების შესახებ

ამ კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ევროპის მასშტაბით საარჩევნო კანონსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული პერიოდული გამოწვევებისა და სისუსტეების გამოვლენა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და წარმატებული პრაქტიკის ჭრილში. დასაწყისში მოცემული დაკვირვებით, ზოგიერთი არჩევნები არ შეესაბამებოდა ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპებს, შემდგომ კი გამოკვლეულია მიზეზები, რამაც, კანონსა თუ პრაქტიკაში, გამოიწვია ამგვარი მდგომარეობა. გამოვლენილ პრობლემებს შორის არის: მთლიანად საკანონმდებლო ჩარჩო, შესაძლოა, მეტად კომპლექსური ან არასტაბილურია; არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ორგანოები ყოველთვის არ არიან ნამდვილად დამოუკიდებელნი და მათი წევრების დანიშვნაში გადამწყვეტი როლი ეკუთვნით ძალაუფლების მქონეთ; მათი ფუნქციონირება, შესაძლოა, იყოს ნაკლებ გამჭვირვალე და თავად ისინი იყვნენ არასათანადოდ მომზადებულნი; საარჩევნო სიები ხშირად შორს არის სასურველისგან, იქნება ეს მანიპულირებით გამოწვეული თუ არა; კანდიდატთა რეგისტრირების პროცედურები ასევე შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კენჭისყრის პრინციპს; საარჩევნო კამპანია კიდევ ერთი სფეროა, სადაც ვლინდება მრავალი დარღვევა, მათ შორის მედიით მიკერძოებულად სარგებლობა, საჯარო ხელისუფლების ჩარევა, კამპანიების უთანასწორო და გაუმჭვირვალე დაფინანსება, ძირითადი უფლებებით სარგებლობაზე შეზღუდვების დაწესება კამპანიის მსვლელობის დროს. ანგარიშში წარმოდგენილია არჩევნების სათანადო მიმდინარეობა და გაყალბების თავიდან აცილების საშუალებები ხმის მიცემისა და დათვლის დროს, განსაკუთრებით შედეგების გადაცემისას გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მეშვეობით; და ბოლოს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ორგანოებში გასაჩივრების პროცედურა გადამწყვეტია იმისათვის, რათა საარჩევნო კანონი არ იყოს lex imperfecta.

საინფორმაციო დოკუმენტი ამომრჩეველთათვის

2003 წელს დემოკრატიული არჩენების საბჭომ მიიღო საინფორმაციო დოკუმენტი ამომრჩევლებისთვის. ის იძლევა ინფორმაციის ზოგად ჩარჩოს, რომელიც წევრი სახელმწიფოს ხელისუფლებას შეუძლია მიაწოდოს საკუთარ ამომრჩეველს და ის შესაძლოა მიესადაგოს თითოეული სახელმწიფოს სიტუაციას, როგორც ეს იყო საქართველოში 2003 და 2004 წლებში, სადაც დარიგდა ამ დოკუმენტის 300.000 ასლი.

სასარგებლო ბმულები:

სემინარები, საწვრთნელი კურსები და მხარდამჭერი მისიები

ევნეციის კომისია ორგანიზებას უწევს საწვრთნელ კურსებს და მართავს მხარდამჭერ მისიებს.

სემინარები

სემინარი ევროპული კონსტიტუციონალიზმის სფეროში საარჩევნო კანონის ევროპული სტანდარტების შესახებ (სოფია, 2004 წლის მაისი): ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით განხილული ანგარიშები მოიცავდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა სხვადასხვა საარჩევნო სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები, ეროვნული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოების პრეცედენტული სამართალი საარჩევნო დავების შესახებ, უცხოელთა მონაწილეობა საარჩევნო პროცესში ადგილობრივ დონეზე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა საარჩევნო უფლებები და საარჩევნო კანონის შესაძლო შემუშავება ევროკავშირში.

სემინარი არჩევნების ორგანიზების შესახებ მიუკერძოებელი ორგანოს მიერ (ბელგრადი, 2005 წლის ივნისი):
ეს სემინარი ძირითადად შეეხებოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოთა ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს. აქცენტი დაისვა ოთხ ძირითად საკითხზე: საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა და ფუნქციონირება, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და კომპეტენციის სფეროები, საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა კენჭისყრის დღეს და მის შემდგომ. ღონისძიებამ ხელი შეუწყო საარჩევნო კანონისა და პრაქტიკის პრინციპების გავრცელებას, რამდენადაც საშუალება მისცა არჩევნების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, გაეცვალათ გამოცდილება და ინფორმაცია ამ თემის გარშემო.

სემინარი დემოკრატიული არჩევნების წინაპირობათა შესახებ (ბუქარესტი, 2006 წლის თებერვალი):
ამ ღონისძიების მიზანი გახლდათ იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ნიშნავს, არამედ ის უნდა მოთავსდეს ზოგად კონტექსტში. ნამდვილად დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული წინაპირობების შემთხვევაში, როგორიცაა ძირითად უფლებათა დაცვა, თანაბარი ხელმისაწვდომობა მედიასა და დაფინანსებაზე, არჩევნების ორგანიზება მიუკერძოებელი ორგანოს მიერ და გასაჩივრების ეფექტური სისტემის არსებობა.

საარჩევნო საწვრთნელი კურსები

ვენეციის კომისია მართავს საწვრთნელ კურსებს არჩევნების ორგანიზების თაობაზე, განკუთვნილს საარჩევნო კანონმდებლობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთათვის. ამ კურსების მიზანი მდგომარეობს ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობის პრინციპების პრაქტიკული ხორცშესხმის უზრუნველყოფაში. დღეისათვის ამ ტიპის ღონისძიებები შედგა შემდეგ ქვეყნებში: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, “ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია” და უკრაინა.

საარჩევნო საწვრთნელი კურსი აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით (ბაქო, 2005 წლის სექტემბერი)

ეს კურსი ორგანიზებულ იქნა 2005 წლის 6 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში. უმთავრესი თემები გახლდათ:

  • წინასაარჩევნო პერიოდი, კანდიდატთა, მათ წარმომადგენელთა/ნდობით აღჭურვილ პირთა უფლებები და მოვალეობები წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს; საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებები და მოვალეობები;
  • ეროვნულ და საერთაშორისო დამკვირვებელთა უფლებები და მოვალეობები კენჭისყრის დღეს და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში;
  • არჩევნების დღე, კენჭისყრა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა უფლებები და მოვალეობები;
  • ხმების დათვლა და შედეგების გამოცხადება, საარჩევნო დავები.

არჩევნების მხარდამჭერი მისიები

საჭიროების შემთხვევაში, ვენეციის კომისია დახმარებას უწევს ეროვნულ ხელისუფლებებს საარჩევნო კანონმდებლობის ხორცშესხმაში. მაგალითად, 2003 წლის მაისში ვენეციის კომისია დაეხმარა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს საარჩევნო დავის გადაჭრაში, რომელიც წარმოიშვა 2003 წლის 19 თებერვლისა და 2003 წლის 5 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებიდან გამომდინარე. ამ ტიპის დახმარების სხვა მაგალითია ვენეციის კომისიის მხარდაჭერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისადმი 2003 წელს, ამავე წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მოგვიანებით კი 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან და 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიამ დახმარება აღმოუჩინა ასევე აჭარის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2004 წლის ივნისში. 2005 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოს ახლადარჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თხოვნაზე გამოხმაურების სახით, ვენეციის კომისიამ მის განკარგულებაში გამოყო საარჩევნო სამართლის სფეროს ექსპერტი, რომელიც დაეხმარა საარჩევნო ადმინისტრაციას მომავალი არჩევნების მომზადების სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების გარშემო. აგრეთვე, 2006 წელს ვენეციის კომისიამ რამდენიმე გზის ადგილზე მიავლინა ექსპერტი, რაც მიზნად ისახავდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობის გაუმჯობესებას.

მონაცემთა ბაზა “Vota”

ვენეციის კომისიის სამდივნოს მიერ შექმნილი “Vota” მონაცემთა ბაზის ძირითადი მიზანია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებსა და კომისიის საქმიანობაში ჩართულ სხვა სახელმწიფოებში, მაგალითად ყირგიზეთსა და კანადაში მოქმედ საარჩევნო კანონმდებლობათა ხელმისაწვდომობის გაადვილება. ის უკვე მოიცავს დაახლოებით 30 წევრი სახელმწიფოს 60 კანონს. ამჟამად ეს კანონები ხელმისაწვდომია ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, მოკლე ხანში კი ხელმისაწვდომი იქნება მათ ორიგინალურ ენაზეც. საკონსტიტუციო დებულებები, ისევე როგორც ვენეციის კომისიის მიერ საარჩევნო სფეროში შემუშავებული მოსაზრებები და კვლევები თანდათანობით ემატება მონაცემთა ბაზას.

სასარგებლო ბმულები:

მონაცემთა ბაზა “Vota”; არჩევნების მმართველ ორგანოთა ფორუმი “VOTA” (შეზღუდულად ხელმისაწვდომი)

პოლიტიკური პარტიები

უკვე რამდენიმე წელია, ვენეციის კომისია მუშაობს პოლიტიკური პარტიების საკითხზე, რომლებიც ფუნდამენტურ როლს თამაშობენ დემოკრატიულ ცხოვრებაში.

ვენეციის კომისიის ძირითადი კვლევები პოლიტიკური პარტიების შესახებ გახლავთ:

- მართებული ქცევის კოდექსი პოლიტიკური პარტიების სფეროში

პოლიტიკური პარტიების სფეროში მართებული ქცევის კოდექსი ერთ დოკუმენტში აერთიანებს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ეს დოკუმენტი, რომელიც გამიზნულია თავად პარტიებისთვის და არა სახელმწიფოებისთვის, დასაწყისში კიდევ ერთხელ ჩამოთვლის სახელმძღვანელო პრინციპებს პოლიტიკური პარტიებისთვის: კანონის უზენაესობა, დემოკრატია, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, გამჭვირვალობა და გახსნილობა. პოლიტიკური პარტიების შიდა ორგანიზებასთან მიმართებაში ის აღნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს უნდა გააჩნდეს არჩევანის თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, გაწევრიანდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიაში და თუ რომელ მათგანში გაწევრიანდეს. საუკეთესო პრაქტიკის შემთხვევებში, საჭიროა, გარიცხვის პროცედურა გადაეცეს დისციპლინარულ ორგანოებს და არსებობდეს ნათელი პროცედურები დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად. პოლიტიკური პარტიები ორგანიზებულ უნდა იქნეს წარმომადგენლობითობისა და გახსნილობის, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების, ისევე როგორც გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. პარტიული ხელმძღვანელები ნებისმიერ სტრუქტურულ საფეხურზე უნდა იყვნენ დემოკრატიულად არჩეულნი. პარტიის დაფინანსება უნდა შეესაბამებოდეს ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა პროგრამის შემუშავება, რომელიც, საუკეთესო პრაქტიკის შემთხვევაში, პარტიის წევრთა შორის დისკუსიის შედეგს წარმოადგენს და აგრეთვე მისი მოწონება დადგენილი პროცედურების თანახმად. პროგრამები ხელმძღვანელობს პარტიის მოქმედებებს მაშინ, როცა ის ხელისუფლებაშია. უფრო ფართო გაგებით, ამ კოდექსის ზოგადი ფუძემდებლური პრინციპები შეეხება პარტიებს მათი როგორც ხელისუფლებაში, ისე ოპოზიციაში მოღვაწეობის პერიოდში. პარტიის წევრები ცალსახად უნდა მიჯნავდნენ თავიანთ პარტიულ კუთვნილებასა და სამსახურებრივ მოვალეობებს.

- სახელმძღვანელო პრინციპები პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და დაშლის შესახებ და სხვა ანალოგიური ზომები

ეს კვლევა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობა უზრუნველყოფილია შეკრების თავისუფლების საფუძველზე. კერძოდ, ის მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ან იძულებითი დაშლა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა პარტიები მოუწოდებენ ძალის გამოყენებას ან იყენებენ მას, როგორც პოლიტიკურ საშუალებას, რათა დაამხონ დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგი, რითაც ძირს უთხრიან კონსტიტუციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თუ დაშლის განსახორციელებლად მიღებული სამართლებრივი ზომები უნდა გამომდინარეობდეს არაკონსტიტუციურობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებიდან და მიჩნეულ იყოს, როგორც გამონაკლისი, ნახელმძღვანელები პროპორციულობის პრინციპით.

- პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ სახელმძღვანელო წესები და ანგარიში

ეს ანგარიში აღნიშნავს, რომ საჯარო დაფინანსების გაცემის შემთხვევაში, ის უნდა მიეკუთვნოს, სულ მცირე, პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას. ის ხაზს უსვამს პარტიების კერძო წყაროებიდან დაფინანსების გამჭვირვალობას და შესაძლო შეზღუდვებს (თითოეული შემოწირულობის მაქსიმალური ზღვარი, ინდუსტრიული ან კომერციული ხასიათის საწარმოებიდან ან რელიგიური ორგანიზაციებიდან შემოწირულობების აკრძალვა, პარტიების იმ წევრთა შემოწირულობების წინასწარი კონტროლი საარჩევნო საკითხებზე სპეციალიზებული საჯარო ორგანოების მიერ, რომელთაც სურთ თავიანთი კანდიდატურის წამოყენება არჩევნებში). რაც შეეხება საარჩევნო კამპანიებს, მისი რეკომენდაციები შეეხება დანახარჯების ზედა ზღვარს და კამპანიების საჯარო დაფინანსებას და იმავდროულად აღნიშნავს კერძო წყაროებიდან დაფინანსების დაშვების საჭიროებას.

- მოსაზრება პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური წყაროებიდან ფინანსურ შემოწირულობათა მიღების აკრძალვის შესახებ

ეს მოსაზრება შემუშავდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თხოვნის საფუძველზე და შეისწავლის, არის თუ არა პოლიტიკური პარტიების მიერ უცხოური წყაროებიდან ფინანსურ შემოწირულობათა მიღების აკრძალვა “აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში” ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ის ასკვნის, რომ ეს შეიძლება იყოს ამგვარად, თუკი უცხოური წყაროებიდან მიღებული დაფინანსება გამოიყენება სახელმწიფოს კონსტიტუციასთან და კანონებთან შეუსაბამო მიზნების მისაღწევად (მაგალითად, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია ამართლებს დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა დარღვევას); თუკი ის ძირს უთხრის პოლიტიკური შეჯიბრის სამართლიანობას ან მთლიანობას ან საარჩევნო პროცესს უბიძგებს გადაცდომებისკენ ან საფრთხეს უქმნის ეროვნულ ტერიტორიულ მთლიანობას; თუკი ის ხელს უშლის ეფექტურ დემოკრატიულ განვითარებას; თუკი ამგვარი აკრძალვა არის სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი. იმის განსასაზღვრად, არის თუ არა უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების აკრძალვა პრობლემატური ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის თვალთახედვით, საჭიროა ყველა ცალკეული შემთხვევის დამოუკიდებლად შესწავლა, პარტიების დაფინანსების შესახებ ზოგადი კანონმდებლობის, ისევე როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების კონტექსტში:

- სახელმძღვანელო წესები და განმარტებითი ანგარიში პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონმდებლობის გარშემო: ზოგიერთი განსაკუთრებული საკითხი

- ანგარიში პოლიტიკური პარტიების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

გარდა ამისა, ვენეციის კომისიამ მიიღო მთელი რიგი მოსაზრებები პოლიტიკური პარტიების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფოს (სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა) კანონმდებლობის გარშემო.

ვენეციის კომისიის ვებგვერდი:

http://www.venice.coe.int/


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.