ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

საპარლამენტო ასამბლეა

საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს ორი ძირითადი საწესდებო ორგანოდან ერთ-ერთია და ასახავს წევრ სახელმწიფოებში არსებულ ძირითად პოლიტიკურ ტენდენციებს. ის თავს მიიჩნევს მამოძრავებელ ძალად ევროპული თანამშრომლობის განვრცობის თვალსაზრისით კონტინენტის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში.

 

ევროპის "დემოკრატიული სინდისი"

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა პირველი ევროპული ასამბლეაა ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. ამასთან, 47 ეროვნული პარლამენტის დელეგაციათა შემომკრები, ის არის ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმიც.

ასამბლეა თავად განსაზღვრავს საკუთარ სამუშაო პროგრამას და განიხილავს მიმდინარე თუ პოტენციური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის, თანამედროვე სოციალურ პრობლემებსა და საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებს.

ასამბლეის დებატების შედეგები იძლევა მნიშვნელოვან ორიენტირებს მინისტრთა კომიტეტისა თუ სამთავრობათშორისო სექტორებისათვის და ზეგავლენას ახდენს მთავრობებზეც, როდესაც კანონმდებლები მათ თავიანთ ეროვნულ პარლამენტებამდე მიიტანენ.

90-იანი წლების დასაწყისში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა ასამბლეის წინაშე დასახა უნიკალური ამოცანა, მიეღო ისინი ევროპის დემოკრატიულ ოჯახში და ხელი შეეწყო მჭიდრო საპარლამენტო თანამშრომლობისათვის ყველა ევროპულ სახელმწიფოს შორის. ამ გზით შეიტანა ასამბლეამ თავისი წვლილი გამყოფი ხაზებისგან თავისუფალი, დიდი ევროპის შენების საქმეში.

1989 წელს, საპარლამენტო ასამბლეის მიერ დაწესდა სპეციალური სტუმრის სტატუსი. ამან საშუალება მისცა საპარლამენტო დელეგაციებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალბედა პლურალისტური დემოკრატიის მქონე ქვეყნებიდან, დასწრებოდნენ მის პლენარულ სხდომებსა და სხვადასხვა კომიტეტის შეხვედრებს. ამ სახის კავშირებმა და გაცვლითმა პროცესებმა ხელი შეუწყო დემოკრატიის განვრცობას და მათ გაწევრიანებას ევროპის საბჭოში.

სტრუქტურა და ორგანიზება: ევროპულ დემოკრატიათა ასახვა

საპარლამენტო ასამბლეის 318 წევრი და მათი შემცვლელები აირჩევიან ან ინიშნებიან ეროვნული პარლამენტების მიერ თავიანთ წევრთა რიგებიდან. თითოეულ სახელმწიფოს გააჩნია 2-დან 18-მდე წარმომადგენელი, შესაბამისად მათი მოსახლეობის რაოდენობისა. ეროვნულ დელეგაციათა შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა თუ ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას.

ასამბლეაში ხუთი პოლიტიკური ჯგუფია: სოციალისტური ჯგუფი (SOC), ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი (EPP/CD), ლიბერალთა, დემოკრატთა და რეფორმატორთა ჯგუფი (LDR), ევროპის დემოკრატიული ჯგუფი (EDG) და გაერთიანებულ ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფი (UEL). თუმცა, ზოგიერთი წევრი ამჯობინებს, არ მიუერთდეს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს.

ასამბლეა იკრიბება ყოველკვარტალურად ერთი კვირის განმავლობაში და მართავს პლენარულ სხდომებს სტრასბურგში, ევროპის სასახლის დარბაზში. სხდომები საჯარო ხასიათისაა. ის მართავს, ასევე, საგაზაფხულო შეხვედრებს რომელიმე წევრ სახელმწიფოში.

ასამბლეა პრეზიდენტს ირჩევს თავის წევრთა რიგებიდან, ტრადიციულად მაქსიმუმ სამი სესიის ვადით. პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი (ამჟამად 20), 5 პოლიტიკური ჯგუფისა და ათი კომიტეტის თავმჯდომარეები ქმნიან ასამბლეის ბიუროს.

საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს, ასევე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და გენერალური მდივნის მოადგილეს, ასამბლეის გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს.

მისი სამუშაო მზადდება სპეციალისტთა კომიტეტების ფარგლებში, რომელთა საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროებს: პოლიტიკური და სამართლებრივი საკითხები და ადამიანის უფლებები, სოციალური, ჯანმრთელობისა და ოჯახური საკითხები, კულტურა, მეცნიერება და განათლება, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი და რეგიონული საკითხები, ეკონომიკა და განვითარება, მიგრაცია, ლტოლვილები და დემოგრაფია, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი შესაძლებლობები, პროცედურული და საიმუნიტეტო საკითხები და წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა და მოვალეობათა შესრულება.

დებატები ევროპული და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე

ყოველი სხდომის დღის წესრიგში ფიგურირებს დებატები ევროპულ და მსოფლიო მოვლენათა შესახებ. ასამბლეა განსაკუთრებულ აქცენტს სვამს საკითხებზე, რომლებიც საჭიროებს რეაგირებას ევროპულ დონეზე. აღნიშნულ დებატებში აქტიური მონაწილეობა მიუღიათ მსოფლიოს საპატიო პირებსა და სახელმწიფოს მეთაურებს (იოანე პავლე II, მიხეილ გორბაჩოვი, ვაცლავ ჰაველი, ვიქტორ იუშჩენკო და მრავალი სხვა).

გარდა ამისა, ასამბლეა წარმოადგენს ფორუმს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და გაეროს არაერთი დარგობრივი სააგენტო.

ზოგიერთი კომიტეტის მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რითაც ღირებული წვლილი შეაქვთ ასამბლეის მნიშვნელოვან წამოწყებათა განხორციელებაში

ინიციატივები და შედეგები

1989 წლიდან ასამბლეა ქმედით როლს თამაშობს კრიზისების მართვაში მთელი ევროპის მასშტაბით. ამასთან, დებატები ხშირად ემყარება ადგილზე ჩატარებული ვიზიტების შედეგებსა და დიალოგს შესაბამის სახელმწიფოებთან. შესაბამისად, ის ხელს უწყობს ევროპის საბჭოს პოლიტიკური როლის განმტკიცებას.

ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტებში მოცემულია მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპები მინისტრთა კომიტეტის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების სხვა მნიშვნელოვანი სექტორებისათვის. გარდა ამისა, ასამბლეის ინიციატივით შემუშავდა მრავალი საერთაშორისო ხელშეკრულება (ევროპული კონვენცია) და სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომლებიც საფუძვლად უდევს კანონმდებლობის ჭეშმარიტად ევროპულ სისტემას.

ყველაზე უკეთ ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ხელმოსაწერად გახსნილი 1950 წელს (იხ. ქვეთავი “ადამიანის უფლებები: დაცვა, ხელშეწყობა და პრევენცია”). ყველა კონვენციის პროექტთან დაკავშირებით, მათ საბოლოოდ მიღებამდე, ასამბლეას საკონსულტაციოდ მიმართავს მინისტრთა კომიტეტი.

ასამბლეა მართავს, ასევე, კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და საჯარო საპარლამენტო მოსმენებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ძალადობა, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, იმიგრაცია, ნარკოტიკები, ბიოეთიკა და მედია. ეს აყალიბებს მუდმივ დიალოგს პარლამენტარებსა და სპეციალისტებს შორის

საპარლამენტო თანამშრომლობის მშენებლობა

ასამბლეას საგარეო კავშირები გააჩნია წევრ და არაწევრ სახელმწიფოთა ეროვნულ პარლამენტებთან, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებთან და სამთავრობათშორისო ორგანიზაციებთან. ამ კავშირებს განაგებს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო.

ეროვნულ პარლამენტებთან ურთიერთობები რეგულირდება დებულებებით წევრობის, სპეციალური სტუმრისა თუ დამკვირვებლის სტატუსის შესახებ. ასამბლეის კონტაქტები ვრცელდება, აგრეთვე, ევროპარლამენტზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საპარლამენტთაშორისო კავშირზე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაზე და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციათა საპარლამენტო ასამბლეებზე, როგორიც არის დასავლეთ ევროპის კავშირი, ბენილუქსი, ჩრდილოეთის საბჭო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.

მომავალი

დღიდან დაარსებისა 60 წლის წინ, საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს მოქნილ სისტემას. სახელდობრ, მან გამოავლინა ადაპტირების უნარი უკანასკნელი წლების დრამატული ცვლილებების მიმართ. მას გარდა, არც ერთი სხვა საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი არ აღმოჩნდა სათანადოდ აღჭურვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალ დემოკრატიულ სისტემათა მოსაქცევად ევროპელ ერთა ოჯახში. უპირატესობას წარმოშობს მის წევრთა იმავდროულად ეროვნული პარლამენტების წევრობაც, რაც უზრუნველყოფს ასამბლეის მჭიდრო კავშირს ეროვნულ მიდგომებთან.

საპარლამენტო ასამბლეას ყოველთვის ენიჭებოდა, ასევე, წამყვანი როლი კანდიდატ სახელმწიფოთა გასაწევრიანებლად მზადების პროცესში. ის არის განვითარებად დემოკრატიულ სისტემათა მხარდამჭერი და მეთვალყურეობს წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მათი გაწევრიანების შემდგომ.

რაში მდგომარეობს განსხვავება?

საპარლამენტო ასამბლეა მოიცავს ევროპის საბჭოს თითოეული 47 წევრი სახელმწიფოს პარლამენტების წევრებს.

ევროპარლამენტი შედგება ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში პირდაპირი კენჭისყრით არჩეულ წარმომადგენელთაგან.

წევრი სახელმწიფოები და მათ წარმომადგენელთა რაოდენობა

ალბანეთი (4), ანდორა (2), სომხეთი (4), ავსტრია (6), აზერბაიჯანი (6), ბელგია (7), ბოსნია და ჰერცეგოვინა (5), ბულგარეთი (6), ხორვატია (5), კვიპროსი (3), ჩეხეთის რესპუბლიკა (7), დანია (5), ესტონეთი (3), ფინეთი (5), საფრანგეთი (18), საქართველო (5), გერმანია (18), საბერძნეთი (7), უნგრეთი (7), ისლანდია (3), ირლანდია (4), იტალია (18), ლატვია (3), ლიხტენშტეინი (2), ლიტვა (4), ლუქსემბურგი (3), მალტა (3), მოლდოვა (5), მონაკო (2), მონტენეგრო (3), ნიდერლანდები (7), ნორვეგია (5), პოლონეთი (12), პორტუგალია (7), რუმინეთი (10), რუსეთის ფედერაცია (18), სან მარინო (2), სერბია (7), სლოვაკეთი (5), სლოვენია (3), ესპანეთი (12), შვედეთი (6), შვეიცარია (6), “იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია” (3), თურქეთი (12), უკრაინა (12), გაერთიანებული სამეფო (18).

დამკვირვებლის სტატუსი

კანადის, ისრაელისა და მექსიკის პარლამენტებს მინიჭებული აქვთ დამკვირვებლის სტატუსი საპარლამენტო ასამბლეაში.

სპეციალური სტუმრის სტატუსი

ბელორუსის პარლამენტს სპეციალური სტუმრის სტატუსი შეუჩერდა 1997 წლის 13 იანვარს.

ბიბლიოგრაფია

ევროპის საბჭოს გამოცემები

An Assembly for Europe. The Council of Europe’s Parliamentary Assembly 1949 - 1989
(2006), ISBN-10: 92-871-6029-5; ISBN-13: 978-92-871-6029-4
The new role of national parliaments in pan-European construction: Proceedings (Paris, 28-29 March 1996)
(1998), ISBN 978-92-871-3049-5
The Parliamentary Assembly - Practice and Procedure
(2009), ISBN 978-92-871-6485-8
International parliaments
(2008), ISBN 978-92-871-6450-6
Taking Europe to heart - A tour of the Europe Prize towns
(2005), ISBN 978-92-871-5781-2
Why we are liberals - liberal Democratic and Reformers' Group - Parliamentary assembly
(1998), ISBN 978-92-871-3677-0
The PACE News
The Assembly’s monthly electronic newsletter

ინტერნეტ გვერდი

საპარლამენტო ასამბლეა
http://assembly.coe.int


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.