ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

სამართლებრივი თანამშრომლობა

ევროპის საბჭოს საქმიანობა სამართლის სფეროში მნიშვნელოვანია ევროპული კანონმდებლობის განვითარებისათვის, ისევე როგორც ყველა წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო სისტემათა ჰარმონიზებისა და მოდერნიზებისათვის საბჭოს ერთიან სტანდარტებზე დაყრდნობით. მისი მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების შექმნისა და მათი განვითარების წახალისება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, ისევე როგორც კანონის უზენაესობის დამკვიდრებისადმი ხელის შეწყობა.

მიზნები:

  • სამართლის განვითარების წახალისება, როგორც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ინსტრუმენტისა;
  • მართლმსაჯულების გადაქცევა ეფექტიანად და ხელმისაწვდომად ყველა მოქალაქისათვის;
  • საერთო გამოსავლის მოძიება მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესიდან გამომდინარე ეთიკური და სამართლებრივი რიგის ახალ პრობლემებთან მიმართებაში.

მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება

საბჭოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზრუნავს წარმოადგენს ეფექტიანი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელშეწყობა, რაც ასახულია მის მრავალ სამართლებრივ ინსტრუმენტში. მისი საქმიანობა ემსახურება, ერთის მხრივ, მოსამართლეთა მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, რაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო, მეორეს მხრივ კი, სამართლებრივი სისტემის ეფეექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების პრაქტიკულ საშუალებათა დანერგვას, კერძოდ, მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის მეშვეობით. ეს ორგანო პასუხისმგებელია წევრ სახელმწიფოთა მართლმსაჯულების სისტემების შეფასებაზე.

ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ძალისხმევით დაწესებული სამოქალაქო მართლმსაჯულების ევროპული დღე, რომელიც ყოველწლიურად 25 ოქტომბერს აღინიშნება, მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სისტემის მართებულ აღქმას საზოგადოების მხრიდან.

წვრთნა იურისტთათვის

იმისათვის, რათა მართლმსაჯულების ეფექტიანმა სისტემამ უზრუნველყოს კანონის უზენაესობა, ევროპის საბჭო ჩაბმულია მართლმსაჯულების მთელი სისტემის კადრების მომზადების პროცესში, ესენი არიან მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, მდივნები, სასამართლოს გამწესრიგებლები და ნოტარიუსები, ისევე როგორც პოლიციისა და ციხის თანამშრომლები. ორგანიზაცია ზრუნავს საწვრთნელ სტრუქტურათა ჩამოყალიბებაზე, როგორიც არის მოსამართლეთა სკოლები (კერძოდ, ლისაბონის ქსელის მეშვეობით) და პოლიციის აკადემიები.

ევროპის საბჭო ბიძგს აძლევს იურისტთა უშუალო კონტაქტებს და აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპებს სამართლის სფეროს სხვადასხვა პროფესიის ორგანიზებისათვის. რეგულარულ შეხვედრებსა და კონფერენციებზე თავს იყრიან ყველა ამ პროფესიის წარმომადგენლები - ევროპის უზენაეს სასამართლოთა პრეზიდენტები, მოსამართლეები, გენერალური პროკურორები მთელი ევროპიდან და ადვოკატთა ასოციაციების წევრები

ბრძოლა ტერორიზმთან

ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად არის ქცეული ტერორიზმთან ბრძოლა საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით. კონვენცია ტერორიზმის დაძლევის შესახებ მისი ოქმითურთ, ისევე როგორც კონვენცია ექსტრადიციის შესახებ, აქტიურად იქნა გაზიარებული როგორც წევრ, ასევე არაწევრ სახელმწიფოთა მხრიდან. საკანონმდებლო საქმიანობა მუდმივი პროცესია: სამოქმედო გეგმა არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს შეუსაბამებს ახალ საერთაშორისო კონტექსტს და განამტკიცებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ეს კი გულისხმობს ტერორიზმის ფინანსურ წყაროებთან ბრძოლას, სპეციალურ საგამოძიებო ტექნიკას, მოწმეთა და ინფორმატორთა დამცავი სქემების გაუმჯობესებას, დაზარალებულთა დახმარების პროგრამებსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების სტანდარტიზებას. უკვე გამოქვეყნებულ იქნა მოხსენება “ტერორიზმის აპოლოგიისა” და “ტერორიზმისაკენ წაქეზების” ცნებათა შესახებ.

ბრძოლა კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ფულის გათეთრებასთან

ევროპის საბჭოს გააჩნია მრავალდისციპლინური მიდგომა კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და ფულის
გათეთრებასთან ბრძოლაში. ის ეფუძნება სამ ურთიერთდაკავშირებულ საყრდენს: ევროპული სტანდარტები (სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ და მისი ოქმი, სამოქალაქო სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ, კონვენცია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სარგებლის გათეთრების, მოძიების, დაყადაღებისა და კონფისკაციის შესახებ და მთელი რიგი რეკომენდაციებისა თუ გადაწყვეტილებებისა), ამ სტანდარტებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობა (სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) კორუფციასთან, ხოლო ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ზომათა და ტერორიზმის დაფინანსების შემფასებელი ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL) კი ფულის გათეთრებასთან მიმართებაში), და ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამები, გამიზნული ამ დანაშაულებთან საბრძოლო სიმძლავრეების გაზრდისათვის.

კიბერსივრცის დაცვა

ევროპის საბჭოს კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ ძალაშია 2004 წლის 1 ივლისიდან. ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც დანაშაულად ცნობს კომპიუტერული ქსელების საშუალებით ჩადენილ დარღვევებს და შეეხება, განსაკუთრებით, საავტორო უფლებებს, კომპიუტერულ თაღლითობას, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ქსელების უსაფრთხოებას. მისი დამატებითი ოქმი კი დანაშაულად ცნობს კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ჩადენილი რასისტული და ქსენოფობიური ხასიათის ქმედებას.

ბავშვთა დაცვა

ევროპის საბჭო განსაკუთრებულად ინტერესდება ბავშვთა დაცვის საკითხებით. ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმა და რეკომენდაცია ევროპულ დონეზე მიღებულ იქნა 2001 წლის ნოემბერში.

სამოქალაქო სამართლის სფეროში ბავშვთა დაცვის მექანიზმები განმტკიცებულ იქნა ნორმებით, რომელთა მეშვეობით უზრუნველყოფილია რეგულარული კონტაქტები ბავშვებსა და მშობლებს შორის, ისევე როგორც მეურვეობა და ქვეყნების საზღვრებს მიღმა ურთიერთობები. ნორმები შეეხება, აგრეთვე, მშობლის სტატუსის განსაზღვრის საკითხსაც.

ბიოეთიკა, ქსენოტრანსპლანტაცია, ბიოტექნოლოგია და საკვების უსაფრთხოება

ბიოსამედიცინო კვლევებისას ადამიანთა დაცვა ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა. ევროპის საბჭო გახლავთ პირველი ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა კონვენცია ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის შესახებ, მის დამატებით ოქმებთან ერთად, რათა მოეცვა მეცნიერულ მიღწევათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა. აღნიშნული ინსტრუმენტები კრძალავს ადამიანთა კლონირებას და შეეხება ორგანოთა გადანერგვასა და ბიოსამედიცინო კვლევებს. შემუშავების სტადიაშია, აგრეთვე, ადამიანის გენეტიკასთან და ადამიანის ემბრიონისა და ნაყოფის სტატუსთან დაკავშირებული ოქმები.

გარდა ამისა, ცხოველთა მიმართ არასწორმა მოპყრობამ დააჩქარა ცხოველთა დამცავი სხვადასხვა კონვენციის შემუშავება, კერძოდ, მათი დაცვის შესახებ საერთაშორისო გადაზიდვებისას თუ კვებითი პროგრამების გამოყენებისას.

ფსიქიატრია და ადამიანის უფლებები

ევროპის საბჭო უზრუნველყოფს სამართლებრივ დაცვას ფსიქიატრიულ დაწესებულებათა სავალდებულო პაციენტების მიმართაც (ამ მიზანს ემსახურება სპეციალური რეკომენდაცია).

საკანონმდებლო რეფორმები

ევროპის საბჭო თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან, რათა უზრუნველყოს მათ საკანონმდებლო სისტემათა შესაბამისობა ევროპულ ნორმებთან. აღნიშნული დახმარება მოიცავს სამართლის ყველა ასპექტს - სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებიდან კონკრეტულ კანონებამდე, როგორიცაა მაგალითად კანონები ბიოეთიკისა თუ მონაცემთა დაცვის შესახებ. ის გასცემს საექსპერტო მოსაზრებებს იურიდიული დოკუმენტების შინაარსთან დაკავშირებით.

იმავდროულად, ევროპის საბჭო წევრ სახელმწიფოებს ეხმარება ახალი კანონმდებლობის შემუშავებისას ეფექტიანი საკანონმდებლო პროცედურებისა და თანამედროვე ტექნიკის განვითარებაში. აღნიშნულის მიზანია სამართლებრივ სისტემათა მეტი ერთგვაროვნება და სიცხადე ფართო საზოგადოებისათვის.

კონსტიტუციები და კონსტიტუციური საკითხები

კონსტიტუცია სახელმწიფოს უმთავრესი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც აფუძნებს და ორგანიზებას უწევს მის ინსტიტუციურ სისტემას; ის წარმოადგენს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს საყრდენს. ევროპის საბჭო გვევლინება აქტიურად ჩაბმული საკონსტიტუციო საკითხებზე წარმართულ დებატებსა თუ კონფლიქტების მოგვარების ინსტიტუციური გზების მოძიებაში. ევროპული კომისია დემოკრატიისათვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია) არის ფორუმი, სადაც სახელმწიფოებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოიპოვონ ინფორმაცია, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და განიხილონ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებული იდეები და პროექტები.

უცხოელები და მოქალაქეები

ინფორმაციის შემგროვებელი და ურთიერთგამცვლელი ფორუმის როლში, ევროპის საბჭო, კონსენსუსზე დაყრდნობით, ეძიებს სათანადო გადაწყვეტილებებს საკითხებზე, რომლებიც მოიცავს ნატურალიზაციას, თავშესაფრის მოთხოვნას, ადამიანთა თავისუფალ გადაადგილებას, აპატრიდობასა და მასთან დაკავშირებულ იურიდიულ გართულებებს. ამ სფეროში ამჟამად მოქმედებს ერთადერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი - ევროპული კონვენცია მოქალაქეობის შესახებ.

დანაშაულის აღკვეთა

ევროპის საბჭოს მიერ განისაზღვრება სახელმძღვანელო ნორმები სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთისა და არასრულწლოვანთა დანაშაულის საკითხებში. ის ახორციელებს ეროვნული პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასებას და განსაზღვრავს პრინციპებს, რომელთაც, სასურველია, მისდიონ სახელმწიფოებმა, რათა მეტი ეფექტიანობა შესძინონ ამ სფეროში მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას.

კონვენციათა გამოყენება სისხლის სამართლის სფეროში

ამ სფეროში მიღებულ იქნა რამდენიმე მთავარი სამართლებრივი ინსტრუმენტი. მათ შორის არის კონვენციები ექსტრადიციის, სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარებისა და მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ. ხორციელდება ამ საერთაშორისო ხელშეკრულებათა კონტროლი და მათში შესწორებების შეტანა პრაქტიკული გამოყენებისათვის. ევროპის საბჭო აქტიურად უწყობს ხელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების განხორციელებასაც.

პოლიცია და უშიშროების საშინაო სამსახურები

წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე რეფორმათა მხარდაჭერის მიზნით, 2001 წელს მიღებულ იქნა პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი, რომლის განხორციელებას მეთვალყურეობდა სპეციალური საკონსულტაციო კომიტეტი. ეთიკის კოდექსი წარმოადგენს საბაზისო დოკუმენტს საბჭოს თანამშრომლობისას წევრ სახელმწიფოებთან.

სასჯელაღსრულების სისტემა

ევროპის საბჭო მისი წევრი სახელმწიფოებისათვის განსაზღვრავს სახელმძღვანელო პრინციპებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საარსებო პირობათა გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამჟამად მთავარ საკითხებს შორისაა პირობითი მსჯავრი, გრძელვადიან პატიმართა მართვა და წინასწარი პატიმრობა. იმავდროულად, განიხილება პატიმრობის ალტერნატიული მექანიზმებიც. სამუშაო ჯგუფებში მონაწილე ექსპერტები პასუხისმგებელნი არიან წევრ სახელმწიფოთა დახმარებაზე ციხის რეფორმის გატარებაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებში.

საერთაშორისო საჯარო სამართალი

ევროპის საბჭო ესწრაფვის ჩარჩოების ჩამოყალიბებას საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობისათვის, რათა განამტკიცოს საერთაშორისო საჯარო სამართლის როლი და ზეგავლენა მოახდინოს ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე, რაც აამაღლებს სახელმწიფოებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს. იურისტ მრჩეველთა შორის კონტაქტების გაღრმავების წახალისებით, ის ხელს უწყობს დებატებსა და ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

ადმინისტრაციული სასამართლოები და საჯარო ადმინისტრირება

ევროპის საბჭო განსაკუთრებულად დაინტერესებულია სასამართლო დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობების გამყარებით. მისი საზედამხედველო მექანიზმები უზრუნველყოფს კანონის დაცვას ხელისუფლების ორგანოთა მიერ და ადმინისტრაციული აქტების ეფექტიან მეთვალყურეობას მოსამართლეთა მხრიდან.

საოჯახო სამართალი

ევროპის საბჭომ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა საოჯახო სამართლის ნორმათა ჰარმონიზებისაკენ. ის უშუალოდ მონაწილეობს ინდივიდთა პირად ცხოვრებაში გამოვლენილ პრობლემათა მოგვარებაში, განსაკუთრებულ აქტივობას ავლენს ბავშვთა დაცვის საქმეში და მიღებული აქვს ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებებით სარგებლობის შესახებ.

სამოქალაქო საზოგადოება

ევროპის საბჭო ავტორია ერთადერთი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტისა სამოქალაქო საზოგადოების სფეროში - ეს არის ევროპული კონვენცია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციათა იურიდიულ პირად ცნობის შესახებ. 2003 წელს კი ევროპის საბჭომ გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაციათა სამართლებრივი სტატუსის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპები. სახელმწიფოებს, რომელთაც სურთ მტკიცე სამართლებრივი ბაზის შექმნა თავიანთ საზღვრებს შიგნით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათათვის, უნდა განახორციელონ აღნიშნული პრინციპების ჩართვა თავიანთ კანონმდებლობაში.

მონაცემთა დაცვა

ნებისმიერი პიროვნული და სამედიცინო მონაცემი უნდა იყოს დაცული ინდივიდის პირადი ცხოვრების დაცულობის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული გულისხმობს სტატისტიკური თუ სადაზღვევო მიზნებით შეგროვებულ ინფორმაციას, პოლიციისა და მართლმსაჯულების სისტემებში არსებულ მონაცემებს, ვიდეომეთვალყურეობის შედეგად თუ მიკროპროცესორული ბარათებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. კონფიდენციალობა გარანტირებულია კონვენციით ინდივიდთა დაცვის შესახებ პიროვნულ მონაცემთა ავტომატური დამუშავებისას, რომელსაც თან ერთვის ოქმი საზედამხედველო ორგანოებისა და მონაცემთა საზღვრებს მიღმა მოძრაობის შესახებ და სხვა რამდენიმე სპეციალური რეკომენდაცია.

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია

მიზნები:

  • ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის ხელშეწყობა, გამოცდილების ურთიერთგაცვლა და პოლიტიკის განსაზღვრა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ადმინისტრაციული და სამართლებრივი სტრუქტურებისა და ფინანსების სფეროში;
  • საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის წახალისება ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის და ევროპის რეგიონების კულტურულ და ლინგვისტურ მრავალსახეობათა წარმოჩენა.

ევროპის საბჭო მიზნად ისახავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებას, ძალაუფლების დელეგირებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის წახალისებას ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობაში. ამ მიზნებით, შემუშავებულ იქნა ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. შესაბამისად, ევროპის საბჭოს საქმიანობა მოიცავს ყველა საკითხს, დაკავშირებულს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების სამართლებრივ ჩარჩოებთან, სტრუქტურებთან, მოვალეობებთან, რესურსებთან და მათ ფუნქციონირებასთან.

თანამშრომლობის პროგრამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს საკანონმდებლო სფეროში მხარდაჭერის, სხვადასხვა სახელისუფლებო დონეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილებისა და მათ შორის ურთიერთკავშირების მიმართ. ის უზრუნველყოფს, ასევე, საკანონმდებლო და ტექნიკური ხასიათის დახმარებას ადგილობრივ და რეგიონულ ფინანსურ სისტემათა დაგეგმარებასა და მუნიციპალური საზოგადოებრივი მომსახურების მართვაში, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების პერსონალისა და არჩევით წარმომადგენელთა სწავლებაში, ისევე როგორც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციათა დაარსებასა და მათ ფუნქციონირებაში.

საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის განმტკიცება

სასაზღვრო რეგიონები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მზერას თავიანთ საზღვრებს მიღმა, რამაც დასახა ახალი პერსპექტივები საზღვრებს მიღმა პარტნიორობისათვის (მაგალითად, ევრორეგიონთა დაარსება). ევროპული ჩარჩო-კონვენცია ტერიტორიულ თემებსა და ხელისუფლებებს შორის საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის შესახებ წარმოადგენს სამართლებრივ ბაზისს საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის სფეროში.
ევროპის საბჭოს პოლიტიკას გააჩნია ორი მიზანი: ნდობისა და კეთილმეზობლურ ურთიერთობათა გამყარება და ნებისმიერი სახის (განსაკუთრებით სამართლებრივი) წინააღმდეგობის დაძლევა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის თანამშრომლობის სფეროში.

რეგიონული და უმცირესობათა ენები

რეგიონული და უმცირესობათა ენები ევროპის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია და ამდენად, დაცვასა და ხელშეწყობას საჭიროებს. 1992 წლიდან მოყოლებული, ევროპის სახელმწიფოებს, ევროპის საბჭოს რეგიონული და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის ხელმოწერის გზით, საშუალება მიეცათ, დაედასტურებინათ თავიანთი მზადყოფნა ამ მემკვიდრეობის დაცვის მიმართ.

ევროპის საბჭოს სამართლებრივი ინსტრუმენტები

ევროპის საბჭოს საქმიანობის შედეგად იქმნება ორი სახის სამართლებრივი ინსტრუმენტი: კონვენცია და რეკომენდაცია.

ევროპის საბჭოს კონვენციები - სამართლებრივი სტანდარტების დანერგვა წევრ სახელმწიფოებში

  • კონვენცია სავალდებულო ხასიათის საერთაშორისო ინსტრუმენტია, შემუშავებული დებატებისა და შეთანხმების შედეგად, რომელშიც ჩაბმულნი არიან ევროპის საბჭოს უმთავრესი ინსტიტუტები, განსაკუთრებით კი მინისტრთა კომიტეტი და საპარლამენტო ასამბლეა.
  • ევროპის საბჭოს კონვენციათა უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო-სამართლებრივი სტანდარტების დამკვიდრება ორგანიზაციის საქმიანობის სფეროებში.
  • ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ხელს მოაწერს კონვენციას და განახორციელებს მის რატიფიცირებას, იღებს ვალდებულებას, აღასრულოს მასში ჩადებული დებულებანი და მოახდინოს მათი ჩართვა ეროვნულ კანონმდებლობაში.
  • ევროპის საბჭოს კონვენციათა შესრულებაზე საზედამხედველოდ რამდენიმე მექანიზმი არსებობს.
    დღეისათვის, ევროპის საბჭოს შემუშავებული აქვს 200-ზე მეტი კონვენცია, მათგან მრავალი ღიაა ხელმოსაწერად არაწევრი სახელმწიფოებისთვისაც.
    რეკომენდაციები

იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ დათქმულია “საერთო პოლიტიკის” გატარება, მაგრამ რომელთა მიმართებაში შეუსაბამოა კონვენციათა შემუშავება, მინისტრთა კომიტეტმა, შესაძლოა, გასცეს რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოებისადმი. რეკომენდაციები იურიდიულად სავალდებულო არ არის, თუმცა, ორგანიზაციის წესდება მინისტრთა კომიტეტს ანიჭებს უფლებამოსილებას, სთხოვოს წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს, რათა მათ “მიაწოდონ ინფორმაცია გატარებულ ზომათა შესახებ” რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

ბიბლიოგრაფია

ევროპის საბჭოს გამოცემები

Bulletin of Constitional Case-Law
(2008), ISSN:1025-8116/3
Human rights and the fight against terrorism. The Council of Europe Guidelines
(2005), ISBN 92-871-5694-8
Transplants
(2002), ISBN 92-871-4779-5
Cloning
(2002), ISBN 92-871-4702-7
The human genome
(2001), ISBN 92-871-4568-7
Crime and criminal justice in Europe
(2000), ISBN 92-871-4378-1
Judicial organisation in Europe
(2000), ISBN 92-871-4245-9
Protecting witnesses of serious crime : training manuel for law enforcement and judiciary
(2006), ISBN-10: 92-871-6030-9 ; ISBN-13: 978-92-871-6030-0
Treaty-making in the Council of Europe
(1999), ISBN 92-871-3899-0
Council of Europe French-English Legal Dictionary
(1994), ISBN 92-871-2496-5
European Convention on Extradition
(CETS 024, ISBN 92-871-0018-7) and two additional protocols thereto (CETS 086 and CETS 098)
European Convention on Mutual Assistance in Criminal Matters
(CETS 030, ISBN 92-871-0083-7) and two additional protocols thereto (CETS 099 and CETS 182)
European Convention on the Suppression of Terrorism
(CETS 090, ISBN 92-871-0136-1) and an amending protocol thereto (CETS 190)
European Outline Convention on Transfrontier Co-operation between Territorial Communities or Authorities
(CETS 106, ISBN 92-871-0021-7) and additional protocols thereto (CETS 159 and CETS 169)
Convention on the Transfer of Sentenced Persons
(CETS 112, ISBN 92-871-0233-3) and additional protocol thereto (CETS 167)
Convention on the Participation of Foreigners in Public Life at Local Level
CETS 144, ISBN 92-871-2061-7
Criminal Law Convention on Corruption
(CETS 173, ISBN 92-871-3834-6) and the additional protocol thereto (CETS 191)
Convention on Cybercrime
(CETS 185, ISBN 92-871-4822-8) and the additional protocol thereto (CETS 189)
Council of Europe Convention on the Prevention of Terrorism
CETS 196, ISBN 92-871-5762-6
Council of Europe Convention on Action against Trafficking in Human Beings
CETS 197, ISBN 92-871-5763-4
Council of Europe Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime and on the Financing of Terrorism
CETS 198, ISBN 92-871-5764-2

ინტერნეტ გვერდები

სამართლებრივ საქმეთა გენერალური დირექტორატი
http://www/coe.int/legal
ხელშეკრულებებზე მომუშავე სამსახური
http://conventions.coe.int
ვენეციის კომისია
http://www.venice.coe.int
ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატია
http://www.coe.int/T/E/Legal_Affairs/Local and regional_Democracy
“გრეკო” (GRECO)
http://www.greco.coe.int


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.