ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესი

ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია: მეტი თავისუფლების საშუალებები

პირველი ნაბიჯი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობის თვალსაზრისით ევროპის საბჭომ გადადგა 1957 წელს, რის შემდეგაც ორგანიზაციის სამოქმედო არეალი ისლანდიიდან რუსეთის ფედერაციამდე და ნორვეგიიდან ბალკანეთამდე გაფართოვდა.

1994 წელს, ადგილობრივ და რეგიონულ მმართველობათა მუდმივმოქმედი კონფერენციის ნაცვლად, ევროპის საბჭომ, საკონსულტაციო ორგანოს სახით, დააარსა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი. ის საქმიანობს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის (2000) 1 საწესდებო რეზოლუციის საფუძველზე.

კონგრესის როლი

კონგრესი:

  • არის ევროპის რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების პოზიციათა გამხმოვანებელი ევროპის საბჭოში;
  • არის ფორუმი, სადაც ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე არჩევით წარმომადგენელთ შეუძლიათ, განიხილონ საერთო პრობლემები, ურთიერთგაცვალონ გამოცდილება და მთავრობებს წარუდგინონ თავიანთი თვალთახედვა;
  • აძლევს რჩევებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას რეგიონული და ადგილობრივი პოლიტიკის ყველა ასპექტთან დაკავშირებით;
  • მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელ ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • აწყობს საჯარო მოსმენებსა და კონფერენციებს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო მონაწილეობით, რაც ქმედითი დემოკრატიის დამკვიდრების არსებითი ფაქტორია;
  • ამზადებს რეგულარულ ანგარიშებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა შესახებ, რომლებიც ასახავს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას მათში;
  • განსაკუთრებულ ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელებას;
  • დახმარებას უწევს ახალ წევრ სახელმწიფოებს ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის შექმნის პრაქტიკულ ასპექტებში.

ახალი რეალობები, ახალი მიზნები

ახალ სახელმწიფოთა აღმოცენება სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლებიდან ნიშნავდა კონგრესის ამოცანების ხელახალ გააზრებასა და განსაზღვრას, რათა მოეცვა:

  • ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ეფექტიანი სტრუქტურების მხარდაჭერა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახალ დემოკრატიულ სისტემებში;
  • ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შეფასება წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებში;
  • ინიციატივათა განვითარება ადგილობრივ და რეგიონულ დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ქმედითი მონაწილეობის მიზნით;
  • ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობათა ინტერესების წარმოდგენა საერთო-ევროპული პოლიტიკის შემუშავებისას;
  • რეგიონული და საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის ხელშეწყობა მშვიდობის, შემწყნარებლობისა და მდგრადი განვითარების მიღწევის მიზნით, რათა მომავალ თაობებს შეუნარჩუნდეთ ჩვენი რეგიონები;
  • ევრორეგიონთა შექმნის ხელშეწყობა;
  • თვალყურის დევნება ადგილობრივ და რეგიონულ არჩევნებზე.

ორპალატიანი ასამბლეა

კონგრესი იყოფა ორ პალატად: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პალატად და რეგიონთა პალატად. ორპალატიანი ასამბლეა აერთიანებს 318 ძირითად და იგივე რაოდენობის სათადარიგო წევრს. თითოეული მათგანი ერთ-ერთია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა 200 000-ზე მეტი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების არჩევით წარმომადგენელთაგან. კონგრესი თავის პრეზიდენტს ირჩევს მონაცვლეობით ორივე პალატის წევრთაგან. მისი უფლებამოსილების ვადა ორი რიგითი სხდომით განისაზღვრება.

2009 წლიდან, კონგრესი მართავს ორ პლენარულ სხდომას გაზაფხულსა და შემოდგომაზე სტრასბურგში და მის მუშაობაში, სპეციალური სტუმრის ან დამკვირვებლის სტატუსით, მონაწილეობას იღებენ აკრედიტებულ ევროპულ ორგანიზაციათა და ზოგიერთ არაწევრ სახელმწიფოთა დელეგაციები.

მუდმივმოქმედი კომიტეტი, რომლის წევრები აირჩევიან ყველა ეროვნული დელეგაციიდან, სხვა კომიტეტების პარალელურად, იკრიბება საშემოდგომო და საგაზაფხულო სხდომების მსვლელობისას. ის მოქმედებს კონგრესის უფლებამოსილებით პლენარულ სხდომებს შორის პერიოდში.

კონგრესის საქმიანობა ნაწილდება ოთხი საწესდებო კომიტეტის ფარგლებში:

  • ინსტიტუციური კომიტეტი, რომლის განსაკუთრებული მოვალეობაა ანგარიშების მომზადება ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის წინსვლის შესახებ ევროპაში. მას დახმარებას უწევს დამოუკიდებელ ექსპერტთა კომიტეტი;
  • კულტურისა და განათლების კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია მედიაზე, ახალგაზრდობაზე, სპორტსა და კომუნიკაციაზე;
  • მდგრადი განვითარების კომიტეტი, პასუხისმგებელი გარემოს დაცვაზე, სივრცით და ურბანულ დაგეგმარებაზე;
  • სოციალური ინტეგრაციის კომიტეტი, რომელიც პასუხისმგებელია დასაქმებაზე, მოქალაქეობაზე, მიგრაციაზე, თემთაშორის ურთიერთობებზე, ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობასა და სოლიდარობაზე.

რეგიონთა პალატას გააჩნია, ასევე, სპეციალური სამუშაო ჯგუფი საკანონმდებლო უფლებამოსილებით აღჭურვილ რეგიონთა საკითხებში. კონგრესის მთავარი აღმასრულებელი უძღვება საბიუჯეტო მართვასა და კონგრესის სამდივნოს 40-მდე თანამშრომლის საქმიანობას.

პრაქტიკული დახმარება

საწვრთნელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთათვის (ENTO)

ქსელი საექსპერტო გამოცდილებასა და საწვრთნელ პროგრამებს სთავაზობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომლებიც განიცდიან მართვის სათანადო გამოცდილებისა და ტექნიკური ცოდნის ნაკლებობას აღნიშნულ სფეროში. ის ხელს უწყობს თანამშრომლობას ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების საწვრთნელ ცენტრებს შორის და ერთმანეთთან აკავშირებს ეროვნულ ორგანიზაციებსა და მათ პარტნიორ ორგანიზაციებს საზღვარგარეთ.

არსებობს სპეციალური პროგრამა ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ხელშეწყობისათვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მისთვის პრიორიტეტულია დახმარების გაწევა ადგილობრივი ხელისუფლების სფეროს კანონმდებლობის შემუშავებაში. პროგრამა უზრუნველყოფს წვრთნასა და საექსპერტო მეურვეობას ადგილობრივი ინსტიტუციური რეფორმირების საკითხებში და მოიცავს სემინარებს, სასწავლო ვიზიტებსა და კურსებს საქალაქო მუნიციპალიტეტის დონეზე ჯანმრთელობის დაცვის, ფისკალური დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების საკითხებში.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები (LDA)

დაარსებული 1993 წელს, როგორც ნაწილი ყოფილი იუგოსლავიის სამშვიდობო პროცესისა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები აყალიბებენ პარტნიორულ კავშირს ამ რეგიონის ამა თუ იმ თვითმმართველობასა და ევროპის სხვა რომელიმე ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ისინი ხელს უწყობენ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვას, საზღვრებს მიღმა თანამშრომლობას, კულტურათშორის დიალოგსა და ადგილობრივ განვითარებას.

მონაწილეობა სტაბილურობის პაქტში

კონგრესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ადგილობრივი დემოკრატიისა და საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის განმტკიცებისკენ მიმართულ პროექტებში. ამ მიზნით, მან შექმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ეკისრება კონკრეტული მოვალეობა, წარუძღვეს სტაბილურობის პაქტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს.

მის მიერ მხარდაჭერილია:

  • სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებისა და რეგიონების წლიური ფორუმების ორგანიზება;
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნულ ასოციაციათა (NALAS) ქსელის განვითარება;
  • ინტერაქტიული მონაცემთა ბაზის შექმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მუნიციპალიტეტებთან და რეგიონებთან პარტნიორობის შესახებ;
  • პოლიტიკის განსაზღვრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის სფეროში.

მკაფიო საკანონმდებლო ორიენტირები სხვადასხვა პოლიტიკის განსაზღვრის გასაადვილებლად

ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (1985) განსაზღვრავს პრინციპს, რომლის თანახმად, ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობა დემოკრატიის არსებითი ელემენტია. ქარტია წარმოადგენს საკანონმდებლო რეფორმის მოდელს ახალი დემოკრატიული სისტემებისათვის. ზოგიერთმა სახელმწიფომ უკვე ჩართო მისი პრინციპები საკუთარ კონსტიტუციაში.

ევროპული ჩარჩო კონვენცია ტერიტორიულ ერთეულებსა თუ მმართველობით ორგანოებს შორის საზღვრებს მიღმა თანამშრომლობის შესახებ (1980) და მისი ორი დამატებითი ოქმი აღიარებს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების უფლებას, აწარმოოს საზღვრებს მიღმა თანამშრომლობა საჯარო მომსახურებისა და გარემოს დაცვის მიზნით.

ევროპული კონვენცია ადგილობრივ დონეზე საჯარო საქმიანობაში უცხოელთა მონაწილეობის შესახებ (1992) ხაზს უსვამს ქვეყნის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ უცხოელთათვის სოციალური და პოლიტიკური უფლებების, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის უფლების, თანდათანობით მინიჭების პრინციპს.

ევროპული ქარტია რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ (1992) მიზნად ისახავს რეგიონული და უმცირესობათა ენების, როგორც ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური კომპონენტის, შენარჩუნებას და მათი გამოყენების ხელშეწყობას სამართლის სფეროში, სკოლებში, საზოგადოებრივ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ სოციალურ ცხოვრებასა და მედიაში.

ევროპული კონვენცია ლანდშაფტის შესახებ (2000) აყალიბებს მოთხოვნას საჯარო ორგანოებისადმი, გაატარონ სათანადო პოლიტიკა და ზომები ლანდშაფტის დაცვის, მართვისა და დაგეგმარების მიზნით ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მთელი ევროპის მასშტაბით.

ევროპის ურბანული ქარტია (1992) განსაზღვრავს მოქალაქეთა უფლებებს ევროპის დაბებსა და ქალაქებში. ის წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს წარმატებული ურბანული მართვისათვის, რომელიც მოიცავს განსახლებას, ურბანულ არქიტექტურას, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, სპორტსა და დასვენებას, გარემოს დაბინძურებასა და ქუჩის უსაფრთხოებას.

ქარტია მუნიციპალურ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ (1992), გადახედილი 2003 წელს, განსაზღვრავს ახალგაზრდების წამახალისებელ სახელმძღვანელო პრინციპებს, რათა ისინი მონაწილეობდნენ მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში და იყვნენ აქტიურად ჩართულნი მათ სამეზობლოში, მუნიციპალიტეტსა თუ რეგიონში მიმდინარე სოციალურ ცვლილებებში.

მიმდინარე პროექტები

ამჟამად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განიხილავს მთელ რიგ სხვა დოკუმენტებს:

  • ქარტიის პროექტი მთიანი რეგიონების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს სახელმძღვანელო პრინციპებს მთიან რეგიონებში განვითარებასა და შენარჩუნებას შორის ბალანსის დაცვისათვის;
  • ევროპული ქარტიის პროექტი რეგიონული თვითმმართველობის შესახებ, რომელიც თან დაერთვის ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ;
  • ქარტიის პროექტი მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.

წევრი სახელმწიფოები და მათ წარმომადგენელთა რაოდენობა

ალბანეთი (4), ანდორა (2), სომხეთი (4), ავსტრია (6), აზერბაიჯანი (6), ბელგია (7), ბოსნია და ჰერცეგოვინა (5), ბულგარეთი (6), ხორვატია (5), კვიპროსი (3), ჩეხეთის რესპუბლიკა (7), დანია (5), ესტონეთი (3), ფინეთი (5), საფრანგეთი (18), საქართველო (5), გერმანია (18), საბერძნეთი (7), უნგრეთი (7), ისლანდია (3), ირლანდია (4), იტალია (18), ლატვია (3), ლიხტენშტეინი (2), ლიტვა (4), ლუქსემბურგი (3), მალტა (3), მოლდოვა (5), მონაკო (2), მონტენეგრო (3) ნიდერლანდები (7), ნორვეგია (5), პოლონეთი (12), პორტუგალია (7), რუმინეთი (10), რუსეთის ფედერაცია (18), სან მარინო (2), სერბია (7), სლოვაკეთი (5), სლოვენია (3), ესპანეთი (12), შვედეთი (6), შვეიცარია (6), “იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია” (3), თურქეთი (12), უკრაინა (12), გაერთიანებული სამეფო (18).

ბიბლიოგრაფია

ევროპის საბჭოს გამოცემები

Electoral systems and voting procedures at local level
(1999), ISBN 92-871-3983-0
Linguistic diversity: a challenge for European cities and regions - Proceedings
(2002), ISBN 92-871-4980-1
Linguistic diversity for democratic citizenship in Europe - Proceedings
(2000), ISBN 92-871-4384-6
Urban crime prevention - A guide for local authorities
(2002), ISBN 92-871-4943-7
Cities and regions: cultural diversity - A precondition for a united Europe - Proceedings
(2000), ISBN 92-871-4811-2
Foreigners’ integration and participation in European cities: proceedings
(2003), ISBN 92-871-5411-2
Tackling terrorism – the role and responsibilities of local authorities : proceedings
(2002), ISBN 92-871-5304-3
Liability of local elected representatives for acts or omissions in the cours of their duties
(1999),ISBN 92-871-3954-7
Urban rehabilitation policy in Tbilisi (Georgia)
(2002),ISBN 92-871-4944-5
50 years of local and regional democracy in Europe (1957-2007)
(2008), ISBN 978-92-871-6385-1
Gods in the city - Intercultural and inter-religious dialogue at local level
(2008), ISBN 978-92-871-6384-4
Draft European outline convention on mountain regions
(CLRAE Recommendation 75 (2000), draft reply)
European Urban Charter : proceedings
(2002), ISBN 92-871-5307-8
European Charter on the participation of young people in municipal and regional life
(1992)
European Landscape Convention
(CETS No. 176; ISBN 92-871-4499-0)
European Outline Convention on transfrontier co-operation between territorial communities or authorities
(CETS 106; ISBN 92-871-0021-7) and two additional protocols thereto (CETS 159; CETS 169)
European Charter of Local Self-Government
(CETS 122; ISBN 92-871-0804-8)
Convention on the Participation of Foreigners in Public Life at Local Level
(CETS 144; ISBN 92-871-2061-7)

ინტერნეტგვერდი

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესი
http://www.coe.int/T/Congress/default_en.asp


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.