ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

ადამიანის უფლებები: დაცვა, ხელშეწყობა და პრევენცია

ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ქმედითი გზების ყოველდღიური ძიება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს ოთხ ძირითად სფეროში:

  • ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიანი მეთვალყურეობა და დაცვა;
  • ადამიანის უფლებებისა და ღირსებისათვის ახალ საშიშროებათა გამოვლენა;
  • ცოდნის გაღრმავება საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა მნიშვნელობის შესახებ;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში სწავლებისა და პროფესიული მომზადების ხელშეწყობა.

ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებია: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, შესწორებული ევროპის სოციალური ქარტია, ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ და ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

მტკიცე წინგადადგმული ნაბიჯი

ევროპის საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულ იქნა 1950 წელს და ძალაშია 1953 წლიდან. ის განსაზღვრავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომელთა უზრუნველყოფა მართებთ სახელმწიფოებს ყველასათვის, ვინც მათი იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. მან შექმნა, ასევე, აღსრულების საერთაშორისო მექანიზმი, რომლის მეშვეობით, სახელმწიფოებსა და ინდივიდებს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა სავარაუდო დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ კონვენციის ძალით დაფუძნებულ, სტრასბურგში მდებარე მართლმსაჯულების ინსტიტუტებს.

სხვა უფლებებთან ერთად, კონვენცია განამტკიცებს სიცოცხლის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან დაცვის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი და ოჯახური ცხოვრებისა და მიმოწერის დაცულობის, აზრის გამოხატვის (მათ შორის პრესის) თავისუფლების, აზრის, სინდისისა და რელიგიის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებს. მოგვიანებით ხელმოწერილი ოქმების საფუძველზე, კონვენციაში განსაზღვრულ უფლებებს დაემატა სხვა უფლებებიც, მაგალითად, სიკვდილით დასჯის გაუქმება (ოქმი ¹6).

კონვენციის განხორციელება

აღსრულების თავდაპირველი მექანიზმი მოიცავდა ორ ინსტიტუტს: ადამიანის უფლებათა ევროპულ კომისიას (1954), რომელიც, ძირითადად, “გამფილტრავი ორგანოს” ფუნქციას ასრულებდა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (1959), რომელიც გამოსცემდა განჩინებებს კომისიის ან მთავრობათა მიერ მისთვის წარდგენილ საქმეებზე. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი (საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მთავრობების წარმომადგენლები) ახორციელებდა ზედამხედველობას სასამართლოს განჩინებათა აღსრულებაზე და გამოჰქონდა გადაწყვეტილებები იმ საქმეებზე, რომლებიც არ გადაეცემოდა სასამართლოს, თუმცა კომისიას დადგენილი ჰქონდა დარღვევის არსებობა მათში.

80-იანი წლებიდან მოყოლებული, საჩივართა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა, რაც იწვევდა სასამართლო სისტემის გადატვირთვას და ახანგრძლივებდა პროცედურას, რაც, საჩივრის მიღებიდან საქმის არსებითად განხილვის დასრულებამდე, შესაძლოა, ხუთი წლამდეც კი განგრძობილიყო.

მუდმივად მზარდი სისტემა

პროცედურის რეფორმირების აუცილებლობას განაპირობებდა საჩივართა სწრაფად მზარდი რაოდენობა, მათი სირთულე და ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მატება 23 წევრიდან 1989 წელს, 40 წევრამდე 1996 წელს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 1998 წლის 1 ნოემბერს ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა კონვენციის ახალი, მე-11 ოქმი, რომელმაც, კონვენციის ძალით არსებული ორი ინსტიტუტის ნაცვლად დააარსა ერთიანი მუდმივმოქმედი სასამართლო.

ადამიანის უფლებათა ერთიანი სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამჟამად უშუალოდ ხელმისაწვდომია ინდივიდისათვის, მისი გადაწყვეტილებები კი სავალდებულოა ყველა ხელმომწერი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოცემულ საქმეში მხარეს წარმოადგენს. სასამართლო მუდმივმოქმედია და საქმეს იხილავს ყველა წინასწარი ეტაპის ჩათვლით და არსებითად.

სასამართლოს მოსამართლეთა ოდენობა კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა რაოდენობის ტოლია. ისინი აირჩევიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ შესაბამისი მთავრობის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის. მოსამართლეები სარგებლობენ სრული დამოუკიდებლობით თავიანთ მოვალეობათა შესრულებისას და არ წარმოადგენენ სახელმწიფოებს, რომელთაც წარადგინეს ისინი.

სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა ჟან-პოლ კოსტა (საფრანგეთი).

საჩივარი, რომელიც ვერ უპასუხებს წაყენებულ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს (მაგალითად, ყველა შიდა სამართლებრივი მისაგებლის ამოწურვის ვალდებულება საჩივრის სასამართლოსადმი წარდგენამდე), ან აშკარად დაუსაბუთებელია, საწყის ეტაპზევე იცნობა მიუღებლად სასამართლოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, რომელიც წარმოდგენილია სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტით. სხვა შემთხვევებში, სასამართლოს წარმოადგენს, ძირითადად, შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პალატა. თუკი საჩივარი მიიჩნევა მისაღებად, პალატამ, შესაძლოა, სცადოს მორიგების მიღწევა მხარეებს შორის. თუკი ეს შეუძლებელია, პალატას გამოაქვს განჩინება.

გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, როდესაც განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის განმარტებისა თუ გამოყენებისათვის სერიოზულ საკითხს, საქმე, შესაძლოა, განსახილველად გადაეცეს 17 მოსამართლით წარმოდგენილ დიდ პალატას. ეს, შესაძლოა, გააკეთოს პალატამ გადაწყვეტილების გამოტანამდე, ან ერთ-ერთმა მხარემ, პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში. პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა მისი გამოტანიდან სამი თვის შემდეგ, ხოლო დიდი პალატისა კი იმთავითვე საბოლოოა. საბოლოო გადაწყვეტილებათა აღსრულება სავალდებულოა შესაბამის სახელმწიფოთათვის.

ზედამხედველობა სასამართლო გადაწყვეტილებათა განხორციელებაზე, რომელთა მიმართებაში დადგენილ იქნა დარღვევა, წარმოადგენს მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოთა მხრიდან ყველა საჭირო ზომის მიღებას (ცვლილებები კანონმდებლობაში, პრეცედენტულ სამართალში, ნორმებსა თუ პრაქტიკაში), რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი დარღვევები მომავალში. მინისტრთა კომიტეტი უზრუნველყოფს, ასევე, დაზარალებულისადმი მიკუთვნებული სამართლიანი დაკმაყოფილების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, უფლების სრულად აღდგენის მიზნით, სხვა კონკრეტულ ზომათა მიღებას (სამართალწარმოების განახლება, აკრძალვის ან კონფისკაციის ბრძანების გაუქმება, პოლიციის ოქმების ამოღება ან ცხოვრების ნებართვის გაცემა და ა.შ.)

. . . საკითხთა ფართო სპექტრის მოცვა

ინდივიდუალური საჩივრები შეეხება საკითხთა სულ უფრო ფართო სპექტრს:

  • ადამიანთა გაუჩინარება და კანონგარეშე მკვლელობა;
  • პატიმართა წამება და არაადამიანური მოპყრობა მათ მიმართ;
  • ქონების უკანონო ჩამორთმევა;
  • სასამართლოსადმი მიმართვის შეუძლებლობა;
  • გონივრულ ვადაში საქმის სამართლიანი განხილვის შეუძლებლობა;
  • სატელეფონო საუბრების მოსმენა;
  • დეპორტაცია და ექსტრადიცია;
  • ჰომოსექსუალისტთა დისკრიმინაცია;
  • პრესის თავისუფლება;
  • მშობელთა უფლებები თავიანთ შვილებთან მიმართებაში, რომლებიც მეურვეობის ქვეშ არიან მოქცეულნი;
  • საკუთრების უფლების ხელყოფა;
  • პოლიტიკურ პარტიათა დაშლა.

შემდგომი რეფორმა

მე-14ბის ოქმი, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 1 ოქტომბერს, ადგენს ორ პროცედურას, რომელთა მიზანია სასამართლოს უნარიანობის გაზრდა საჩივართა განხილვის კუთხით იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომელთაც განახორციელეს ამ ოქმის რატიფიცირება. ამ ოქმის ძალით:

  • ერთ მოსამართლეს ენიჭება უფლებამოსილება, აშკარად დაუსაბუთებელი საჩივრები გამოაცხადოს დაუშვებლად. მანამდე, აღნიშნული საჭიროებდა სამი მოსამართლით წარმოდგენილი კომიტეტის გადაწყვეტილებას.
  • სამი მოსამართლისგან შემდგარ კომიტეტს შეუძლია საჩივარი გამოაცხადოს დასაშვებად და განიხილოს ის არსებითად, თუკი ის აშკარად ჯეროვნად არის დასაბუთებული და ასევე არსებითად განიხილოს საქმეები, რომლებზეც არსებობს მყარად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი და რომელთაც განმეორებად საქმეებს უწოდებენ. მანამდე, მსგავსი საქმეები განიხილებოდა შვიდი მოსამართლით წარმოდგენილი პალატის ან დიდი პალატის (17 მოსამართლე) მიერ.

ეს პროცედურები ასევე მოცულია მე-14 ოქმში, რომელიც ჯერაც არ შესულა ძალაში იმის გამო, რომ საჭიროებს რატიფიცირებას ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. დღეისათვის, რუსეთის გარდა, ყველა სახელმწიფომ განახორციელა მისი რატიფიცირება.

ევროპის სოციალური ქარტია

ფუნდამენტური სოციალური უფლებები

ევროპის შესწორებულ სოციალურ ქარტიაში განსაზღვრულია გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, ისევე როგორც საზედამხედველო პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ დაცვას ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ. 1996 წელს შესწორებული ევროპის სოციალური ქარტია ძალაში შევიდა 1999 წელს და თანდათანობით ენაცვლება 1961 წელს შემუშავებულ ხელშეკრულებას.

ქარტიით გათვალისწინებული უფლებებით უნდა სარგებლობდეს ყველა ევროპელი, უფლებები კი შეეხება ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტს, მათ შორის განსახლებას, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, დასაქმებას, სოციალურ დაცვას, პირადი მიზნებით მგზავრობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას.

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი მეთვალყურეობს ქარტიის ძალით ნაკისრ ვალდებულებათა აღსრულებას წევრ სახელმწიფოთა მიერ. მისი თხუთმეტი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრი აირჩევა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ექვსი წლის ვადით, რომლის ერთი ვადით განახლებაა შესაძლებელი. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ადგენს, შეესაბამება თუ არა ხელმომწერ სახელმწიფოთა კანონმდებლობა და პრაქტიკა ქარტიის დებულებებს.

ეროვნულ ანგარიშებზე დაფუძნებული საზედამხედველო პროცედურა

მონაწილე სახელმწიფოები ყოველწლიურად მოახსენებენ კომიტეტს თავიანთ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ქარტიის დებულებათა ხორცშესხმის შესახებ. კომიტეტი, თავის მხრივ, განიხილავს ანგარიშებს, იღებს გადაწყვეტილებებს მათში მითითებულ პროცედურათა ქარტიასთან შესაბამისობის შესახებ და ყოველწლიურად აქვეყნებს საკუთარ დასკვნებს. თუკი სახელმწიფოები არ რეაგირებენ სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, მინისტრთა კომიტეტი მიმართავს შესაბამის სახელმწიფოს, ამა თუ იმ კანონისა თუ პრაქტიკის შეცვლის რეკომენდაციით.

კოლექტიური საჩივრის პროცედურა

საჩივარი ქარტიის სავარაუდო დარღვევის შესახებ, შესაძლოა, წარედგინოს სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს ოქმის საფუძველზე, რომელიც ხელმოსაწერად გაიხსნა 1995 წელს, ხოლო ძალაში შევიდა 1998 წელს. ორგანიზაციები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, საჩივრით მიმართონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტს

- შესაბამისი პროცედურის მიმღებ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში:

  • ევროპის პროფესიულ კავშირთა კონფედერაცია (ETUC), ბიზნესევროპა (ყოფილი ევროპის სამრეწველო და დამსაქმებელთა კონფედერაციების კავშირი (UNICE)) და დამქირავებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE);
  • ევროპის საბჭოში საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც, აღნიშნული მიზნით, მოიხსენიებიან სამთავრობო კომიტეტის მიერ შედგენილ სიაში;
  • დამსაქმებელთა ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები შესაბამის სახელმწიფოებში;

- იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც აცხადებენ თანხმობას:

  • ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციები.

სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი განიხილავს საჩივარს და ფორმალურ მოთხოვნათა დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისაღებად აცხადებს მას. ამას მოჰყვება წერილობითი პროცედურა, რაც გულისხმობს მოხსენებათა ურთიერთგაცვლას. კომიტეტმა, შესაძლოა, გასცეს საჯარო მოსმენის გამართვის მითითებაც. ამის შემდეგ, ის არსებითად იხილავს საქმეს და თავის დასკვნებს მოახსენებს მინისტრთა კომიტეტსა და მონაწილე მხარეებს; მოხსენება ქვეყნდება გადაწყვეტილების მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში. დასასრულ, მინისტრთა კომიტეტი იღებს რეზოლუციას. საჭიროების შემთხვევაში, მან, შესაძლოა, გასცეს კონკრეტულ ზომათა გატარების რეკომენდაცია სახელმწიფოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ქარტიასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ქარტიის ზეგავლენა სხვადასხვა სახელმწიფოში

საზედამხედველო სისტემის წყალობით, წევრი სახელმწიფოები მრავალ ცვლილებას ატარებენ თავიანთ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში, რათა ისინი ქარტიასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. დეტალური ინფორმაცია და მიმდინარე ცვლილებები შესაბამის სახელმწიფოებთან მიმართებაში განთავსებულია ვებ გვერდზე http://www.coe.int/T/E/Human_Rights/Esc/

ევროპული კონვენცია წამების წინააღმდეგ

წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთა

მცირედი თუ არის ხილული იქიდან, რაც ხდება ციხის, პოლიციის განყოფილების, ფსიქიატრიული საავადმყოფოსა და სხვა მსგავს დაწესებულებათა დახურულ კარს მიღმა. სწორედ ამის გამო, 1987 წელს მიღებულ იქნა ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 1989 წელს. წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) დაარსებით, კონვენცია ქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი დაცვის დამატებით მექანიზმს.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები არიან სხვადასხვა პროფესიის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები, მაგალითად, იურისტები, ექიმები და სპეციალისტები სასჯელაღსრულებისა და პოლიციის სისტემებიდან.

შემოწმებები ადგილზე

წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი სტუმრობს დაკავების სხვადასხვა ტიპის ადგილებს (მაგალითად, ციხეებსა და არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრებს, პოლიციის განყოფილებებს, იმიგრაციისას დაკავებულთა სამყოფელ ადგილებსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს), რათა იხილოს, თუ როგორ ეპყრობიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს. კომიტეტს გააჩნია დაკავების ადგილებში შესვლის შეუზღუდავი უფლება და შეუძლია დაკავებულებთან პირისპირ გასაუბრება. ის უფლებამოსილია, ასევე, შეზღუდვის გარეშე დაუკავშირდეს ნებისმიერ პირს, მათ შორის ადამიანის უფლებათა სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც ძალუძთ საჭირო ინფორმაციის მოწოდება.

კომიტეტის საქმიანობის მიზანია წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯისგან პატიმართა დაცვის გაძლიერება და არა სახელმწიფოთა დაგმობა დარღვევათა გამო. თითოეული ვიზიტის საფუძველზე, კომიტეტი თავის ანგარიშში ასახავს დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა განხორციელებასაც აუცილებლად მიიჩნევს თავისუფლებააღკვეთილ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ეს კონფიდენციალური სახის ანგარიში ეგზავნება შესაბამის სახელმწიფოს. ის მოიცავს მოთხოვნას მთავრობისადმი, წარმოადგინოს წერილობითი პასუხი, რომელშიც მითითებული იქნება გაცემულ რეკომენდაციათა აღსასრულებლად მიღებული ზომები, რეაგირება შენიშვნებზე და გამოხმაურებები ინფორმაციის მოთხოვნაზე.

კომიტეტის ანგარიშები და შესაბამის სახელმწიფოთა პასუხები კონფიდენციალურია, თუმცა, მიღებულ პრაქტიკად იქცა სახელმწიფოთა მხრიდან თანხმობის განცხადება ამ სახის დოკუმენტაციის საჯაროობაზე.

გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფოები უარს აცხადებენ თანამშრომლობაზე, წამების საწინააღმდეგო ევროპულ კომიტეტს შეუძლია გამოაქვეყნოს საჯარო განცხადება

ჩარჩო - კონვენცია ეროვნულ უმცირესობათათვის

ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების დაცვა

1993 წლის ვენის სამიტის შედეგების საფუძველზე, ევროპის საბჭომ 1994 წელს მიიღო ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ, პირველი იურიდიულად სავალდებულო მრავალმხრივი ინსტრუმენტი ზოგადად ეროვნულ უმცირესობათა დასაცავად. მისი ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, მისდიონ კონვენციის მიზნებს თავიანთი კანონმდებლობისა და პოლიტიკის კორექტირების გზით. ეს გულისხმობს კანონის წინაშე თანასწორობას, კულტურათა შენარჩუნებასა და განვითარებას, იდენტობის, რელიგიის, უმცირესობათა ენებისა და ტრადიციების დაცვას, მედიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საზღვრებს მიღმა თავისუფალი და მშვიდობიანი კავშირების დამყარებას.

აღნიშნული კონვენცია ძალაშია 1998 წლის 1 თებერვლიდან. ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, წარმოადგინონ მათ მიერ მიღებულ ზომათა ამსახველი ანგარიშები, თავდაპირველად კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. ჩარჩო-კონვენციის შესრულების ზედამხედველობაში მონაწილეობენ მინისტრთა კომიტეტი და 18 დამოუკიდებელი ექსპერტით წარმოდგენილი საკონსულტაციო კომიტეტი. ეს კომიტეტი იხილავს ხსენებულ ანგარიშებს, აფასებს ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ხარისხს და იღებს მოსაზრებას, რომელიც გადაეცემა მინისტრთა კომიტეტს. კომიტეტი კი შეიმუშავებს თავისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომცველ რეზოლუციას. აღნიშნული საზედამხედველო პროცედურის განმსაზღვრელი ნორმები საშუალებას აძლევს, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და უმცირესობათა ორგანიზაციებს, წარმოადგინონ ალტერნატიული ხასიათის ინფორმაცია და/ან მოხსენებები.

ეროვნული უმცირესობები ევროპაში

ევროპის საბჭოს, თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამის ფარგლებში, შემუშავებული აქვს რიგი ღონისძიებებისა ეროვნულ უმცირესობათა დასაცავად: ის აწყობს შეხვედრებს, რათა გაავრცელოს დეტალური ინფორმაცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის (და სხვა ევროპულ სამართლებრივ ინსტრუმენტთა) შესახებ და მოუწოდებს არაწევრ სახელმწიფოებს, მოაწერონ მას ხელი და მოახდინონ მისი რატიფიცირება. აღნიშნულ შეხვედრებზე მონაწილე სახელმწიფოები დაწვრილებით მიმოიხილავენ ეროვნულ დონეზე არსებულ ცვლილებებსა და კონვენციის განხორციელების მდგომარეობას. დელეგატებს შორის არიან როგორც პარლამენტარები, ისე ხელისუფლებისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. ევროპის საბჭოს ექსპერტები შეიმუშავებენ დასკვნებს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის შესახებ. საბჭო აწყობს, ასევე, სასწავლო სემინარებს მთავრობათა მხრიდან ანგარიშების მომზადების საკითხებზე, რათა საზედამხედველო პროცედურამ შეიძინოს მეტი ეფექტიანობა.

2004 წლის 3 ნოემბერს, მინისტრების მოადგილეთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეროვნულ უმცირესობათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა კომიტეტის საქმიანობის განახლების შესახებ. აღნიშნული კომიტეტის მანდატი ითვალისწინებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და მათ თანამონაწილეობას.

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ დაარსებულ იქნა ვენის სამიტზე 1993 წელს. ის არის დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმი, რომლის ამოცანაა ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში ბრძოლა რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმთან და შეუწყნარებლობასთან ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. კომისიის საქმიანობა მოიცავს რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, ამა თუ იმ სახელმწიფოსადმი მიკუთვნების და ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობის ნიადაგზე ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან და უარყოფით წინასწარგანწყობასთან საბრძოლველად საჭირო ყველა ზომას.

კომისიის სამოქმედო პროგრამა მოიცავს სამ ასპექტს: ინდივიდუალური მიდგომა სახელმწიფოთა მიმართ; მუშაობა ძირითადი თემების გარშემო; ურთიერთქმედება სამოქალაქო საზოგადოებასთან.

სახელმწიფოთა მიმართ ინდივიდუალური მიდგომის ფარგლებში, კომისია ამზადებს ანგარიშებს, რომლებიც მოიცავს რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის მხრივ ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის სიღრმისეულ ანალიზს და პრაქტიკულ წინადადებებს გამოვლენილ პრობლემათა დაძლევაში მთავრობათა დასახმარებლად.

ძირითადი თემების გარშემო მუშაობის პროცესში, კომისიის მიერ მიღებულ იქნა ზოგადი სტრატეგიის 12 რეკომენდაცია, განკუთვნილი ყველა წევრი სახელმწიფოსათვის. ისინი მოიცავენ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ამჟამად არსებულ ძირითად პრობლემურ სფეროებს და განსაზღვრავენ სრულფასოვანი ეროვნული პოლიტიკის საწარმოებლად საჭირო უმთავრეს პრინციპებს.

სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთქმედების სფეროში, კომისიის სამოქმედო პროგრამა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართვას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კულტურული დიალოგის წახალისებას საზოგადოების სხვადასხვა სექტორებს შორის.

ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის ხელშეწყობა

ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვისა და წახალისების თვალსაზრისით, ევროპის საბჭო ეძიებს, დაძლიოს ქალთა თავისუფლებისა და ღირსების ნებისმიერი სახით ხელყოფა. აღნიშნული მოიცავს ქალთა მიმართ ძალადობას, სექსუალური ან ნებისმიერი სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით უკანონო ვაჭრობას, სქესზე დამყარებული დისკრიმინაციის აღკვეთას, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა მონაწილეობაში ბალანსის დაცვასა და გენდერული პერსპექტივის ჩართვას ყველა სახის პროგრამასა თუ პოლიტიკაში.

ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მმართველი კომიტეტი აწყობს მინისტრთა კონფერენციებსა და სემინარებს და აქვეყნებს ხსენებული საკითხებისადმი მიძღვნილ ნაშრომებს.

თანამშრომლობა და საზოგადოების ინფორმირება ადამიანის უფლებათა სფეროში

ევროპის საბჭო მის წევრ სახელმწიფოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს მხარდაჭერასა და დახმარებას მათ მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის წახალისებისაკენ მიმართულ ძალისხმევაში. თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით, ევროპის საბჭო აწყობს საწვრთნელ პროგრამებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ სხვადასხვა პროფესიული ჯგუფის წარმომადგენელთათვის, როგორიცაა მოსამართლეები, პროკურორები, სამართალდაცვის სისტემის თანამშრომლები და იურისტები.

ის უზრუნველყოფს, ასევე, საექსპერტო მოსაზრებათა გაცემას ახალი კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დოკუმენტაციის თარგმნასა და გამოცემას ადგილობრივ ენებზე, სემინარებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზებას ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად ან მათ შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამთავრობო აგენტთა კადრების წვრთნას.

ადამიანის უფლებათა პროგრამებს თან ერთვის მსგავსი შინაარსის უფრო ფართო სპექტრის ცნობიერების ასამაღლებელი, საწვრთნელი და საინფორმაციო ღონისძიებანი, გამიზნული ფართო საზოგადოებისათვის, რომლებიც აქცენტს სვამს ცნობიერების ამაღლებაზე ადამიანის უფლებათა საკითხებში საინფორმაციო კამპანიების, პუბლიკაციების, აუდიოვიზუალური და ინტერნეტ გამოცემების გამოყენებით.

ევროპული კონვენცია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ქმედების შესახებ

ადამიანი ვაჭრობის საგანი არ არის

ყოველწლიურად, ათასობით ქალი, ბავშვი თუ კაცი ხდება სექსუალური ან სხვა სახის ექსპლუატაციის მიზნით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს მიღმა. ამ ფენომენმა იმდენად არნახული მასშტაბები შეიძინა, რომ მართლაც შეიძლება, ახალი ტიპის მონათვაჭრობად მოინათლოს.

ევროპის საბჭო გახლავთ ორგანიზაცია, რომლის უმთავრეს საზრუნავს ადამიანის უფლებათა დაცვა წარმოადგენს. მის 47 წევრ სახელმწიფოს შორის მოიაზრება ადამიანების ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულთა წარმომავლობის, ტრანზიტისა თუ დანიშნულების ქვეყნებიც. ამდენად, ეს ორგანიზაცია სწორედ რომ შესაბამისია იმისათვის, რომ მის წევრ სახელმწიფოებში გატარდეს ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ზომები.

2005 წლის მაისში, ევროპის საბჭომ მიიღო კონვენცია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ზომათა შესახებ, ხელმოსაწერად ღია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთათვის.

აღნიშნული კონვენციის მიზანია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმის აღკვეთა და დაძლევა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეებზე, მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ის ორგანიზებულ დანაშაულს.

პირველი ფუნდამენტური პრინციპი, დეტალურად ჩამოყალიბებული ახალ კონვენციაში, არის ტრეფიკინგის შედეგად დაზარალებულთა დაცვა და მათი უფლებების განმტკიცება ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე - სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა სახის შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობისადმი მიკუთვნების, ქონების, დაბადებისა თუ სხვა სახის სტატუსის მიუხედავად.

კონვენციის მთავარ დამატებით ღირებულებას წარმოადგენს მისი პერსპექტივა ადამიანის უფლებებზე, აქცენტი დაზარალებულთა დაცვაზე და დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა შესაბამისობას მის დებულებებთან.

პოლიცია და ადამიანის უფლებები

ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან კანონის დაცვასა და მართლწესრიგის შენარჩუნებაზე, ევროპის საბჭოსათვის მუდამ შეადგენდნენ მნიშვნელოვან მიზნობრივ ჯგუფს. ფართომასშტაბიანი პროგრამა, სახელწოდებით “პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000” საფუძვლად დაედო ამჟამად მიმდინარე პროგრამას “პოლიცია და ადამიანის უფლებები 2000 წლის შემდგომ”, რომელიც გვევლინება კატალიზატორის როლში და მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობას პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან. პროგრამა ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას წევრ სახელმწიფოებთან, საჭიროებათა შეფასებას, სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას და პროექტების შეფასებას.

ადამიანის უფლებათა კომისარი - კომისარი ადამიანის უფლებებისათვის

ადამიანის უფლებათა კომისრის თანამდებობა შეიქმნა 1999 წელს.

ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა სფეროში განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და მათი დაცვის ხელშეწყობაზე წევრ სახელმწიფოებში, ისევე როგორც ევროპის საბჭოს ნორმატიულ ინსტრუმენტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.

კომისარი თამაშობს, უმთავრესად, პრევენციულ როლს და ასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და კონვენციით დადგენილ სხვა ორგანოთა ფუნქციათაგან ზოგიერთს. მას არ გააჩნია აღმასრულებელი ძალაუფლება, თუმცა, წევრ სახელმწიფოებს მიაწვდის რჩევებს, ანალიტიკურ მასალებსა და რეკომენდაციებს საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად და ადამიანის უფლებათა დარღვევების აღსაკვეთად პრაქტიკაში.

კომისრის კომპეტენციის ფარგლები მოიცავს, ასევე, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების მხარდაჭერასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. მას შეუძლია, იმოქმედოს სათანადო ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მომდინარეობს მთავრობების, ეროვნული პარლამენტების, ომბუდსმენის ან მსგავსი ინსტიტუტების, ინდივიდებისა თუ ორგანიზაციების მხრიდან.

კომისარი უფლებამოსილია, მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეას მიაწოდოს მოხსენება, რეკომენდაცია თუ მოსაზრება რაიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. თავდაპირველად, 1999 წლის სექტემბერში, საპარლამენტო ასამბლეის მიერ ამ თანამდებობაზე არჩეულ იქნა ალვარო ხილ რობლესი (ესპანეთი), 2005 წლის 5 ოქტომბერს კი აირჩა თომას ჰამარბერგი (შვედეთი), რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2006 წლის აპრილში.

ბიბლიოგრაფია

ევროპის საბჭოს გამოცემები

Minorities in international law
(2002), ISBN 92-871-4773-6
Rights of national minorities
(2002), ISBN : 963 9341 04 05
Twenty-five years of Council of Europe action in the field of equality between women and men
EG (2002) 5
Going for gender balance
(2002), ISBN 92-871-4901-1
International law – Conventions of the Council of Europe
(1999), ISBN 92-871-3845-1
Human Rights in International Law: basic texts - 3rd Edition
(2007), ISBN: 978-92-871-6281-6
Short guide to the European Convention of Human Rights
(2005), ISBN: 92-871-5670-0
Key case-law extracts: European Court of Human Rights
(2003), ISBN: 92-871-5055-9
Taking a Case to the European Court of Human Rights
(2001), ISBN 1-84174-137-X
Human Rights and the Police
(1997), ISBN 92-871-3296-8
Stand up NOW for human rights!
(video film, 1995)
The death penalty – Abolition in Europe
(1999), ISBN 92-871-3874-5
You're not for sale -- trafficking in Human Beings : comic strip
(2006)
State of human rights and democracy in Europe
(2007), ISBN 978-92-871-6288-5
Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms and protocols to the said Convention
(CETS 005; ISBN 92-871-1961-9) and additional protocols thereto (CETS 009; CETS 044; CETS 045; CETS 046; CETS 055; CETS 114; CETS 117; CETS 118; CETS 140; CETS 146; CETS 155; CETS 177; CETS 187; CETS 194)
European Social Charter
(CETS 035; ISBN 92-871-1811-6) with additional protocols (CETS 128; CETS 158) and amending protocol (CETS 142) thereto
European Convention for the Prevention of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment
(CETS 126; ISBN 92-871-1526-5) and two additional protocols thereto (CETS 151; CETS 152)
European Charter for Regional or Minority Languages
(CETS 148; ISBN 92-871-2210-5)
Framework Convention for the Protection of National Minorities
(CETS No.157; ISBN 92-871-2514-7)
European Social Charter (revised)
(CETS 163; ISBN 92-871-3056-6)
Convention for the protection of Human Rights and dignity of the human being with regard to the application of biology and medicine: Convention on Human Rights and Biomedicine
(CETS 164; ISBN 92-871-3223-2) and four additional protocols thereto (CETS 168; CETS 186; CETS 195; CETS 203)
Convention on Cybercrime
(CETS 185; ISBN 92-871-4822-8) and additional protocol thereto (CETS 189)
Council of Europe Convention on Action against Trafficking in Human Beings
(CETS No.197; ISBN 92-871-5763-4)

ინტერნეტგვერდები

ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატი
http://www.coe.int/T/E/Human_rights
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
http://www.echr.coe.int
წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი
http://www.cpt.coe.int
რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი
http://www.coe.int/ecri
ეროვნული უმცირესობები
http://www.coe.int/minorities
ხელშეკრულებები და კონვენციები
http://conventions.coe.int
ადამიანის უფლებათა კომისარი
http:/commissioner.coe.int


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.