ევროპის საბჭო - 800 მილიონი ევროპელი

მედია და დემოკრატია

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია ქმედითი დემოკრატიის არსებობისათვის.

ევროპის საბჭოს საქმიანობა მედიის სფეროში მიმართულია შემდეგი მიზნებისაკენ:

  • გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების განმტკიცება, ინფორმაციისა და იდეების საზღვრებს მიღმა თავისუფალი გაცვლა;
  • ამ მიზნით, პანევროპული პოლიტიკისა და შესაბამისი სამართლებრივი და სხვა ინსტრუმენტების შემუშავება;
  • სათანადო ზომების მიღება, რათა მედიის სფეროს კანონმდებლობა და პოლიტიკა შეესატყვისებოდეს მასში მიმდინარე ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და მარეგულირებელ ცვლილებებს.

აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება

მინისტრთა კომიტეტის მიერ 1982 წელს მიღებული ევროპული დეკლარაცია გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ გამოხატავს წევრ სახელმწიფოთა მთავრობების ერთგულებას ისეთი ფასეულობებისადმი, როგორიცაა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.

საზღვრებს მიღმა მაუწყებლობის ხელშეწყობა

საზღვრებს მიღმა სატელევიზიო მაუწყებლობის შესახებ ევროპული კონვენცია, რომელიც ძალაშია 1993 წლიდან, მიზნად ისახავს სატელევიზიო საპროგრამო მომსახურების ბრუნვის გაადვილებას ქვეყნების საზღვრებს მიღმა, კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე ამ სახის მომსახურების მიღებისა და ხელახლა გადაცემის თავისუფლების გარანტირების გზით. კონვენცია უზრუნველყოფს მონაწილე მხარეთა მიერ იმ საბაზო პრინციპთა სავალდებულოდ აღიარებას, რომლებიც შეეხება პროგრამის შინაარსს, გამოხმაურების უფლებას, რეკლამასა და სპონსორობას.

კონვენციის თავდაპირველი ვერსიის დებულებები, რომლებიც შეეხება საჯარო იურისდიქციას დიდი მნიშვნელობის ღონისძიებებზე, რეკლამირებასა და ტელევაჭრობაზე, საფუძვლიანად იქნა გადახედილი, სხვებს შორის, შემსწორებელი ოქმის ძალით, რომელიც ძალაში შევიდა 2002 წლის 1 მარტს. ამჟამად, კონვენციის მონაწილე მხარეა 34 სახელმწიფო (მათ შორის, ერთი არაწევრი სახელმწიფო).

სხვა სავალდებულო დოკუმენტები

ევროპული შეთანხმებები:

  • საპროგრამო გაცვლების შესახებ სატელევიზიო ფილმების მეშვეობით (ძალაშია 1961 წლიდან);
  • სატელევიზიო მაუწყებლობის დაცვის შესახებ (ძალაშია 1961 წლიდან);
  • საზღვრებს გარედან მომდინარე მაუწყებლობის აღკვეთის შესახებ (ძალაშია 1967 წლიდან) და მისი დამატებითი ოქმები;

ევროპული კონვენციები, რომლებიც ეხება:

  • საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროს კანონმდებლობის შესახებ საზღვრებს მიღმა სატელიტური მაუწყებლობის ფარგლებში;
  • პირობით დაშვებაზე დამყარებულ ან მის მომცველ მომსახურებათა სამართლებრივი დაცვის შესახებ.

რეკომენდაციები

მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა რიგი სამართლებრივი თუ პოლიტიკური ზომებისა მასმედიის სხვადასხვა ასპექტთან მიმართებაში:

  • ჟურნალისტთა საინფორმაციო წყაროების დაცვა;
  • მედია და არჩევნები;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლობის დამოუკიდებლობა;
  • უფლებათა მფლობელების დაცვა;
  • მედიის გამჭვირვალობა და პლურალიზმი;
  • მნიშვნელოვან მოვლენათა ტრანსლირების ექსკლუზიური უფლებები;
  • ძალადობის ასახვა ელექტრონულ მედიაში;
  • “სიძულვილის შემცველი გამოსვლები”;
  • სამაუწყებლო სექტორის მარეგულირებელ ორგანოთა დამოუკიდებლობა და ფუნქციები;
  • ინტერნეტით კომუნიკაციის თავისუფლება;
  • ინფორმაციის გავრცელება მედიის საშუალებით სისხლის სამართლებრივი სამართალწარმოების შესახებ;
  • პოლიტიკური დებატების თავისუფლება მედიაში.

ევროპელ მინისტრთა კონფერენციები მედიის სფეროში

მინისტრთა კონფერენციები რეგულარული ინტერვალებით განამტკიცებენ მედიის თავისუფლებისადმი ერთგულებას, იღებენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და განსაზღვრავენ ევროპის საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებს მედიის სფეროში. მინისტრთა 2005 წლის კონფერენციაზე (კიევი, 10-11 მარტი) მიღებულ იქნა სამი რეზოლუცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც შეეხება საკომუნიკაციო მომსახურებათა სფეროსა და მათ შინაარსში გამოხატვის თავისუფლების, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების წახალისებას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვასა და შეძლებისდაგვარად ყველა ინდივიდის ფართო მონაწილეობას ინფორმაციულ საზოგადოებაში.

პრიორიტეტული მიმართულებები

მასმედიის სფეროში მმართველი კომიტეტი პასუხისმგებელია ხუთი ძირითადი თემის გარშემო ამჟამად მიმდინარე საქმიანობაზე:

  • გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება კრიზისულ სიტუაციებში (მედიის სფეროს პროფესიონალთა სამუშაო პირობები კრიზისულ სიტუაციებში, ისევე როგორც მათი პასუხისმგებლობები, მათ შორის, დაკავშირებული საკუთრების უფლებასთან და ადამიანური ღირსების პატივისცემასთან);
  • კულტურული მრავალსახეობა და მედია პლურალიზმი მედიის სფეროს კონცენტრირებისა და ახალ საკომუნიკაციო ტექნოლოგიათა და მომსახურებათა განვითარების ფონზე;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლობა ინფორმაციულ საზოგადოებაში;
  • ადამიანის უფლებები ინფორმაციულ საზოგადოებაში (მცირეწლოვანთა დაცვა მავნე შინაარსის ინფორმაციისგან, სხვადასხვა მონაწილეთა როლი და პასუხისმგებლობა ინფორმაციულ საზოგადოებაში, ციფრული ინტეგრაციის წახალისება მედიის სფეროში განათლების მეშვეობით);
  • ცილისწამებასთან დაკავშირებით წევრ სახელმწიფოებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

საქმიანობა, მიმართული დემოკრატიული სტაბილურობის განვითარებისა და განმტკიცებისაკენ

იმგვარი მედია სისტემის დამკვიდრება, რომელიც დააკმაყოფილებს დემოკრატიული საზოგადოების ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით ახალ წევრ სახელმწიფოებში, პრიორიტეტული გახლავთ დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცებისაკენ მიმართულ საქმიანობაში. მედიის სფეროში თანამშრომლობის პროგრამები დახმარებას უწევს ამ სახელმწიფოებს საკანონმდებლო სფეროს ექსპერტიზის მეშვეობით, ისევე როგორც ცნობიერების ასამაღლებელი და საწვრთნელი სემინარების დახმარებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჟურნალისტური თავისუფლების განხორციელება, მედიის საქმიანობა და რასიზმი, არჩევნების გაშუქება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სხვ.

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას აუდიოვიზუალური სფეროს ინდუსტრიის შესახებ ევროპაში. ეს არის ევროპის საბჭოს წილობრივი და გაფართოებული შეთანხმება 37 წევრის მონაწილეობით. მასში, ევროკომისიის სახით, წარმოდგენილია, ასევე, ევროპული თანამეგობრობა.

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის დანიშნულებაა გამჭვირვალობის შეტანა ევროპის აუდიოვიზუალურ სექტორში, როგორც სფეროს პროფესიონალთათვის, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიმღებ პირთათვის.

ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია უძღვება უნიკალურ საინფორმაციო ქსელს, რომელიც წარმოადგენს 400-ზე მეტ სხვადასხვა საინფორმაციო წყაროს (პარტნიორები, პროფესიული ორგანიზაციები, კორესპონდენტები და ა.შ.). აღნიშნული ქსელის წყალობით, ობსერვატორიას გააჩნია სარწმუნო და განახლებადი ინფორმაცია აუდიოვიზუალური ბაზრებისა და ფინანსირების, ისევე როგორც აუდიოვიზუალური სფეროს სამართლებრივი საკითხების შესახებ.

ობსერვატორია აღნიშნულ ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა ფორმით: პუბლიკაციები, ინტერნეტ გამოცემები და მომსახურებები, უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზები და საკონფერენციო პრეზენტაციები

ბიბლიოგრაფია

ევროპის საბჭოს გამოცემები

Council of Europe co-operation and assistance programmes in the media field
DH-MM (2002)5
Freedom of expression in Europe: Case law concerning Article 10 of the European Convention on Human Rights (Human rights files No. 18 (revised))
(2002), ISBN 92-871-4879-1
Media and elections – Handbook
(1999), ISBN 92-871-3952-0
Media and democracy
(1998), ISBN 92-871-3413-8
Guarding the watchdog - The Council of Europe and the media
(2003), ISBN 92-871-5249-7
Economy of the European audiovisual industry: yearbook 2003. 2 volumes
(2003), ISBN 92-871-5220-9
“Mass Media Files” series
(10 titles)
IRIS – Legal Observations of the European Audiovisual Observatory
(monthly)
IRIS Plus Collection - Key Legal Questions for the Audiovisual Sector
(2003), ISBN 92-871-5098-2
European Agreement on the Protection of Television Broadcasts
(CETS 034, ISBN 92-871-0087-X) and the protocol thereto (CETS 054), with three additional protocols to that protocol (CETS 081, CETS 113 and CETS 131)
European Convention on Transfrontier Television
(CETS 132, ISBN 92-871-1715-2) and an amending protocol thereto (CETS 171)
European Convention relating to questions on Copyright Law and Neighbouring Rights in the Framework of Transfrontier Broadcasting by Satellite
(CETS 153, ISBN 92-871-2511-2)
Convention on Information and Legal Co-operation concerning "Information Society Services"
(CETS 180, ISBN 92-871-4815-5)
European Convention for the protection of the Audiovisual Heritage
(CETS 183, ISBN 92-871-4819-8) and a protocol thereto (CETS 184)

ინტერნეტგვერდები

მედია
http://www.coe.int/media
ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორია
http://www.obs.coe.int


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.
© 2009s - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში.