კონგრესი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნულ ასოციაციათა ქსელი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნულ ასოციაციათა ქსელი შეიქმნა 2001 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში დეცენტრალიზებისა და დემოკრატიზების პროცესის ხელშესაწყობად და მოიცავს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნულ ასოციაციებს.

საფუძველი

ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მიღებული ტექნიკური თუ ფინანსური დახმარების მეშვეობით და სტაბილურობის პაქტის მხარდაჭერით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ყველა სახელმწიფოში დაარსდა ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციები. ეს ასოციაციები ნებაყოფლობით საფუძველზე უყრიან თავს მრავალ მუნიციპალიტეტს და თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონის სახელმწიფოებში დემოკრატიის განვითარების კუთხით.

ისინი თავიანთ წევრებს სთავაზობენ მომსახურებებს, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაიღრმავონ გამოცდილება და უნარები ადმინისტრაციულ, სამართლებრივ, ფისკალურ და მართვის სფეროებში, ისევე როგორც სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხებში. ისინი უზრუნველყოფენ ასევე ეფექტიან თანამშრომლობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და წარმოადგენენ და იცავენ წევრთა ინტერესებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ასოციაციის განვითარების დონე და დეცენტრალიზების ხარისხი ამ ქვეყნებში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, 2001 წლის მაისში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესმა საჭიროდ მიიჩნია ამ ასოციაციათა გაძლიერება, რათა წახალისებულიყო ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება.

სტაბილურობის პაქტის ფარგლებში, 2001 წლიდან კონგრესი სარგებლობდა შვეიცარიის მთავრობის ნებაყოფლობითი ფინანსური მხარდაჭერით, რაც გამოიყენებოდა იმგვარი ქსელის დასაარსებლად და გასაფართოებლად, რომელიც თავს მოუყრიდა ეროვნულ ასოციაციებს, გააადვილებდა გამოცდილების ურთიერთგაზიარებას და დაეხმარებოდა ცალკეულ ასოციაციებს თავიანთ შიდა პოლიტიკურ სცენაზე პოზიციების განმტკიცებაში.

2002 წლის დეკემბერში, კონგრესმა გამართა ქსელის საინაუგურაციო კონფერენცია სტრასბურგში, 18 თვიანი მუშაობის შემდეგ კი, 2004 წლის 27 მაისს, კონგრესის პლენარული სხდომის მსვლელობისას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დარბაზში ხელი მოეწერა ქსელის წესდებას.

ასოციაციის 1-ლი გენერალური ასამბლეა შედგა 2005 წლის 6 სექტემბერს სკოპიეში (მაკედონია). მას შემდეგ, აღნიშნული ქსელი აღარ წარმოადგენს არაფორმალურ გაერთიანებას, არამედ იმგვარ ასოციაციას, რომელსაც გააჩნია ოფიციალური სტატუსი და იმგვარი ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს მის მეტ დამოუკიდებლობას. ამდენად, მას უკვე შეუძლია, დაამყაროს კავშირები საერთაშორისო და ევროპულ ორგანიზაციებთან და ამავე სფეროში მოქმედ სხვა ასოციაციებთან, ისევე როგორც შეიმუშავოს სპეციალური პროექტები და სამოქმედო პროგრამები.


წევრები

დღესდღეობით NALAS წარმოადგენს ასოციაციათა ქსელს, რომელიც მოიცავს 4 ათასზე მეტ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს, რომლებიც აირჩევიან პირდაპირი არჩევნების გზით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 60 მილიონზე მეტი მოქალაქის მიერ.

მის შემადგენლობაში არიან სრულუფლებიანი (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ეროვნული ასოციაციები) და ასოცირებული წევრები (სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გარეთ მდებარე სახელმწიფოთა ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციები, ადგილობრივი ხელისუფლების საერთაშორისო ასოციაციები, ადგილობრივი ხელისუფლების მსგავს სფეროებში მოღვაწე ორგანიზაციები, ფონდები, საერთაშორისო და ევროპული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დონორები), ისევე როგორც საპატიო წევრები.


დემოკრატიზებისა და დეცენტრალიზების მხარდაჭერა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში

ქსელის მიზანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიზებისა და დეცენტრალიზების პროცესის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპების თანახმად. ის ხელს უწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციებსა და ევროპის სხვა მსგავს ასოციაციებს შორის თანამშრომლობას, რითაც ეხმარება ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირის გაფართოების პროცესს რეგიონის სახელმწიფოების სასიკეთოდ. ქსელი მხარს უჭერს ასევე იმგვარ ინიციატივებს, რომლებიც მის წევრებს უადვილებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და მათი საჭიროებების წარმოდგენას და ცდილობს, გააღრმავოს დიალოგი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციებსა და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის.

საწვრთნელი კურსებისა და სემინარების მეშვეობით, ის ხელს უწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციებს შორის ინფორმაციის, წარმატებული პრაქტიკის, გამოცდილებისა და საკანონმდებლო ნორმათა ურთიერთგაზიარებას.

ქსელი მონაწილეობს ერთობლივი პროექტების მომზადებაშიც, რომელთაც, დაფინანსების მიზნით, დონორებს გადასცემენ და აფორმებს ორმხრივ შეთანხმებებსა და ტექნიკურ პარტნიორობებს.

ქსელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2004 წლის ოქტომბერში ზაგრებში გამართული სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მინისტრთა რეგიონული კონფერენციის მუშაობაში. მან მინისტრთა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ხელისუფლების ასოციაციებთან უწყვეტი დიალოგის საჭიროებაზე ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში.


1949 წელს დაარსებული პოლიტიკური ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, მიზანია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა მთელ კონტინენტზე. ის ასევე განსაზღვრავს თავის 47 წევრ ქვეყანაში სოციალური, კულტურული და სამართლებრივი საკითხებისადმი საერთო მიდგომის პრინციპებს.


© 2011 - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.