საქართველოს ოფისის სიახლეები საქართველოს ოფისის სიახლეები
Back

ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ოფიციალური გახსნა

ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ოფიციალური გახსნა

2017 წლის 20 ივლისს, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ოფიციალურად იწყებს ახალ პროექტს „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. ღონისძიებას გახსნის და მოდერაციას გაუწევს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, კრისტიან ურსე. შეხვედრას დაესწრებიან ეკა ბესელია - პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები პარტნიორი ორგანიზაციებიდან.

პროექტი ეთანადება ახლად მიღებულ სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. არსებობს მოლოდინი, რომ პროექტის განხორციელებულ აქტივობათა შედეგად, საქართველოს მოქალაქეები ისარგებლებენ უფრო მეტად დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი მართლმსაჯულებით, რასაც უფრო კვალიფიციური და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უზრუნველყოფს. პროექტის მოსალოდნელ შედეგებს შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა, სასამართლო ადმინისტრაციის მომსახურების გაუმჯობესება, რითაც სასამართლოს მომხმარებელი უკეთეს სერვისს მიიღებს, მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის მეტად გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურების დანერგვა.

დასახელებული მიზნების მისაღწევად, პროექტს სხვადასხვაგვარი აქტივობა აქვს დაგეგმილი, როგორიცაა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, კოლეგებს/მოსამართლეებს შორის დიალოგი, საკონსულტაციო და მრგვალი მაგიდის დისკუსიები, კონფერენციები, სასწავლო ვიზიტები და სხვ. საექსპერტო შეფასებები, კვალიფიციური რეკომენდაციების მოწოდება იურიდიულ პროფესიათა მარეგულირებელ სამართლებრივ თუ ინსტიტუციურ ჩარჩოებზე, აგრეთვე ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული კვლევები და რელევანტური პუბლიკაციები პროექტის მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს. ასევე იგეგმება ისეთ საჭირბოროტო საკითხთა წამოწევა, როგორიცაა გენდერული პრობლემები და უმცირესობათა უფლებები და მათი გათვალისწინება სასამართლო რეფორმის პროცესის წარმართვისას.

პროექტი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან პარტნიორობითა და მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, უზენაეს სასამართლოსთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, იუსტიციის სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციასთან. ინტენსიურად ითანამშრომლებს ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან: დამოუკიდებელ ექსპერტებსა თუ სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ამ პროექტის მეშვეობით ევროპის საბჭო განაგრძობს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას საქართველოში მომდევნო 32 თვის განმავლობაში. პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.


თბილისის ოფისში 21 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროგრამებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. იხილეთ მეტი >>

პროგრამები საქართველოში