პროექტის შესახებ

პროექტი „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში, II ფაზა“, განხორციელდება 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს,  როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს ძალისხმევას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, რეიკიავიკის პრინციპები დემოკრატიისთვის „დაიცვას და ხელი შეუწყოს დემოკრატიის, სამართლის  უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სამი ფუნდამენტური, ერთობლივი და განუყოფელი პრინციპის დაცვას, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროპის საბჭოს წესდებასა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში“.

ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტი, დემოკრატიზაციის პროცესების მხარდასაჭერის მიზნით, ათ წელზე მეტია თანამშრომლობს ეროვნულ პარტნიორებთან. წარმატებულმა ერთობლივმა საქმიანობამ და მიღწევებმა განსაკუთრებული  წვლილი შეიტანა ადგილობრივი საარჩევნო პრაქტიკის ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობასთან მეტად დაახლოებაში.  საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეებთან, საქართველოს ხელისუფლებასთან, პოლიტიკური ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის   წარმომადგენლებთან ჩამოყალიბდა ეფექტიანი  თანამშრომლობა და საქმიანი გარემო. პროექტმა, კომპლექსური, დროული და შედეგზე ორიენტირებული  ღონისძიებებით, ხელი შეუწყო საქართველოში საარჩევნო პროცესების  გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის გაუმჯობესებას.

პროექტის მეორე ფაზა ეფუძნება წინა ფაზის მიღწევებს. ამასთან, გათვალისწინებული იქნება  2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელოვანი კონტექსტი. პროექტი გააგრძელებს ადგილობრივი პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეებისათვის მაღალი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტიზის მიწოდებას, რათა შესთავაზოს არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების სიღრმისეული ანალიზი და   მათი  გადაჭრის შესაძლო გზები. პროექტის საქმიანობა  ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოს სტანდარტების, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის რეკომენდაციების, ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის ერთობლივი მოსაზრებებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე შემდგომ დანერგვას. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს არჩევნების სფეროში ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას.

 პროექტის ბიუჯეტი: 500 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 იანვარი 2024 - 31 დეკემბერი 2025

 პროექტის საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში შემდგომი ფაზა

მეთოდოლოგია

პროექტის განხორციელებას კოორდინაციას უწევს ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის არჩევნებზე დაკვირვებისა და მხარდაჭერის განყოფილება.

პროექტის გუნდი დაკომპლექტებულია საერთაშორისო და ადგილობრივი კადრებით, რომლებთაც აქვთ ფართო პროფესიული გამოცდილება საარჩევნო საკითხებში და ადგილობრივი კონტექსტის სიღრმისეული ცოდნა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, როგორც გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანა.

პროექტის საქმიანობა ორიენტირებულია საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეების შესაძლებლობების შემდგომ განვითარებაზე, პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაცვლაზე, მათ შორის, იგულისხმება რეგიონული  თანამშრომლობის გაფართოება ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების  საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის, ეფექტიანი დიალოგის პლატფორმებისა და საჯარო კონსულტაციების ხელშეწყობაზე საარჩევნო პრაქტიკის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებასა და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებაზე.  

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

პროექტი ხელს უწყობს ინკლუზიურ და მონაწილეობით პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საარჩევნო პრაქტიკის შემდგომ დახვეწას და ამ პროცესში საარჩევნო და საჯარო მოხელეების, პოლიტიკურ ჯგუფების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების, მოსამართლეების, რომლებიც განიხილავენ საარჩევნო დავებს, პოლიტიკოსი ქალების, მათ შორის, ქალი კანდიდატების, ახალგაზრდებისა და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ჩართვას.

პროექტის საბოლოო ბენეფიციარები არიან საქართველოს მოქალაქეები, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ სრულად განახორციელონ  საარჩევნო უფლებები და გავლენა მოახდინონ ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესებზე.

პროექტის მიზნები

ახალი სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, ევროპის საბჭოს მხარდაჭერა არჩევნების სფეროში ხელს შეუწყობს საარჩევნო რეფორმას, საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის შემდგომ გაუმჯობესებას, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და განვითარებას,  საარჩევნო პროცესებში მონაწილე მხარეებს შორის დიალოგის მხარდაჭერას, ამომრჩეველთა ცნობიერების გაზრდასა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას,  კერძოდ, 2024 წლის საპარლამენტო და 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში. 

პროექტის საქმიანობა მოიცავს შემდგომ ძირითად მიმართულებებს: საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ანტიკორუფციული ბიუროს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ადმინისტრაციული, ოპერაციული  და მართვის შესაძლებლობების გაძლიერება; საარჩევნო რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით დიალოგის პლატფორმების ხელშეწყობა, საარჩევნო პრაქტიკაში გენდერული თანასწორობისა და ინტერსექციული პერსპექტივების დანერგვა; საარჩევნო პროცესებში მოქალაქეების ჩართულობასა და ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისება; ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას საარჩევნო პროცესების  მიუკერძოებლობისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით.

პროექტის საქმიანობის თანმდევი საკითხებია: საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და აღკვეთა; საარჩევნო პროცესებში დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის გამოყენების პრევენცია და აღკვეთა; პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის გაძლიერება; სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ადგილობრივი დამკვირვებელის  შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა არჩევნებზე დაკვირვების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; საარჩევნო დავების გადაწყვეტის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება; მედიის მიერ არჩევნების დაბალანსებული და მიუკერძოებელი გაშუქების ხელშეწყობა; ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერება; ამომრჩეველთა განათლება და საარჩევნო პროცესებში მოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდებისა და შშმ პირების აქტიური ჩართულობის წახალისება, საარჩევნო პროცესებში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge