Back რატომ გვხვდება ქალი მოსამართლეების დაბალი წარმომადგენლობა საერთო სასამართლოების მართვის რგოლში - ევროპის საბჭო კვლევას აქვეყნებს

რატომ გვხვდება ქალი მოსამართლეების დაბალი წარმომადგენლობა საერთო სასამართლოების მართვის რგოლში - ევროპის საბჭო კვლევას აქვეყნებს

23 ოქტომბერს ევროპის საბჭომ წარადგინა კვლევის შედეგები, რომელიც შეეხება საერთო სასამართლოების მართვის რგოლში ქალ მოსამართლეთა დაბალი წარმომადგენლობის განმსაზღვრელ ფაქტორებს. კვლევა ჩაატარა კომპანია „ეისითიმ“ (ACT), თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით. კვლევისას გამოიკითხნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე - იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

მზია თოდუამ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გზირიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს.

კვლევამ გამოავლინა შესაძლო წამახალისებელი მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს მეტად დაბალანსებულ ქალ მოსამართლეთა წარმომადგენლობას მენეჯერულ პოზიციებზე: სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული დატვირთვის შემცირება; თავმჯდომარისთვის მენეჯერული ფუნქციების ჩამოშორება; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვადის გაზრდა და შედარებით მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

ქალის კარიერული წინსვლის შემაფერხებელ ბარიერად დროის სიმცირე გამოიკვეთა. კაცი კოლეგებისგან განსხვავებით, ქალი მოსამართლეები ხშირად იბრძვიან სამუშაოსა და ოჯახს შორის ბალანსის დაცვისთვის. ადმინისტრაციული საქმეების ტვირთი, რომელიც სასამართლო სისტემაში მენეჯერულ პოზიციას უკავშირდება, პოზიციას ნაკლებად მიმზიდველს ხდის. 

სასამართლოების/კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების დანიშვნის კრიტერიუმებზე კვლევის შედეგად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიცია გამოიკვეთა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების არარსებობა პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალე პროცესი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ჯგუფს, მიიღონ სუბიექტური გადაწყვეტილებები; მოსამართლეები კი ფიქრობენ, რომ კრიტერიუმების დაწესება მოსამართლეებისთვის მენეჯერულ პოზიციებზე დანიშვნისას შეიძლება  ეფექტიანი არ იყოს.

სამიზნე ნიშნულის დაწესება, როგორც გზა ქალების წარმომადგენლობის გაზრდისათვის სასამართლო სისტემაში ასევე კვლევის ერთ-ერთი მიგნებაა. ნაწილთა პოზიციით, სამიზნე რაოდენობის შემოღება აუცილებელი მექანიზმია ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად, ხოლო მეორე დამოკიდებულებით, ეს იქნება პოზიტიური დისკრიმინაცია, რაც უფრო მეტად უკუშედეგს გამოიწვევს.

კვლევაში მონაწილე მოსამართლეების აზრით, სისტემას აქვს ორი ძირითადი გამოწვევა, რომელიც არ უკავშირდება გენდერს, არამედ ნდობასა და სასამართლოს გადატვირთულობას.

კვლევა მოამზადა „ეისითიმ“  (ACT) ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

თბილისი, საქართველო 23 ოქტომბერი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page