ადამიანის უფლებათა კომისარი
ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.
ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატი
ადამიანის უფლებათა კომისრის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის რეზოლუციით (99) 50. ამ რეზოლუციის თანახმად, კომისარს ევალება:
- ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურეობა, წევრი ქვეყნების დახმარება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტების შესრულებაში;
- ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა საკითხებზე;
- საკანონმდებლო და პრაქტიკული დარღვევების გამოვლენა ადამიანის უფლებათა საკითხებში;
- ადგილობრივი ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ეროვნული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა; და
- რეგიონის მასშტაბით კონსულტაციის გაწევა და ინფორმირება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
ამგვარად, კომისრის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია რეფორმების წახალისება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საგრძნობი წინსვლის მიზნით. რადგანაც კომისრის ოფისი არასამართლებრივი ინსტიტუციაა, ის ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე ვერ მოქმედებს. დამაჯერებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კონკრეტული ადამიანების უფლებების შელახვის ფაქტებს ეხება, კომისარს შეუძლია მოსაზრებების შემუშავება და მასშტაბური ინიციატივების წამოწყება. კომისარი თანამშრომლობს საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუციებთან და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმებთან. კომისრის ოფისის ყველაზე მნიშნველოვანი მთავრობათაშორისი პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი სააგენტოები, ევროკავშირი და ეუთო. კომისარი მჭიდროდ თანამშრომლობს აგრეთვე ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და თემატურ ჯგუფებთან.
კომისრის საქმიანობა
ადამიანის უფლებათა კომისარი
ადამიანის უფლებათა კომისარი დამოუკიდებელი და არასამართლებრივი ინსტიტუციაა, რომელიც შეიქმნა 1999 წელს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვისა და ამ თემაზე საზოგადოების ინფორმირების მიზნით. ამ სამსახურის საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება:
- ვიზიტები წევრ ქვეყნებში; დიალოგი ეროვნულ ხელისუფლებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან
- თემატური ანგარიშები და კონსულტაციები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე
- საქმიანობა ცნობიერების ამაღლების მიზნით
კომისარს ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მინისტრთა კომიტეტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურიდან. კომისარი ინიშნება ექვსწლიანი ვადით და მისი მანდატის გაგრძელება შეუძლებელია.
ვიზიტები ქვეყნებში, დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან
კომისარი რეგულარულად ახორციელებს მონიტორინგის ვიზიტებს ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში, რათა შეაფასოს ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ვიზიტების განმავლობაში კომისარი ხვდება მთავრობის, პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ის ესაუბრება რიგით მოქალაქეებსაც, რომლებიც ჩივიან ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტებზე. კომისარი ათვალიერებს ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით განსაკუთრებულად მოწყვლად ადგილებს, როგორებიცაა საპატიმროები, ფსიქიატრიული საავადმყოფოები, თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრები, სკოლები, მზრუნველობამოკლებულ და ობოლ ბავშვთა თავშესაფრები და სხვა დაუცველი ჯგუფების განსახლების ადგილები.
ვიზიტის შემდეგ, კომისარს შეუძლია გაუგზავნოს საგანგებო ანგარიში შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებას. ეს ანგარიში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ვითარების ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს, რომელსაც ახლავს სასარგებლო საკანონმდებლო და პრაქტიკული რჩევების შემცველი რეკომენდაციები პრობლემატური საკითხების გადაჭრისთვის. გარდა ამისა, კომისარს აქვს უფლება, წარსდგეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, როგორც მესამე მხარე, წარუდგინოს მას ინფორმაცია წერილობითი სახით ან მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოსმენებში.
თემატური ანგარიშები და კონსულტაციები ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად
კომისარი აქტიურ თემატურ მუშაობას ეწება ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე. ის აწვდის დაინტერესებულ მხარეებს რჩევებსა და ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის საკითხებზე, შეიმუშავებს მოსაზრებებს, საგანგებო დოკუმენტებსა და ანგარიშებს.
ცნობიერების ამაღლება
კომისრის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა საკითხებზე განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, კომისარი პერიოდულად მონაწილეობს თემატურ სემინარებში და ღონისძიებებში. ის მუდმივად თანამშრომლობს მთავრობებთან, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან იმ მიზნით, რომ საზოგადოებას მიეწოდოს მეტი ინფორმაცია, ამაღლდეს ცნობიერება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების შესახებ. კომისარი მონაწილეობს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე გამართულ დებატებსა და მსჯელობებში. ის თანამშრომლობს საინფორმაციო საშუალებებთან, აქვეყნებს თემატურ სტატიებს პერიოდულ გამოცემებში.
წევრ ქვეყნებში ვიზიტების, თემატური მუშაობისა და განათლების ხელშეწყობის აქტივობების განუყოფელი ნაწილია ადამიანის უფლებათა აქტივისტების უსაფრთხოება. ამ მიზნით, კომისარი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებთან და საერთაშორისო სტრუქტურებთან, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მის სააგენტოებთან, ევროკავშირთან და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (ეუთო). კომისრის სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს აგრეთვე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივ სტრუქტურებთან და წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და თემატურ ჯგუფებთან.
1952 წლიდან, როცა ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა, საგრძნობლად გაძლიერდა ევროპის საბჭოს თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 2003 წელს მონაწილის სტატუსის შემოღებამ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მისცა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპის საბჭოს პოლიტიკასა და სამუშაო პროგრამებში და ხელი შეუწყონ ევროპის საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.
ადამიანის უფლებათა კომისარი და საქართველო
ადამიანის უფლებათა კომისრის მოვალეობაა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება. კომისრის ვიზიტები საქართველოში 2000, 2008, 2009, 2011, 2014, 2015, 2016 და 2022 წლებში განხორციელდა.