Back ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ჩემი ხმა დემოკრატიაში“

ესეების კონკურსი ახალგაზრდებისათვის „ჩემი ხმა დემოკრატიაში“

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისია იწვევენ 18 - 25 წლის ასაკის ახალგაზრდებს მონაწილეობა მიიღონ ესსეების კონკურსში, თემაზე - ჩემი ხმა დემოკრატიაში“.

ესეს თემა

„ჩემი ხმა დემოკრატიაში“

თემა უნდა განვითარდეს დღევანდელ საქართველოში საარჩევნო პროცესებისა და არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობის ირგვლივ და ემყარებოდეს ავტორის პირად გამოცდილებასა და თვალსაზრისს.

სასურველია ესსეში მსჯელობა განვითარდეს შემდეგ საკითხებზე: არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიულ პროცესებში, ახალგაზრდების როლი საარჩევნო პროცესებში, აქტიური ახალგაზრდა ამომრჩევლები და მათი გავლენა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, ერთი ხმის მნიშვნელობა და შედეგი, როგორ შეიძლება წახალისდეს ახალგაზრდების მეტი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, პასიური ახალგაზრდა ამომრჩევლის პოზიცია და არგუმენტები, თუ რატომ არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში და რა შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას და სხვ.  

ესსეში ასევე შესაძლებელია განხილულ იქნეს საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის თაობაზე არსებული საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკა. 

მონაწილეობის პრინციპი

  • ასაკი - 18 -25 წელი.
  • ესსე უნდა დაიწეროს ქართულ ენაზე.
  • მაქსიმალური მოცულობა - 1000 სიტყვა.
  • ნამუშევრები მოწოდებული უნდა იყოს ელექტრონული ფოსტით, MS Word ფორმატში, 12 pt ზომის (ნებისმიერი ფონტის შემთხვევაში) შავი ფონტით, სტრიქონებს შორის ორმაგი დაშორებით, დანომრილი გვერდებით.

გთხოვთ, თქვენი ესსე გამოგზავნოთ 2021 წლის 2 დეკემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

დადგენილი ვადის შემდეგ მიღებული ნამუშევრები არ იქნება განხილული.

შეფასება და კრიტერიუმები

ნამუშევრები შეფასდება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ.

შეფასების კრიტერიუმები:

  • კონკურსის მიზანთან და პირობებთან შესაბამისობა.
  • ორიგინალური აზროვნება/მსჯელობა და შერჩეული თემის შესახებ ინფორმაციის ფართო და კომპლექსური ცოდნის დემონსტრირება.
  • ანალიტიკური და კრიტიკული და აზროვნების უნარ-ჩვევა: შერჩეულ თემასთან მიმართებაში სისტემურად და ლოგიკურად გაანალიზების, შეფასებისა და დასკვნების გამოტანის უნარი.

           ჯილდოები

           სამი საუკეთესო ესსეს ავტორი დაჯილდოვდება: I ადგილი  - 750 ლარის, II ადგილი 550 ლარის და  III ადგილი 450 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ბარათებით.

სამ გამარჯვებულ ავტორს ასევე საშუალება ექნება საარჩევნო პერიოდში სტაჟირება გაიარო უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, ასევე - მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტში ,,ჩემი პირველი არჩევნები“.

ოცდაათამდე საუკეთესო ნაშრომის ავტორი მონაწილეობას მიიღებს ესსეების კონკურსის „ჩემი ხმა დემოკრატიაში“ შემაჯამებელ დისტანციურ ღონისძიებაში, სადაც  გაიმართება თემატური დისკუსია ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით და სამი გამარჯვებული ავტორის დაჯილდოების ცერემონია.

 

საავტორო უფლება

თქვენი ესსეს მოწოდების შემდეგ, ექსკლუზიური უფლება გვენიჭება, რომ გამოვცეთ და/ან გავავრცელოთ თქვენი ტექსტი ელექტრონულ ფორმატში, ნაბეჭდი ან ნებისმიერ სხვა სახით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი სახელი ტექსტში ყოველთვის გარკვევით იყოს მითითებული და ვიტოვებთ ტექსტში აუცილებელი სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლებას.

ესსეების კონკურსი ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში ხელშეწყობით.

 

კითხვა & პასუხი:

კითხვა: ესსეს გამოგზავნის მომენტისთვის ვიქნები 25 წლის. დაბადების თარიღი: ნოემბრის ბოლო. ვაკმაყოფილებ თუ არა ასაკობრივ კრიტერიუმს?

პასუხი: დიახ, აკმაყობილებთ.

 

კითხვა: მოიცავს თუ არა 1000 სიტყვის ლიმიტი  სქოლიოებს და ესეს თავფურცელს?  

პასუხი: არა, არ მოიცავს.

 

კითხვა: შეუძლიათ თუ არა აჭარის გარდა საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობის მიღება?

პასუხი: დიახ, შეუძლიათ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page