Back ფინანსური გამოძიების შესახებ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ტრეინინგი

ფინანსური გამოძიების შესახებ  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ტრეინინგი

ევროპის საბჭომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით გამართა ორდღიანი ტრეინინგი თემაზე „ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების საქმეების ფინანსური გამოძიება“.

ღონისძიება გაიმართა „ჰიბრიდული“ ფორმატით, რომლის დროსაც ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები ონლაინ ჩართვით მონაწილეობდნენ, ხოლო საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები შეხვედრის ადგილიდან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართველი გამომძიებლებისა და პროკურორებისათვის გაეცნო დღეისათვის საერთაშორისო დონეზე ფინანსური გამოძიების დროს გამოყენებული სხვადასხვა და ინოვაციური საგამოძიებო მეთოდები. მონაწილეებმა მოისმინეს ინტერაქტიული პრეზენტაციები და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ფინანსური გამოძიების როლს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეებთან მიმართებაში ასეთი გამოძიების თავისებურებებს, ღია წყაროებიდან და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით მოპოვებულ ინფორმაციას, ვირტუალურ ვალუტასა და ახალ რეკომენდაციებს. ტრეინინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების დროს გამოყენებულ მექანიზმებსა და ასეთი დახმარების დროს წარმატებას. შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის ანალიზთან ერთად, ქართველ გამომძიებლებსა და პროკურორებს მიეწოდათ ინფორმაცია სასარგებლო ონლაინ მასალების შესახებ, რომლებიც მომავალში მათ დაეხმარებათ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიების ჩატარებაში.

სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენების დროს არსებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფინანსური გამოძიების პრაქტიკის გაუმჯობესებას. საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშში (2019) აღნიშნული სახის გამოძიება განსაზღვრულია, როგორც პრიორიტეტი. მისი მნიშვნელობა, ასევე, ხაზგასმულია საქართველოს პროკურატურის 2017-2021 სამოქმედო გეგმაში, რომლის მიხედვითაც შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ამავე დროს, ტრეინინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია MONEYVAL-ის მეხუთე რაუნდის საქართველოს შეფასების ანგარიშში (2020) მოცემულ რეკომენდაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელიც მიუთითებს საქართველოში ფინანსური გამოძიების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობაზე.

 შეხვედრა ჩატარდა საქართველოს მთავრობისა და ევროპის საბჭოს მიერ Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებით დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით.

27-28 აპრილი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page