Back მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა 2019-ის გამარჯვებულები სასწავლო ვიზიტით საერთაშორისო ინსტიტუტებს ესტუმრებიან

მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა 2019-ის გამარჯვებულები სასწავლო ვიზიტით საერთაშორისო ინსტიტუტებს ესტუმრებიან

28 თებერვალს ბორჯომში მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა 2019-ის ფარგლებში 4 ყველაზე წარმატებული მონაწილე დასახელდა. 

მონაწილეები სასწავლო ვიზიტით ესტუმრებიან ევროპის საბჭოს სათავო ოფისს სტრასბურგში, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ლუქსემბურგში და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო ორგანოებს.

მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა აერთიანებს  30-მდე მონაწილეს: მოსამართლეთა თანაშემწეებს, ანალიტიკური დეპარტამენტების თანამშრომლებს, სასამართლოს სტაჟიორებსა და სამართლის სპეციალობის სტუდენტებს. პროგრამის მიზანია მონაწილეთა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება.

„ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მართლმსაჯულების სისტემისათვის. უნდა მოხდეს თაობათა ცვლა და ახალი თაობა უნდა იყოს მზად, გაუმკლავდეს მძიმე ემოციურ დატვირთვას, რაც სასამართლოში მუშაობას ახლავს“, - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ თავის სიტყვაში სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ზამთრის სკოლა არის გამორჩეული პროექტი, რომელიც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. ამ პროექტის ფარგლებში სასამართლოს მოხელეებს აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კვალიფიციური ექსპერტების დახმარებით გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და აიმაღლონ კვალიფიკაცია“.  

ამგვარი მხარდაჭერა და დადებითი გამოხმაურება ადგილობრივ დონეზე სტიმულს აძლევს აღნიშნული პროგრამის გაგრძელებას.

მართლმსაჯულების სკოლა უკვე მესამედ გაიმართა. მის ორგანიზებაში ჩაერთვნენ ევროპის საბჭო, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი (EU4Justice), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი“ (USAID/PROLoG), გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტების ფარგლებში. სკოლა ჩატარდა უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ეგიდით.

აქტივობას სისტემატურად უჭერს მხარს ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკის და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

 

ბორჯომი, საქართველო 22-28 თებერვალი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page