Back საქართველოში რიგით მეორე თანასწორობის კვირეული ონლაინ ტარდება

საქართველოში რიგით მეორე თანასწორობის კვირეული  ონლაინ ტარდება

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 9-16 ნოემბერს რიგით მეორე თანასწორობის კვირეულს გმართავენ.  თანასწორობის კვირეულის მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება,  ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. თანასწორობის კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში.

COVID-19-ით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო წელს თანასწორობის კვირეულის აქტივობები ონლაინ ჩატარდება. აღნიშნული კვირეული ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ინსტიტუცია გეგმავს ონლაინ აქტივობების ჩატარებას თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე. 

თანასწორობის კვირეულის გახსნის შესახებ ვიდეო მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის Facebook გვერდზე გავა. ვიდეო მიმართვაში მონაწილეობას მიიღებენ: ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი; თეა ახვლედიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი; ნინო ცაციაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე; ლელა აქიაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ეკატერინე დგებუაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე; გელა გელაძე, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი და  ბაია პატარაია, კოალიცია „თანასწორობისთვის“. 

თანასწორობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ონლაინ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია:

9 ნოემბერი, 16:00 სთ, საუბრები ადამიანის უფლებებზე - პირადი ისტორიები: მხარდაჭერა მნიშვნელოვანია პირდაპირ ეთერში გავა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და მე ვირჩევ თანასწორობას Facebook გვერდებზე. ონლაინ საუბრები ტარდება სახალხო დამცველის აპარატთან ერთად. მთავარი სპიკერები იქნებიან: აითაჯ ხალილლი, სამოქალაქო აქტივისტი; ლელა მჭედლიშვილი, მასწავლებელი; დავით ბიბილეიშვილი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა აქტივისტი და ლელა ცქიტიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს ქვეპროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ კოორდინატორი. მათი პირადი ისტორიების ვიდეოები ხელმისაწვდომია აქ და აქ.

12 ნოემბერი, 12:00 სთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პარლამენტთან და ევროპის საბჭოსთან ერთად ჩაატარებს კვლევის „ერთობლივი ძალისხმევით! გენდერული ბალანსის მისაღწევად ევროპულ სპორტში“ ონლაინ პრეზენტაციას. კვლევაში მოცემულია სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის შესახებ მონაცემები, ასევე ლიდერობის, მწვრთნელის, მონაწილეობის, მედია  კომუნიკაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ანალიტიკა, რათა განხორციელდეს  პროგრესის მონიტორინგი და გაკეთდეს შედარებები ქვეყნების და სპორტის სახეობების მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას. ონლაინ დისკუსიას გახსნიან მიხეილ ჩხენკელი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (TBC) და ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში. თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება. ონლაინ ღონისძიება გადაიცემა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის Facebook გვერდებზე.

13 ნოემბერი, 16:00 სთ, ევროპის საბჭო ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან ერთად ჩაატარებს ონლაინ ღონისძიებას თანასწორობისა და მრავალფეროვნების ისტორიები: მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეოების ონლაინ პრეზენტაცია გმირებთან ერთად. ღონისძიებას გახსნიან ეკა ჭითანავა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მააიკე ვან კოლდა. ღონისძიება გაშუქდება პირდაპირ ეთერში TDI-ის, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის და მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის Facebook გვერდებზე. თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება.

გაიგეთ უფრო მეტი თანასწორობის კვირეულის აქტივობების შესახებ კამპანიის მე ვირჩევ თანასწორობას Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/IChooseEquality/

პირველი თანასწორობის კვირეული საქართველოში გასულ წელს ჩატარდა და მოიცავდა სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრებსა და პრეზენტაციებს  თბილისსა და  რეგიონებში, სადაც ახალგაზრდებსა და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ ინფორმაცია თანასწორობის მნიშვნელობასა და არსებულ სამართლებრივ და დაცვის მექანიზმებზე.

თანასწორობის კვირეული ხორციელდება მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს  პროექტის  „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“  ნაწილია. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 4 ნოემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page