Back საქართველოს უზენაესი სასამართლო მასპინძლობს ზამთრის სკოლის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალს

საქართველოს უზენაესი სასამართლო მასპინძლობს ზამთრის სკოლის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალს

2018 წლის 9 მარტს „მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა“ ხუთი ყველაზე წარმატებული მონაწილის დაჯილდოებით დასრულდა. ზამთრის სკოლა 24-28 თებერვალს ბორჯომში ჩატარდა და მიზნად ისახავდა თეორიული ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას მოსამართლეთა თანაშემწეებისა და ანალიტიკური დეპარტამენტების თანამშრომლებისათვის. მასში ასევე მონაწილეობდა სამართლის სპეციალობის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის რამდენიმე სტუდენტი. ზამთრის სკოლის სესიები ისეთ თემებს შეეხებოდა, როგორიცაა სამოსამართლო ეთიკა, დისკრიმინაცია, მედიაცია და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. საგანგებო აქცენტი გაკეთდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის მნიშვნელობაზე საჯარო მოხელეთა ყოველდღიურ საქმიანობაში.

ზამთრის სკოლის მონაწილეები, მათ შორის, წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, საგანგებოდ შექმნილმა კომისიამ ღია კონკურსის წესით შეარჩია. სკოლის პროგრამამ საყოველთაო მოწონება და დადებითი შეფასება მიიღო, რაც მყარ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ ეს პროგრამა მომავალშიც განახორციელოს. 

ზამთრის სკოლა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ეგიდით ჩატარდა. მის ორგანიზებასა და დაფინანსებაში ჩაერთვნენ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი (EU4Justice), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი“ (USAID/PROLoG), გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტების ფარგლებში.

დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ პოზიტიურად შეაფასა ზამთრის სკოლა, რომელიც შინაარსით ძალიან კომპლექსური აღმოჩნდა და გამოთქვა იმედი, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებაში, მოსამართლეებთან ერთად, განსაკუთრებული როლი აკისრიათ მათ თანაშემწეებსაც. მან საგანგებო მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს ამ პროგრამის განხორციელებისათვის. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ მონაწილეებს მიულოცა წარმატებული  დასრულება ამ ძალიან მომთხოვნი პროგრამისა, რომელმაც საშუალება მისცა მათ, გამოეცადათ თავიანთი მრავალმხრივი უნარები, მათ შორის, დროის მართვის, გუნდში მუშაობის და თვითდისციპლინის. მან აღნიშნა, რომ ორი მონაწილე ჩაერთვება სასწავლო ვიზიტში სტრასბურგში, სადაც გაეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობას და ევროპის საბჭოს სხვა სტრუქტურების საქმიანობას.  

ზამთრის სკოლას ევროპის საბჭომ მხარი დაუჭირა პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

9 მარტი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page