Back

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის გარშემო გამოცდილების გაზიარებას

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში ხელს უწყობს სასამართლო რეფორმის გარშემო გამოცდილების გაზიარებას

2017 წლის 24 ნოემბერს ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სასამართლოს დამოუკიდებლობა და ადმინისტრირება ყაზახეთის რესპუბლიკაში“. ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ყაზახეთის ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერა სასამართლო სისტემის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაში“ - ფარგლებში, ყაზახეთის უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან პარტნიორობით. ევროპის საბჭოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, კონფერენციას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და უზენაესი სასამართლოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი ნატო ლომთათიძე.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალბატონმა ნინო გვენეტაძემ. გამომსვლელებს შორის, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, იყვნენ ყაზახეთის უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხორვატიის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები. მან ასევე წარმოადგინა მოხსენება თემაზე „სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: მიღწევები და გამოწვევები“. მოხსენებაში ქალბატონმა თავმჯომარემ მიმოიხილა მესამე ტალღის რეფორმის ძირითადი მიმართულებები. ისაუბრა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტზე, საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე, ცვლილებებზე მოსამართლეთა დანიშვნის წესში და სხვა. ასევე შეეხო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, ამ გეგმის განხორციელების გზებსა და მოსალოდნელი გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობებს.

უზენაესი სასამართლოს მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა კონფერენციის მონაწილეებს სასამართლოს სტრუქტურა გააცნო და ის სტრუქტურული ცვლილებები მიმოიხილა, რაც სასამართლოში 2017 წელს განხორციელდა. ქალბატონმა ნატო ლომთათიძემ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ფუნქციებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა ახლებური სტრუქტურის უპირატესობებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა თუ გამჭვირვალობის მიღწევის საქმეში.

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფინანსური კონტრიბუცია აღნიშნულ კონფერენციაში ქართული დელეგაციის მონაწილეობისათვის იმ აქტივობათა შემადგენელი ნაწილია, რომელიც სასამართლო რეფორმის წარმატებით განხორციელებას ემსახურება. არსებობს მოლოდინი, რომ მსგავსი ღონისძიებები და საერთაშორისო დონეზე დისკუსიებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, რაც თავის მხრივ, დაეხმარება რეფორმის ეფექტიან განხორციელებას.

ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.