Back სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში ხელს უწყობს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების სისტემის გაუმჯობესებას

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში ხელს უწყობს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების სისტემის გაუმჯობესებას

2017 წლის 14 და 15 ნოემბერს ევროპის საბჭოს სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტმა საქართველოში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) ერთად, ორგანიზება გაუკეთა ერთობლივ სემინარს, რომლის მთავარი ფოკუსიც გახლდათ საშუალებები და მეთოდები მოსამართლეთა საქმიანობის ეფექტიანი შეფასებისათვის.   

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარებულ სემინარს 30 მონაწილეზე მეტი ესწრებოდა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და პერსონალი. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. შეხვედრას მამაკაცთა და ქალთა თანაბარი რაოდენობა ესწრებოდა.

სემინარის მონაწილეებმა მოუსმინეს ODIHR-ისა და ევროპის საბჭოს ექსპერტებს და გაიზიარეს ლატვიის, იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის მაკედონიის, ჰოლანდიის, პოლონეთის, სლოვენიისა და გაერთიანებული სამეფოს პრაქტიკოსი ექსპერტების გამოცდილება.  

„ამ სემინარით ვესწრაფვით მხარი ავუბათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მცდელობას, გააუმჯობესოს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მექანიზმი, რაც საქართველოს სასამართლო რეფორმის სტრატეგიის ნაწილია. ცხადია, შეფასების უფრო დეტალური და გამჭვირვალე ინსტრუმენტების არსებობა მხოლოდ ხელს შეუწყობს ამ პროცესს,“ - განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ.

ODIHR-ის კანონის უზენაესობის განყოფილების ხელმძღვანელმა, გენადი ბარბამ კი აღნიშნა: „მოსამართლეთა საქმიანობის სათანადო შეფასება სასამართლო სისტემისადმი რწმენისა და ნდობის ჩამოყალიბების არსებითი კომპონენტია. კმაყოფილებას მგვრის იმის დანახვა, რომ ქართველი კოლეგები ასეთი ძლიერი მონდომებით უდგებიან ამ საკითხს“.

მონაწილეებმა იმსჯელეს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მიზანზე, რაოდენობრივ და ხარისხობრივ კრიტერიუმებს შორის ბალანსის დაცვაზე, შეფასებისათვის საჭირო მონაცემების წყაროებზე. ასევე განიხილეს საერთაშორისო სტანდარტები, შეფასების მეთოდები და კარგი პრაქტიკის მაგალითები, შეეხნენ არსებულ გამოწვევებსა და მათთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს.

აღნიშნული სემინარი ODIHR-ის საქმიანობის ნაწილია, რომელიც საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ემსახურება.   

ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page