Back

კვლევა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ეფექტიანობის შესახებ

კვლევა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ეფექტიანობის შესახებ

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დაასრულა კვლევა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უწევს. კვლევის მიზანია დაეხმაროს ასოციაციას გამოცდების ორგანიზაციული და შინაარსობრივი ნაწილის გაუმჯობესებაში.

ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული ანგარიში შეიცავს როგორც ხარისხობრივ, ისე რაოდენობრვი ანალიზს. მონაცემების შეგროვების მიზნით, კვლევითმა გუნდმა იმუშავა რამდენიმე სამიზნე ჯგუფთან, უმეტესად კი იმ პირებთან, რომლებიც 2019, 2020 და 2021 წლებში მონაწილეობდნენ საკვალიფიკაციო გამოცდებში. ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები გამოცდების ადმინისტრაციულ ნაწილთან, ასევე შედეგების გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საკვალიფიკაციო გამოცდას ატარებს წელიწადში ორჯერ, მის პროცედურას და პროგრამას ამტკიცებს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. გამოცდები ტარდება სამოქალაქო, სისხლის და საერთო სპეციალიზაციით. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ყველა პირს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატი და ჩაირიცხებიან ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამაში, რომლის დასრულების შემდეგაც ენიჭებათ საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.