Back ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები საქართველოში

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგები საქართველოში

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროპის საბჭომ წარმოადგინეს 2015-2017 წლებში განხორციელებული რვა ერთობლივი პროექტის შედეგები, რომელთა ბიუჯეტმაც 3.7 მილიონი ევრო შეადგინა. ბიუჯეტის 90% ევროკავშირმა დააფინანსა, ხოლო 10% - ევროპის საბჭომ. პროექტები ევროპის საბჭომ განახორციელა.

ქვეყნის სპეციფიკაზე მორგებულმა პროექტებმა ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებას; ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციას; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გაძლიერებას; ციხეებში ჯანდაცვის გაუმჯობესებას; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას; მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ამაღლებას; ინტერნეტის თავისუფლების დაცვას; ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას.

“მსგავსი პროექტები და ევროპულ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში გასატარებელი რეფორმებისათვის, განსაკუთრებით, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის,” - აღნიშნა დავით ზანკალიანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. 

შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განაცხადა: "დღეს ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან სამწლიან მჭიდრო თანამშრომლობას და შედეგები ძალიან პოზიტიურია. „პარტნიორობამ კარგი მმართველობისთვის“ საშუალება მისცა ევროპის საბჭოს და ევროკავშირს, ეთანამშრომლა რიგ ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის, სამინისტროებსა და საჯარო დაწესებულებებთან, მედიასა და იურისტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შედეგად, გაფართოვდა ქართველ პარტნიორთა შესაძლებლობები, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ბევრ სფეროში გაძლიერდა დემოკრატია და კანონის უზენაესობა.” ბატონმა ურსემ ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მზადყოფნას, გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და სხვა მხარეებთან.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსმა,  ვინსენტ რეიდასძინა: „ეს პროექტები და თანამშრომლობა ეფუძნება ჩვენს საერთო მიზანს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამის ევროპულ ფასეულობათა დამკვიდრებას. ჩვენ უკვე დავდეთ ხელშესახები შედეგები რვა სფეროში - დაწყებული ციხეებში გაუმჯობესებული ჯანდაცვით და დამთავრებული სამართლის სფეროს სპეციალისტების ტრენინგებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, მედიის სფეროს რეგულაციაზე პასუხისმგებელი პირების ტრენინგების ჩათვლით.“

პროექტების შედეგების მიხედვით:

  • ზე მეტმა იურისტმა (მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი) გაიღრმავა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა დებულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ცოდნა;
  • ელექტრონული საგამოცდო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების ელექტრონულად ჩატარებას და შედეგების ავტომატურ შეფასებას;
  • 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა გაიარა ტრენინგი იმის შესახებ, თუ როგორ ებრძოლონ კულტურულ და გენდერულ სტერეოტიპებს და როგორი პასუხისმგებლობით გააშუქონ წინასაარჩევნო კამპანია, ასევე რეგიონული მაუწყებლობების მისიასა და როლზე;
  • საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს გაეწიათ საექსპერტო დახმარება სტრატეგიების შემუშავებაში, კერძოდ, ციხეებში ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებისა და პენიტენციურ სისტემაში კრიზისების მართვის კუთხით;
  • სამართლებრივი მხარდაჭერა გაეწია 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2017 წლის სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებს;
  • ჩატარდა ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმის სამი სესია;
  • მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ფულის გათეთრების წინააღმდეგ, რაც 2018 წელსაც გაგრძელდება, როდესაც დასრულდება ეროვნული მექანიზმის შემუშავების რისკების შეფასება.

2014 წლის აპრილში, ევროკავშირი და ევროპის საბჭო შეთანხმდნენ მიზანმიმართულ თანამშრომლობაზე ევროკავშირის აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებთან, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროებში მათი ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. 8 ადგილობრივი პროექტის გარდა, საქართველო ასევე მონაწილეობს 14 რეგიონულ პროექტში.

მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://partnership-governance-eu.coe.int

 

3 ნოემბერი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page