Back სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების, პროგრესისა და ერთიანი მოქმედების მნიშვნელობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების, პროგრესისა და ერთიანი მოქმედების მნიშვნელობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

სექსუალური შევიწროება გლობალური პრობლემაა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც გენდერული უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები საზოგადოებაში კვლავაც ფართოდ გავრცელებულია. საქართველოს მიერ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობის მიღებამ და შემდგომში საჯარო და კერძო სექტორებში პრევენციის მექანიზმების დანერგვამ ქვეყანაში მათი აღსრულების შეფასების შესაძლებლობა შექმნა.

სწორედ სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვა წარმოადგენდა კონფერენციის მთავარ თემას, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ  16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენცია 2023 წლის 29 ნოემბერს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთიანი ძალისხმევით გაიმართა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საგანმანათლებლო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის დამცველებმა სექსუალური შევიწროების პრევენციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.

„სექსუალური შევიწროება არ ეხება სექსს, ეს არის მამაკაცების ძალაუფლების დომინირება ქალებზე“ - განაცხადა ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში.

მისასალმებელ სიტყვაში ლიზა კოვაკმა, USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ „აშშ-ს მთავრობა რჩება ერთგული იმუშაოს ჩვენს ქართველ კოლეგებთან გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების დასამარცხებლად. აშშ-ს სხვადასხვა სამთავრობო უწყება, მათ შორის USAID-ი, დისკრიმინაციისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ეხმარება ამ ბრძოლის ფრონტზე მყოფი პროფესიონალების - სოციალური მუშაკების, პოლიციელების, პროკურორების, მოსამართლეების და ჯანდაცვის მუშაკების მომზადებაში.“ თამარ საბედაშვილმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლის მოადგილემ აღნიშნა, რომ „სამუშაო ადგილსა და სხვა ნებისმიერ სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის პრევენციის მექანიზმების დანერგვისა და იმპლემენტაციის ინსტიუტციური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“.

თავის გამოსვლაში ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატზე და დისკრიმინაციის ფორმად სექსუალური შევიწროების დეფინიციის განსაზღვრის სიკეთეებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო გარანტიებისა თუ შიდა მექანიზმების შემუშავების დადებითი დინამიკის მიუხედავად, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა სესიები, რომლებსაც  სხვადასხვა საჯარო და არასაჯარო ორგანიზაციის ექსპერტები უძღვებოდნენ. მონაწილეებმა სამუშაო ადგილსა და უმაღლეს სასწავლებლებში სექსუალური შევიწროების პრევენციის მექანიზმების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის, საჭიროებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრეს.

„პრობლემაა, რომ დასაქმების ადგილებში კვლავ არ არის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია განიხილოს სექსუალური შევიწროების საჩივრები. დამსაქმებლების უმრავლესობას ჰგონია, რომ მათ ეს არ ეხება და მსხვერპლმა თავად უნდა მოაგვაროს ეს საქმე სასამართლოში,“ აღნიშნა ბაია პატარაიამ, არასამთავრობო ორგანიზაცია საფარის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კონფერენციამ ხელი შეუწყო სექსუალური შევიწროების პრევენციის წარმატებული მაგალითების შესახებ ერთიან დიალოგს და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

კონფერენცია ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში და შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს გენდერული თანასწორობის საერთო პროექტის  მხარდაჭერით

თბილისი, საქართველო 29 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge