Back

სექსუალური ძალადობის საქმეებზე გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო შეიქმნა

სექსუალური ძალადობის საქმეებზე გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის სპეციალური სახელმძღვანელო შეიქმნა

საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, ახალი სახელმძღვანელო მომზადდა. სახელმძღვანელოს მიზანი გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის პრაქტიკულ საქმიანობაში დახმარება, სისხლის სამართლის საქმეებზე უკეთესი შედეგების მიღწევა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნაა.

სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს, ასევე, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, მათ შორის სასამართლოს წარმომადგენლების მხარდაჭერით შემუშავდა და მისი ონლაინ პრეზენტაცია 22 სექტემბერს გაიმართა.

პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის EVAWG პორტფოლიოს ანალიტიკოსი თინათინ ავალიანი, Equality Now-ს ლონდონის სათაო ოფისის ხელმძღვანელი ჯეკ ჰანტი და სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

 

„ჩვენთვის სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა კვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და დაზარალებულზე ორიენტირებული სახელმწიფო ბრალდება გვქონდეს. ეს სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი დამხმარე იქნება ყველასთვის, ვინც ამ თემაზე მუშაობს“, - აღნიშნა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა. 

სახელმძღვანელო გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის სხვა ფორმების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის შესახებ საუკეთესო ტექნიკებსა და მეთოდოლოგიას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოში არ არსებობდა ქართულ კონტექსტს მორგებული, ქმედითი სასწავლო ინსტრუმენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ იქნებოდა მიმართული. სახელმძღვანელოს ერთ-ერთმა თანაავტორმა კაროლინ ედგერტონმა სახელმძღვანელოს „შესაძლებლობების გაზრდის საკვანძო საფეხური“ უწოდა. 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს გამომძიებლებს ზუსტი და სწორი აქცენტები გააკეთონ გამოძიების პროცესში, იყოს სწორი კომუნიკაცია მსხვერპლთან, მოწმეებთან და არჩეული იყოს გამოძიების სწორი სტრატეგია, რათა რეაგირების გარეშე ასეთი ტიპის არცერთი დანაშაული არ დარჩეს. საზოგადოებას კი სამართალდამცავების მიმართ მაღალი ნდობა ჰქონდეს“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით უკვე შემუშავებულია ტრენინგის მოდული, რომლის დახმარებითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებსა და პროკურორებს სპეციალიზებული სტატუსი ენიჭებათ. დღეის მდგომარეობით, უკვე დატრენინგდა 240-ზე მეტი პროფესიონალი, პროკურორები და პოლისიის ოფიცრები.  2021 წლის დასასრულს ტრენინგი უკვე 370 პროკურორსა და გამომძიებელს ექნება გავლილი, რაც გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს სექსუალური ძალადობის საქმეებზე მუშაობისას. 

მონაწილეებმა ასევე პოზიტიურად შეაფასეს ტრენინგი და სახელმძღვანელო: „სახელმძღვანელოს შექმნამდე საქართველოში არ არსებობდა ქართულ კონტექსტს მორგებული, ქმედითი სასწავლო ინსტრუმენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ იქნებოდა მიმართული. სახელმძღვანელო თავისი არსით სიახლეს წარმოადგენს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, გვიზიარებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, საუკეთესო პრაქტიკას და იძლევა მნიშვნელოვან და ღირებულ მითითებებს, თუ როგორ უნდა გამოვიძიოთ სექსუალური ძალადობის საქმეები მსხვერპლზე ორიენტირებული, კონტექსტზე დაფუძნებული და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების გამოყენებით.“- აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ინსპექტორმა, იზა კასრელიშვილმა.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ და შვედეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული გაეროს გენდერული თანასწორობის საერთო პროექტის და Equality Now-ს მხარდაჭერით.