Back ადამიანის უფლებები ადგილობრივ დონეზე

ადამიანის უფლებები ადგილობრივ დონეზე

„ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლება საფუძვლიანად იცნობდეს საერთაშორისო სტანდარტებს; ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტიანად გავუწიოთ ადვოკატირება ადამიანის უფლებების დაცვას სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობის დროს და ჩვენი საჭიროებები და პრიორიტეტები ინფორმირებული პოზიციიდან წარმოვადგინოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა კონგრესის მომხსენებელმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ჰერალდ ბერგმანმა, (ნიდერლანდები, ILDG) ადგილობრივი თვითმმართველობების ფორუმის „ადამიანის უფლებების ლოკალიზება საქართველოში: ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება“ გახსნაზე, 2022 წლის 25 მარტს.

ადამიანის უფლებების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობების ფორუმი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პროექტის ორგანიზებით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) თანამშრომლობით გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შერჩეულმა ცამეტმა მუნიციპალიტეტმა განიხილა სოციალური ინკლუზიის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გამოწვევები, თანასწორობის ხელშეწყობის მექანიზმები და გენდერული პერსპექტივის გათვალისწინების საკითხები პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელი საკრებულოს წევრები, მერები, და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ღონისძიება ასევე დაეთმო საბაზისო შეფასების პროცესის დაწყებას, რაც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების იდენტიფიცირებას ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით. მონაწილეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მიზნით შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებებზე.

„ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით კონგრესის მუშაობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა“, - განაცხადა ჰერალდ ბერგმანმა, და მონაწილეებს გაუზიარა კონგრესის სახელმძღვანელო ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების შესახებ. სახელმძღვანელოს მესამე ტომი ყურადღებას გაამახვილებს გარემოსა და ადამიანის უფლებებზე, რაც საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა 2019-2020 წლებში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს.

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის "მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფალთა კონგრესი და დემოკრატიის გენერალური დირექტორატი, არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.

 ჰერალდ ბერგმანს სიტყვა

 ფორუმის დღის წესრიგი

 ადამიანის უფლებები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე - I ტომი

 ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოებისთვის – II ტომი - სოციალური უფლებები

სტრასბურგი, საფრანგეთი 30 მარტი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page