Back ქართველმა პროკურორებმა და გამომძიებლებმა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე ტრენინგი გაიარეს

50 პროკურორისა და 9 გამომძიებლისგან შემდგარმა ჯგუფმა სექსუალური ძალადობის ტრენინგის 4 დღიანი კურსის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები მიიღეს. აღნიშნული ტრენინგი ევროპის საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურატურის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.

მონაწილეები გაეცნენ სექსუალური ძალადობის მთავარ კონცეფციებს, საერთაშორისო და ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს, ეროვნულ სტანდარტებსა და პრაქტიკას, ასევე დაზარალებულებთან მუშაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ტრენინგი ეფუძნებოდა კვლევას- „ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“ და ასევე სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის და მოსამართლეებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელოს, რომელიც შემუშავდა ეროვნულ  ინსტიტუტებთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობა ახლა“-სთან თანამშრომლობით.

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, ნატალია ვუტოვამ აღნიშნა: "სექსუალური ძალადობის დევნა და გამოძიება რამოდენიმე საფეხურს მოიცავს: სამართლებრივი ასპექტები, ადამიანების პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი აღქმა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად არის ჩართული პროკურორების გადამზადების პროცესში, იმისათვის რომ მათ ქონდეთ არა მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკის,  არამედ ასევე სექსუალური ძალადობის ფსიქოლოგიური და სოციალური გავლენების უკეთესი აღქმა".

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა: „ჩვენი მიზანი არის მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობის ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლება და ვფიქრობთ სპეციალიზაცია ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

ტრენინგი დადებითად შეაფასეს ასევე მონაწილეებმა: „ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები დარწმუნებული ვარ მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი როლიდან გამდინარე, ხელი შევუწყოთ მსგავსი ტიპის დანაშაულებზე ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“, განაცხადა   ანი ხუბეჯაშვილმა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა.

„სტამბოლის კონვენციის დებულებების ეროვნულ კონტექსტში გადათარგმნა და მათი პრაქტიკაში განხორციელება მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ვაწარმოოთ სწრაფი, ეფექტიანი და მსხვერპლზე ორიენტირებული მართლმსაჯულება“, აღნიშნა თამარ ზურაბიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა.   

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის მხარდაჭერით.

headline 13 აპრილი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page