Back საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებმა გაიარეს ტრეინინგი მათ საქმიანობაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმოჩენისა და პრევენციის მიმართულებით

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებმა გაიარეს ტრეინინგი მათ საქმიანობაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმოჩენისა და პრევენციის მიმართულებით

ევროპის საბჭომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან თანამშრომლობით (საქართველოს ფინანსური დაზვერვის სამსახური) გამართა ორდღიანი ტრეინინგი „ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების  წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში (AML/CFT) შესაბამისობა“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, როგორც ფულის გათეთრების შესახებ კანონით განსაზღვრული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, 30 წარმომადგენლის ცნობიერების ამაღლებას ფინანსური დანაშაულებისა და არსებულ  AML/CFT მოთხოვნებზე, მათ შორისაა რისკებზე დამყარებული მიდგომა, კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, საეჭვო გარიგებების ინდიკატორები და ასეთი გარიგებების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშის მიწოდება. კერძო სექტორთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის,  საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ვალუტის გადამცვლელ სექტორზე ზედამხედველობის განმახორციელებელი და მარეგულირებელი ორგანოს, ასევე, საქართველოს ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ტრეინინგზე მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური დანაშაულების გავლენა და მათ წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მიმართული გლობალური ძალისხმევა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ AML/CFT შესაბამისობის უზრუნველყოფა, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესაბამისად აღებული პრაქტიკული  სავარჯიშოები ბულგარეთისა და სხვა ქვეყნების მაგალითზე. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა გაანალიზა 2019 წელს მიღებული AML/CFT სამართლებრივი ჩარჩო, საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშში იდენტიფიცირებული ის რისკები, რომელთა წინაშეც დგანან  ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. 

გარდა ინტერაქტიული პრეზენტაციებისა, მონაწილეებმა პატარა ჯგუფებში განიხილეს კონკრეტული საკითხები და ახლად შეძენილი ცოდნის შესაბამისად გაანალიზეს ფულის გათეთრების ცალკეული სტადიები. ამ სამუშაოს შედეგად განისაზღვრა  საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფინანსური დანაშაულის შესაძლო რისკები და ასევე, მათი საქმიანობის ფარგლებში  აღნიშნულ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლო ეფექტიანი ზომები. ჯგუფური დისკუსიების შედეგად მიღებული შედეგები განხილული იქნა სხვა მონაწილეებთან და ევროპის საბჭოსთან ერთადაც.

ტრეინინგი არის იმ აქტივობების ნაწილი, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს უზრუნველყონ საერთაშორისო AML/CFT სტანდარტებთან უფრო ეფექტური და ეფექტიანი შესაბამისობა.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

ონლაინ ტრენინგი 3-4 ივნისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page