Back ვაძლიერებთ ქალ მოსამართლეებს საქართველოში

ვაძლიერებთ ქალ მოსამართლეებს საქართველოში

2018 წლის 5 ნოემბერს თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ქალ მოსამართლეთა როლი სასამართლო სისტემაში.“.

კონფერენცია გახსნეს კრისტიან ურსემ - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა -  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, კატალინ გერმანმა - პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში, მზია თოდუამ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და თამარ ჩუგოშვილმა - პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.  

კონფერენციაზე გამოკვეთილ საკითხთა შორისაა სასამართლო სისტემაში ქალების თანაბარი მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული სტერეოტიპების ფორმირება, გენდერული მრავალფეროვნების გავლენა სამოსამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, ასევე გენდერულად მგრძნობიარე სასჯელის დანიშვნის პროცესი და სხვა მნიშვნელოვანი თემები.    

დისკუსია შეეხო ქალთა წარმომადგენლობას სასამართლო სისტემაში. 2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში მოსამართლეთა საერთო რაოდენობა 306-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის 53.3% ქალი მოსამართლეა, მათი წარმომადგენლობა მენეჯერულ პოზიციებზე ბევრად დაბალია. 26 სასამართლოს თავმჯდომარიდან, მხოლოდ 4 ქალია, 9 პალატის თავმჯდომარიდან მხოლოდ 2 ქალი, ხოლო კოლეგიის ყველა თავმჯდომარე მამაკაცია.

კონფერენციის მიზანია ქალ მოსამართლეთა გაძლიერება, პროფესიული გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარების გზით, ასევე იმ უპირატესობების ჩვენება, რაც სასამართლოს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ქალთა თანაბარ წარმომადგენლობას ახლავს.  

კონფერენციას დაესწრნენ მოსამართლეები მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელისუფლების, პარლამენტის, დონორი და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობდნენ: ევროპის საბჭოს პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, USAID-ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროგრამა - PROLoG და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი - EU4Justice.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page