24 და 25 მაისს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისმა კიდევ ერთხელ უმასპინძლა ადამიანის უფლებების კუთხეს Tbilisi Open Air ფესტივალის „თავისუფლების სოფელში,“ რითაც ფესტივალთან თანამშრომლობის რიგით მეხუთე წელი აღნიშნა. რეგიონის უდიდესი მუსიკალური ფესტივალის ენერგიულ ატმოსფეროში, ევროპის საბჭო აქტიურად ჩაერთო მრავალფეროვან აუდიტორიასთან და ხელი შეუწყო მნიშვნელოვან დიალოგს ისეთ კრიტიკულ საკითხებზე, როგორებიცაა თანასწორობა, მრავალფეროვნება, სოციალური სამართლიანობა, ბავშვთა ძალადობისგან დაცვა და ნარკოტიკების პრევენცია.
2025 წელს, ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი დოკუმენტის - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიღებიდან 75 წელი შესრულდა. გასული წლის მსგავსად, ევროპის საბჭო ფესტივალზე წარსდგა სლოგანით ‘’ჩვენი ღირებულებები გვაერთიანებს’’, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა ერთგულება კონვენციით აღიარებული ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კუთხეში მოსულ სტუმრებს, მსახიობ ეკა დემეტრაძესა და ჟურნალისტ ნიკო ნერგაძესთან ერთად, სახალისო ქვიზებისა და განძის მაძიებლის თამაშის საშუალებით შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ გაცნობოდნენ კონვენციით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრები ჩაერთნენ დისკუსიებში ადამიანის უფლებებზე და იურისტ საბა ბრაჭველთან და სოციალური უფლებების მკვლევარ ვახტანგ ნაცვლიშვილთან ერთად, ისაუბრეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ და ეროვნულ სტანდარტებზე, საზოგადოების როლზე დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის გაძლიერებაში, აგრეთვე სოციალურ უფლებებსა და მათი დაცვის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის - ევროპის სოციალურ ქარტიაზე.
ინტერაქტიული დისკუსიის ფარგლებში ფესტივალის სტუმრებმა ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრ ქეთევან სილაგაძესთან ერთად, ბავშვთა მიმართ ძალადობის სახეებზე იმსჯელეს. მათ, ასევე, განიხილეს ძალადობისა და მშობლების მიერ ნარკოტიკებისა და სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ზეგავლენა ბავშვის განვითარებაზე, აგრეთვე, პრევენციის მნიშვნელობა და მისი აუცილებლობა.
ორდღიანი ფესტივალის განმავლობაში აქტივობები განხორციელდა პროექტების ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’, ‘’სოციალური და ეკონომიკური უფლებების გაძლიერება საქართველოში’’, ,,ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში’’ და ‘’ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ ფარგლებში. აღნიშნული პროექტები ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
აქტივობები, აგრეთვე, განხორციელდა პროექტის ‘’სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ‘’პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის’’ მესამე ფაზას.




