Back დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში - ევროპის საბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია

დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში - ევროპის საბჭოს ახალი პროექტის პრეზენტაცია

ევროპის საბჭოს  ახალი პროექტი „დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობას.  დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი ხელს შეუწყობს ინდივიდებს შორის დავის დროულ და ნაკლები ხარჯებით გადაწყვეტას, რაც  გაზრდის საქართველოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების სისტემაზე.

„აღდგენითი მართლმსაჯულების ცენტრში არის ადამიანი. ეს არის დავების გადაწყვეტის ალტერნატიული შესაძლებლობა, რომელიც თითოეულ მოქალაქისთვის ზრდის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე, ზოგავს სასამართლოს რესურსს, პროცესი არის უფრო სწრაფი. აღდგენითი მართლმსაჯულება, მცირე დანაშაულების შემთხვევაში დამნაშავეს აძლევს საშუალებას, რომ საზოგადოებას აღუდგინოს მიყენებული ზიანი,“- აღნიშნავს ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

პროექტი სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს. ერთი მხრივ, ის უზრუნველყოფს მოქალაქეების ინფორმირებას სისხლის სამართალსა  და სამოქალაქო სამართალში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების  ხელმისაწვდომობის შესახებ, მეორე მხრივ ხელს შეუწყობს საკითხთან ასოცირებული მხარეების ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარებას.

ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მართლმსაჯულების ეფექტიანობა დიდწილად ალტერნატიული სამართალწარმოების განვითარებაზეა დამოკიდებული: „მსოფლიო თანხმდება, რომ დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას და მედიაციას ალტერნატივა არ აქვს. განტვირთული სამართალწარმოება არის მართლმსაჯულების ეფექტურობის გაზრდის პირობა.“

ლილია გრეტარშდოტირი, ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროგრამების სამმართველოს ხელმძღვანელი, ასევე აღნიშნავს, რომ „მედიაცია და აღდგენითი სამართალი სწრაფი, იაფი და ხელმისაწვდომია. სამართალწარმოების რთული ხასიათი, ხშირად, მხარეებს უბიძგებს, რომ უარი თქვან დავის გაგრძელებაზე სასამართლოს გზით და საერთო ჯამში, უნდობლობას იწვევს სისტემის მიმართაც“.

მოქნილი და სწრაფი სამართლებრივი სისტემის არსებობა მჭიდრო კავშირშია, ასევე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ განვითარებასთან.

„საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ მედიაციით გადაწყდეს სამოქალაქო კატეგორიის დავათა დიდი ნაწილი. ასევე მნიშვნელოვანია მედიაციის გამოყენება ბიზნეს დავების გადასაწყვეტად. ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემის გადაწყვეტას, მეორე მხრივ, ბიზნეს კომპანიებს შორის დავების მშვიდობიანად დასრულებას. შესაბამისად წახალისდება ეკონომიკური აქტივობები“, -დავით ასათიანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოში  ალტერნატიული დავების მექანიზმების სისტემის განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები განიხილეს და  საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტისა და აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმების შემდგომი ხელშეწყობისა და გაძლიერების მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის  ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და მისი ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს აღემატება.

14 December 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page