Back ვმუშაობთ ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულებათა პერსონალისა და პატიმართა კეთილდღეობისათვის

ვმუშაობთ ერთად  სასჯელაღსრულების დაწესებულებათა პერსონალისა და პატიმართა კეთილდღეობისათვის

2017 წლის 11-13 აპრილს ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამშრომლების ორი ჯგუფისთვის ჩაატარა 2-დღიანი ტრენინგი ე.წ. ცხელი და ცივი დებრიფინგის ინსტრუმენტებზე. ტრენინგში, ძირითადად,  სუიციდის პრევენციის პროგრამის კოორდინატორები და  რეჟიმის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სასწავლო შეხვედრის ჩატარებამდე ექსპერტებმა შეიმუშავეს დებრიფინგის ინსტრუმენტები და პროტოკოლები, რომლებიც  ციხის თანამშრომელთა დებრიფინგისთვის,  კრიტიკული შემთხვევის  შემდეგ დაუყოვნებლივ (ცხელი დებრიფინგი), ან გარკვეული დროის შემდეგ (ცივი დებრიფინგი) ჩასატარებლად არის გამიზნული. დებრიფინგის მიზანია თანამშრომელთა სტრესის შემცირება, ასევე მომხდარი შემთხვევების გაანალიზება და მათი შემდგომი  პრევენცია. ექსპერტებმა შეადგინეს საგანგებო ფორმაც, რომელიც სუიციდის პრევენციის პროგრამის საბჭოს კოორდინატორებს  დასრულებული სუიციდისა თუ სუიციდის მცდელობების შესახებ მონაცემების შეგროვებაში დაეხმარება. აღნიშნული ფორმების მეშვეობით სასჯელაღსრულების სამინისტრო შეძლებს სუიციდის თითოეული შემთხვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და აღრიცხვას, ამ შემთხვევების გაანალიზებას, გამომწვევი მიზეზების ამოცნობას, რისკების მაჩვენებელთა გამოკვეთასა და მოპოვებული მონაცემების საფუძველზე პროგრამის მიმდინარეობისა და ქმედითობის შეფასებას. ეს, თავის მხრივ, მომავალი დაგეგმვისა და პრევენციული მუშაობის გაუმჯობესების საფუძველი გახდება.

ტრენინგის ჩატარების მიზანია თანამშრომელთათვის დებრიფინგის ტექნიკისა და ფორმების შევსებისათვის აუცილებელი ცოდნის მიწოდება და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება. შედეგად, ისინი უკეთ გაიაზრებენ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ციხის პერსონალსა თუ პატიმრებზე სერიოზულმა კრიტიკულმა შემთხვევებმა და მოემზადებიან იმისთვის, რომ პროფესიულად გამართული რეაგირება მოახდინონ მათ აღმოსაფხვრელად.

ტრენინგის პროცესში მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს დებრიფინგის ეფექტიანად დანერგვის გზები, განსაზღვრეს, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი პირი და ისაუბრეს მოსალოდნელ გამოწვევებზე. სწავლების პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ სესიებს, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, როგორიცაა, მაგალითად, დებრიფინგის სიმულირება.

ტრენინგი ერთ-ერთია იმ ღონისძიებათაგან, რომელიც მიზნად ისახავს სასჯელაღსრულების სამინისტროს მხარდაჭერას პენიტენციურ დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის გასაძლიერებლად. პროგრამის შემუშავებასა და მის წარმატებულ დანერგვას ევროპის საბჭო და ევროკავშირი 2013 წლიდან უჭერს მხარს.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებისათვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page