1952 წლიდან, როცა ევროპის საბჭოს არასამთავრობო ორგანიზაციების საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა, საგრძნობლად გაძლიერდა ევროპის საბჭოს თანამშრომლობა  არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.  2003 წელს მონაწილის სტატუსის შემოღებამ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მისცა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ ევროპის საბჭოს პოლიტიკასა და სამუშაო პროგრამებში და ხელი შეუწყონ ევროპის საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებში მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციას  შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია

ამჟამად 400-ზე მეტ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს მონაწილის სტატუსი. 2005 წლიდან დღემდე ისინი იკრიბებიან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციაზე, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების საყრდენს „ოთხმხრივ დიალოგში“ ევროპის საბჭოს, მინისტრთა კომიტეტს, საპარლამენტო ასამბლეასა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესს შორის. ეს სტატუსი საშუალებას აძლევს ევროპის საბჭოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართოს  მთავრობათაშორის საქმიანობებში და ხელი შეუწყოს პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების დიალოგს იმ ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან, რომლებიც საზოგადოების თანამედროვე გამოწვევებზე მუშაობენ.  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია ამჟამად ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ინსტიტუციადაა აღიარებული.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციის მანდატი

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია წამყვანი სტრუქტურაა, რომელიც აერთიანებს მონაწილის სტატუსის მქონე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ფორმატში იკვეთება ზოგადი სამოქმედო კურსი ევროპის საბჭოს „ოთხმხრივ დიალოგში“ ამ ორგანიზაციების ჩასართავად და მონაწილის სტატუსის მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ევროპის საბჭოში სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური როლის გაძლიერებას.

ეს კონფერენცია განსაზღვრავს პოლიტიკის მიმართულებებს, ადგენს და ამტკიცებს სამოქმედო პროგრამებს.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენცია იკრიბება წელიწადში ორჯერ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგითი სესიების დროს.