ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.


ამ ინსტიტუტის დაფუძნება ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მეორე სამიტზე გადაწყდა, რომელიც სტრასბურგში, 1997 წლის 10-11 სექტემბერს გაიმართა. 1999 წლის 7 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კომისრის სამსახურს და განსაზღვრა მისი მოვალეობები. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამჟამად  ბატონი ნილს მუიჟნიეკსია. მისი წინამორბედები თომას ჰამარბერგი (2006-2012)და ალვარო  ხილ-რობლესი (1999-2006) იყვნენ.
 

ადამიანის უფლებათა კომისრის მანდატი

ადამიანის უფლებათა კომისრის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის რეზოლუციით (99) 50. ამ რეზოლუციის თანახმად, კომისარს ევალება:

  • ადამიანის უფლებათა დაცვის მეთვალყურეობა, წევრი ქვეყნების დახმარება ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტების შესრულებაში;
  • ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ადამიანის  უფლებათა საკითხებზე;
  • საკანონმდებლო და პრაქტიკული დარღვევების გამოვლენა ადამიანის უფლებათა საკითხებში;
  • ადგილობრივი ომბუდსმენებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი სხვა ეროვნული სამსახურების საქმიანობის მხარდაჭერა;
  • რეგიონის მასშტაბით კონსულტაციის გაწევა და ინფორმირება ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.

ამგვარად, კომისრის სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილია რეფორმების წახალისება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საგრძნობი წინსვლის მიზნით. რადგანაც კომისრის ოფისი არასამართლებრივი ინსტიტუციაა, ის ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე ვერ მოქმედებს. დამაჯერებელი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც კონკრეტული ადამიანების უფლებების შელახვის ფაქტებს ეხება, კომისარს შეუძლია მოსაზრებების შემუშავება და მასშტაბური ინიციატივების წამოწყება. კომისარი თანამშრომლობს საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუციებთან და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის სხვადასხვა მექანიზმებთან. კომისრის ოფისის ყველაზე მნიშნველოვანი მთავრობათაშორისი პარტნიორები არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მისი სააგენტოები, ევროკავშირი და ეუთო. კომისარი მჭიდროდ თანამშრომლობს აგრეთვე ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და თემატურ ჯგუფებთან.

ადამიანის უფლებათა კომისარი და საქართველო

ადამიანის უფლებათა კომისრის მოვალეობაა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება. კომისრის ვიზიტები საქართველოში 2000, 2008, 2009, 2011 და 2014 წლებში განხორციელდა.

ქვეყნის მონიტორინგი - საქართველო