აქ შეგიძლიათ იპოვოთ ძირითადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ახალგაზრდული საქმიანობა, მისი ძირითადი მახასიათებლები და მიდგომები, და როგორ უკავშირდება იგი საზოგადოებას და საზოგადოებრივ პოლიტიკას.

ეს ინფორმაცია შეიძლება გამოგადგეთ, როდესაც პორტფოლიოს გამოყენებას დაიწყებთ.

რა არის ახალგაზრდული საქმიანობა?

ზოგადად ახალგაზრდული საქმიანობა მიიჩნევა ახალგაზრდების პიროვნული განვითარების, სოციალური ინტეგრაციისა და აქტიური მოქალაქეობის ინსტრუმენტად. ახალგაზრდული საქმიანობა არის ”საკვანძო სიტყვა” ახალგაზრდებთან დაკავშირებული ნებისმიერი სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო ან პოლიტიკური ხასიათის საქმიანობისთვის. იგი მიეკუთვნება 'სკოლისგარეთა' განათლების სფეროს, რომელიც უფრო ხშირად მოიხსენიება. როგორც არაფორმალური ან ფორმალურს გარე სწავლება. ახალგაზრდული საქმიანობის მთავარი მიზანია, შეუქმნას ახალგაზრდებს საკუთარი მომავლის ფორმირების შესაძლებლობები.

საკითხების დიაპაზონი, რომელსაც ახალგაზრდული საქმიანობა მოიცავს, ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ადამიანებისა და ორგანიზაციების ტიპები. პოლიტიკური აქტივობა, ქუჩაში საქმიანობა, სპორტული საქმიანობა, სოციალური მეწარმეობა და თავისუფალი დროის აქტივობა - ყველა ეს საკითხი შეიძლება მოიხსენიებოდეს, როგორც "ახალგაზრდული საქმიანობა".

გავეცნოთ ახალგაზრდული საქმიანობის რამდენიმე მაგალითს:

ახალგაზრდული საქმიანობის მახასიათებლები

ახალგაზრდულ საქმიანობას, როგორც წესი, აქვს შემდეგი მახასიათებლები

  • ღირებულებზე დაფუძნებული: ახალგაზრდული საქმიანობა ცდილობს, ემსახუროს ინკლუზიისა და სოციალური ერთიანობის უმაღლეს მიზნებს
  • ახალგაზრდობაზე ორიენტირებული: ახალგაზრდული საქმიანობა ემსახურება ახალგაზრდობის იმ ძირითად საჭიროებებს და მისწრაფებებს, რომლებსაც თავად ახალგაზრდები ავლენენ;
  • ნებაყოფლობითი: ახალგაზრდული საქმიანობა არ არის სავალდებულო და ეფუძნება ახალგაზრდების ნებაყოფლობით მონაწილეობას;
  • განმავითარებელი: ახალგაზრდული საქმიანობა მიზნად ისახავს ახალგაზრდების პირად, სოციალურ და ეთიკურ განვითარებას;
  • თვითდაკვირვებული და კრიტიკული: ახალგაზრდული საქმიანობა ცდილობს დარწმუნდეს, რომ ყველაფერს აკეთებს თავისი მისიის შესასრულებლად;
  • ურთიერთობრივი: ახალგაზრდული საქმიანობა ესწრაფვის ახალგაზრდებთან გულღია კომუნიკაციას და ცდილობს ხელი შეუწყოს დგრად სათემო განვითარებას.

ევროპაში ახალგაზრდული საქმიანობა მრავალგვარია

ევროპაში ახალგაზრდული საქმიანობა ხორციელდება მრავალი სხვადასხვა ინსტიტუციისა და ორგანიზაციისა და ბევრი სხვადასხვა ადამიანის მიერ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. იგი ძალიან მრავალფეროვანია და ხორციელდება სხვადასხვა ფორმით. ზოგ ქვეყანას პროფესიონალური ახალგაზრდული საქმიანობის ხანგრძლივი ტრადიციები გააჩნია (კვალიფიციური პერსონალი მუშაობს ახალგაზრდებთან ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების მიერ დაფინანსებული პროგრამებისა და ინსტიტუციების საშუალებით). ზოგიერთ სხვა ქვეყანაში დიდი ხანია ჩამოყალიბებულია ახალგაზრდული საქმიანობის მოხალისეთა სტრუქტურები (საქმიანობას ასრულებენ მოხალისეთა ორგანიზაციები). ზოგ ქვეყნებში ახალგაზრდული საქმიანობა წარმოდგენილია, როგორც სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის ნაწილი და ახალგაზრდული საქმიანობა პრაქტიკულად დგას დასაქმების, სოციალური ჩართულობისა და სოციალური დახმარების სამსახურში. ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდული საქმიანობა ხდება ახალგაზრდული საქმიანობის აღიარებული "პროფესიის" გარეშე და ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართული პირები მუშაობენ მოხალისე ლიდერებად.

ჭკუის კოლოფი!

  • რა სახის ახალგაზრდულ საქმიანობას ეწევით?
  • შეგიძლიათ, ამოიცნოთ ეს თვისებები თქვენს ახალგაზრდულ საქმიანობაში? რომელი მათგანია თქვენთვის ყველაზე მთავარი?
  • რა არის თქვენი ახალგაზრდული საქმიანობის მიზანი?

ახალგაზრდული საქმიანობა და არაფორმალური განათლება

ახალგაზრდულ საქმიანობას ხშირად ძლიერი საგანმანათლებლო მიზანი ან განზომილება აქვს. როგორც წესი, განათლება ან სწავლა, რომელსაც ახალგაზრდული საქმიანობა ახორციელებს, არის "არაფორმალური" - არა "ფორმალური" და არა "ფორმალურს გარე". ახალგაზრდულ საქმიანობასა და არაფორმალურ განათლებას ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს. ამის მიუხედავად, ისინი ერთი და იგივე არ არიან.

მაშ, რა მახასიათებლები აქვს "არაფორმალურ" განათლებას ან სწავლას?

მოკლედ…

  • სწავლა ხდება ფორმალური განათლების სისტემის სტრუქტურებს გარეთ და განსხვავდება მათგან ორგანიზაციის ფორმითა და აღიარების ტიპით;
  • სწავლა განზრახული და ნებაყოფლობითია;
  • სწავლის მიზანია, პირველ რიგში, დემოკრატიული ცხოვრების ფასეულობებისა და უნარების გადაცემა და პრაქტიკული გამოყენება.

მეთოდოლოგიური თავისებურებები

  • სწავლის კოგნიტური, აფექტური და პრაქტიკული მხარეების დაბალანსებული თანაარსებობა და ურთიერთქმედება;
  • პარტნიორობაზე ორიენტირებული სოლიდარობა და სიმეტრიული სწავლების/სწავლის ურთიერთობები;
  • მონაწილეობრივი და მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები;
  • რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებთან მიახლოებული, ექსპერიმენტული და "კეთებით სწავლაზე" ორიენტირებული, რომელიც კულტურათშორის ურთიერთობებსა და შეხვედრების სწავლის ხელსაწყოებად იყენებს. .

ღირებულებები

  • პიროვნულ განვითარებასთან დაკავშირებული ღირებულებები: ავტონომია; კრიტიკული აზროვნება; გახსნილობა და ცნობისმოყვარეობა; კრეატიულობა.
  • სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებული ღირებულებები: კომუნიკაცია; მონაწილეობა და დემოკრატიული მოქალაქეობა; სოლიდარობა და სოციალური სამართლიანობა; პასუხისმგებლობა; კონფლიქტის გარდამსახავი ძალა.
  • ეთიკური ღირებულებები: ადამიანის უფლებები; სხვისი პატივისცემა; კულტურათშორისი სწავლა და დიალოგი; მშვიდობა/არაძალადობრიობა; გენდერული თანასწორობა; თაობათაშორისი დიალოგი.

არაფორმალური მასწავლებლები …

  • იყენებენ მონაწილეობრივ მეთოდებს;
  • იყენებენ სხვადასხვაგვარობას, როგორც პოზიტიურ სასწავლო ინსტრუმენტს;
  • ამყარებენ კრიტიკულ და ანალიტიკურ კავშირებს კონკრეტულსა და აბსტრაქტულს შორის, რათა ხელი შეუწყონ სწავლის პროცესს და განუწყვეტლივ გააუმჯობესონ ხარისხი;
  • ფლობენ ცოდნას ევროპაში ახალგაზრდების ცხოვრებისა და კულტურის შესახებ.

ახალგაზრდული საქმიანობა და ახალგაზრდული პოლიტიკა

ახალგაზრდული საქმიანობა ასევე ეხება ახალგაზრდების ადგილს და მათ პრობლემებს საზოგადოებაში და საჯარო სფეროში. იგი ასევე ეხება გავლენას საზოგადოებაზე, პოლიტიკაზე და ძალაუფლების პოზიციაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ახალგაზრდებს აყენებენ არახელსაყრელ პირობებში, ახდენენ მათ მარგინალიზაციას ან გარიყვას.

ჭკუის კოლოფი!

  • რა ზეგავლენას ახდენს ახალგაზრდების რეალობა, რომლებთანაც თქვენ მუშაობთ, თქვენს საქმიანობაზე?
  • როგორ იგებთ, რა საჭიროებები და პრობლემები აქვთ ახალგაზრდებს?
  • რა ზეგავლენას ახდენს პოლიტიკა და რეგულაციები თქვენი საქმიანობის ხასიათზე?
  • როგორ ხედავთ თქვენს როლს უფრო ფართო პოლიტიკურ და სოციალურ კონტექსტში, რომელშიც თქვენ მუშაობთ?

ევროპის საბჭოს ახალგაზრდული საქმიანობის პორტფოლიო არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდული საქმიანობის განმახორციელებლებს განსაკუთრებით ახალგაზრდულ მუშაკებსა და ახალგაზრდა ლიდერებს, ასევე მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, შეაფასონ და განავითარონ თავიანთი ახალგაზრდული საქმიანობისა და მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ადამიანების კომპეტენცია.

დაწვრილებით ...