ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა 15-22 ნოემბერს რიგით მეოთხე თანასწორობის კვირეული ჩაატარეს სლოგანით „საქართველო ჩვენშია“. თანასწორობის კვირეულის აღნიშვნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს უკავშირდება. კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე საუბარს ეძღვნება შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში, სადაც ჩართულია ყველა მხარე, ვისაც ცვლილებების ხელშეწყობა შეუძლია. ყურადღება ეთმობა ინფორმაციის გავრცელებას დისკრიმინაციის შემთხვევებზე სამართლებრივი მიმართვის მექანიზმების შესახებ.
თანასწორობის კვირეულის გახსნითი ღონისძიება 2022 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა, რომელმაც გააერთიანა ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ელჩები.
თანასწორობის კვირეულის გახსნით ღონისძიებას თბილისსა და რეგიონებში შეხვედრების სერიები მოჰყვა სახალხო დამცველის აპარატთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, თანასწორობის კოალიციასთან, თანასწორობის ელჩებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად. ამ ღონისძიებების გარდა, რითეილ ასოციაციის წევრმა სუპერმარ და ჰიპერმარკეტებმა, თანასწორობის კვირეულის მხარდასაჭერად კამპანიის სხვადასხვა პროდუქტი დაურიგეს მომხმარებლებს.
თანასწორობის კვირეული იმართება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ევროპის საბჭოს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
„თანასწორობის კვირეულის დასრულება არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაგრძელებთ საუბარს თანასწორობის საკითხზე წლის მანძილზე და ძალისხმევას გარემოს გაუმჯობესებისთვის. მჯერა, რომ 2023 წლის კვირეულს უფრო მეტი ადამიანი და ინიციატივა შემოემატება“- მარიამ თუთბერიძე, პროექტის უფროსი ოფიცერი.

