Back ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღე

ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღე

27 იანვარი ჰოლოკოსტის ხსენების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა. ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის, სახალხო დამცველის, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ჰოლოკოსტის ისტორიული გზა და მისი შედეგები განიხილეს, ანტისემიტიზმის თითოეული გამოვლინების დაგმობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ქართველი და ებრაელი ხალხების თანაცხოვრების საინტერესო, მნიშვნელოვანი და ისტორიული ფაქტები გაიხსენეს.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი, რან გიდორი,  ისრაელის ელჩი საქართველოში და ადამ შმიდტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, უფლებების და მმართველობის ოფისის დირექტორი.

ღონისძიებას მოდერაცია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა გაუწია. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიური წრეების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ნაცისტური რეჟიმისა და მათი მოკავშირეების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ექვსი მილიონი ებრაელის სისტემატურ მკვლელობას ჰოლოკოსტი ჰქვია. ისევე როგორც ებრაელები, სხვა ჯგუფებიც იდევნებოდნენ აღქმული რასობრივი და ბიოლოგიური არასრულფასოვნების გამო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ 2005 წელს გამოაცხადა და სახელმწიფოებს ჰოლოკოსტის დანაშაულზე ცნობიერების ასამაღლებლად მუშაობისკენ მოუწოდა.

ვებინარის ჩანაწერი „ჰოლოკოსტის გააზრება -  ისტორიული გზა და მისი შედეგები“ ხელმისაწვდომია ონლაინ ქართულ ენაზე.

ღონისძიება ჩატარდა „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.
 

27 იანვარი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page