Back სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტი წარმატებით ასრულებს მუშაობას

სასამართლოს სტრატეგიული კომიტეტი წარმატებით ასრულებს მუშაობას

2017 წლის 23 მაისს თბილისში, 2017-21 წლების სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის მიღებით, მუშაობა დაასრულა სასამართლოს სტრატეგიულმა კომიტეტმა. კომიტეტი 2016 წლის 23 მაისს შეუდგა მუშაობას და ორმოცზე მეტი სამუშაო შეხვედრა გამართა, რათა გამოევლინა არსებული გამოწვევები და შემოეთავაზებინა გამოსავლები სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი, ეფექტიანი, გამჭვირვალე ფუნქციონირებისათვის საქართველოში. სტრატეგიის დამუშავების პროცესი შეფასდა როგორც გამჭვირვალე და საყოველთაო, რამდენადაც მასში ჩაერთვნენ მოსამართლეები, სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიური წრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 23 მაისს გამართულ კომიტეტის ბოლო სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „სტრატეგიის მიღება საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის ოთხწლიანი მანდატის დაგვირგვინებაა“. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას 2017 წლის 29 მაისს გეგმავს, რითაც მისი განხორციელების ეტაპი დაიწყება.

სტრატეგია ეხება სასამართლო სისტემის ხუთ არსებით დასაყრდენს:  დამოუკიდებლობას, ანგარიშვალდებულებას, ეფექტიანობას, ხარისხსა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. ევროპის საბჭო სტრატეგიის შემუშავების პროცესში საექსპერტო მხარდაჭერით ჩაერთო სხვა პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა შორისაა ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამართლებრივი დაახლოება სამხრეთ კავკასიაში“ (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი (EWMI/PROLoG).

ამ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა  და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page