Back „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“: მრგვალი მაგიდის დისკუსია ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების გარშემო

„სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“: მრგვალი მაგიდის დისკუსია ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს დასკვნების გარშემო

ევროპის საბჭოს პროექტმა „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ უმასპინძლა მრგვალი მაგიდის დისკუსიას ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) ფუნქციისა და წევრი სახელმწიფოებისათვის მისი დასკვნების მნიშვნელობის გარშემო. დისკუსია გახსნა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა CCJE-ს დასკვნების როლი საქართველოს სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის შემუშავებაში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა CCJE-ს დასკვნების მნიშვნელობა სამოსამართლო საქმიანობის წარმართვაში, იქნება ეს ინდივიდუალური მოსამართლის დონეზე თუ ინსტიტუციური კუთხით. ამასთან, მან გაიხსენა პროექტის ფარგლებში ახლახან დასრულებული ექსპერტიზა, რომლის შედეგების საფუძველზეც შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა, დაასახელა CCJE-ს დასკვნების გამოყენების კონკრეტული მაგალითები სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის მიმდინარეობის პროცესში, ძირითადად, დისციპლინურ საკითხებთან და მოსამართლეთა შეფასებასთან მიმართებით.

CCJE-ს პრეზიდენტმა მოსამართლე დურო სესამ მიმოიხილა CCJE-ს დასკვნების შემუშავების კონტექსტი და მოსამზადებელი სამუშაოები, ასევე განმარტა ამ ორგანოს მანდატი ქვეყანაზე მორგებული თემატური ანგარიშების შემუშავების კუთხით. პრეზენტაციებს მოჰყვა დისკუსია, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარის როლზე.

მრგვალი მაგიდის შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სასამართლოს მენეჯერები, მოსამართლეთა თანაშემწეები, პარლამენტის წევრები, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მონაწილეებს დაურიგდათ CCJE-ს დასკვნების განახლებული კრებული, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე ახლახან დაიბეჭდა.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა და CCJE-ს დასკვნები გამოიცა პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page