Back ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება: მიუხედავად პანდემიისა, პროგრესი სახეზეა 2020 წელს, თუმცა საჭიროა დამატებითი ძალისხმევა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ბოლო წლიური ანგარიშის თანახმად, ევროპის სახელმწიფოები აგრძელებენ პროგრესს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ევროპული სასამართლო) გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, მიუხედავად კოვიდ-19 პანდემიისა.

  • დამატებითი ძალისხმევაა საჭირო ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი სისტემური პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობა ან სიცოცხლის მოსპობა და პატიმრობის არასათანადო პირობები, ასევე სახელმწიფოთაშორისი საქმეები და უფლებებისა და თავისუფლებების არამართლზომიერ შეზღუდვებთან დაკავშირებული საქმეების მზარდი რაოდენობა.

„დღევანდელი ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი წევრი სახელმწიფოები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ვალდებულებას, აღასრულონ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მათ შორის რთულ გარემოებებში,“ აღნიშნა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა.

„ასევე ძალიან პოზიტიურია ის გარემობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობა პროცესში თანდათან იმატებს, რაც ზრდის მის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.“

„მიუხედავად ამისა, ახლა არ არის თვითკმაყოფილების დრო. ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ აღუსრულებელია წლების განმავლობაში და მაღალი რეზონანსის მქონე საქმეების მცირე რაოდენობა არ სრულდება სათანადო სისწრაფით. ჩვენი წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან აღასრულონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები დროულად და სრულფასოვნად. ეს არ არის კეთილი თხოვნა - ეს არის სავალდებულო მოთხოვნა.“

ანგარიში აჩვენებს, რომ შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების შედეგად, მინისტრთა კომიტეტმა 2020 წელს 983 საქმე დახურა. ამ 983 საქმიდან 187 (19%) „წამყვანი“ საქმე იყო, რომელიც ახალ სტრუქტურულ ან სისტემურ პრობლემას ავლენდა, ხოლო 796 (81%) განმეორებით საქმეთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

2020 წლის ბოლოს 5,233 საქმე ჯერ კიდევ არ იყო სრულად აღსრულებული შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მიერ, მათ შორის 1,258 (24%) წამყვანი და 3,975 (76%) განმეორებითი. 634 წამყვანი საქმე 5 წელიწადზე მეტი იყო აღსრულების პროცესში, თუმცა 2016 წლიდან ასეთ საქმეთა რაოდენობა მცირდება.

ანგარიშში მითითებულია, რომ 2020 წელს ევროპული სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მიკუთვნებული "სამართლიანი დაკმაყოფილების“ გადახდა დროულად განხორციელდა 581 შემთხვევაში. თუმცა, 2020 წლის დასასრულის მდგომარეობით, მინისტრთა კომიტეტი თანხის გადახდის დადასტურებას ელოდა 1,574 საქმეში, რომელთა ორ მესამედზე მეტის შემთხვევაში კომიტეტი დადასტურებას ელოდა ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

და ბოლოს, ანგარიში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 2020 წელს მინისტრთა კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისაგან მიიღო რეკორდული რაოდენობის - 176 ფორმალური კომუნიკაცია 28 სახელმწიფოსთან მიმართებით. კომიტეტმა ასევე მიიღო პირველი ხუთი კომუნიკაცია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრისაგან.

დამატებითი ინფორმაცია

 

31 მარტი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page