Back საქართველოში მე-7 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2021 იწყება

საქართველოში მე-7 ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF 2021 იწყება

სამშაბათს, 30 ნოემბერს, 11:00 საათზე, ინტერნეტ მმართველობის  რიგით მეშვიდე ფორუმი - GeoIGF 2021 გაიხსნება. ღონისძიება 2-დღიანია და ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 10 თემატური სესია, რომელიც  საქართველოს ინტერნეტ სივრცეში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და მომავალ შესაძლებლობებს მიეძღვნება.

ფორუმს გახსნიან გურამ გურამიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ეკატერინე იმედაძე - კომუნიკაციების კომისიის წევრი; პეტრ მიკისკა -  ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში; ნატალია ვუტოვა - ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ანრიეტ ესტერიუსენი - გაეროს გლობალური ინტერნეტმმართველობის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე,  მსოფლიო კიბერსფეროს სტაბილურობის კომისიის კომისიონერი; ჯეინ კოფინი - ინტერნეტ საზოგადოება (ISOC) უფროსი ვიცე პრეზიდენტი;

ფორუმმა, რომელსაც ყოველწლიურად 200-მდე მონაწილე ესწრება, უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც საქართველოს ინტერნეტ მმართველობის განვითარების მიმართულებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა  ღონისძიებამ. ფორუმი თავს უყრის აღნიშნულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ექსპერტებს, კერძო კომპანიებს, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდული სექტორის მონაწილეებს. ფორუმი  უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმაა წლის განმავლობაში, ქვეყანაში ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით წამოჭრილი აქტუალური საკითხებისა და პროექტების განსახილველად.

ფორუმი უმასპინძლებს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ფორუმსა და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს შორის.

GeoIGF 2021-ზე  წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა:  ხელოვნური ინტელექტი, მისი შესაძლებლობები და გამოწვევები; დეზინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ სივრცეში; ფართოზოლოვანი საქართველო  – არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები; გახსნილი ტელეკომ ბაზარი და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების დაშვების პერსპექტივები; 5G მზაობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის როლი ქვეყნის განვითარებაში; ინტერნეტის ხარისხი; სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარება; ინტერნეტ კონტენტის თვითრეგულირება; ქართული ენა ინტერნეტ-სამყაროში; კიბერუსაფრთხოება და ციფრული უფლებები; პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა; ციფრული წიგნიერება და  მზაობა, სხვადასხვა სექტორების როლი ამ პროცესში;  ვირტუალური მობილური ოპერირების განვითარების საკითხები და სხვა.

 

ინტერნეტ მმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. დღეს ფორუმს 30-ზე მეტი წევრი ჰყავს სხვადასხვა სფეროდან. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კომუნიკაციების კომისია და საქართველოს ინტერნეტ საზოგადოება (ISOC Georgia). ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია. ფორუმის ინსტიტუციური პარტნიორია ევროპის საბჭო. ფორუმის მხარდამჭერები ასევე არიან საერთაშორისო ორგანიზაციები: ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია (ICANN) და RIPE ქსელის საკოორდინაციო კომიტეტი (RIPE NCC).

GeoIGF 2021 ღიაა ყველა დაინტერესებული მონაწილისათვის. ღონისძიებაზე უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ სტრიმინგი. კითხვა-პასუხში ჩართვისათვის აუცილებელია ონლაინ რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე www.igf.ge, სადაც ასევე განთავსებულია ღონისძიების დღის წესრიგი,  მომხსენებელთა სია და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფორუმთან დაკავშირებით.

29 ნოემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page