Back

მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს

მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს

24-25 სექტემბერს თბილისში ორდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე ,,დისციპლინური გადაცდომა სასამართლოში: კონცეპტუალური ჩარჩო და პასუხისმგებლობის სახეები“.  ტრენინგს წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს ექსპერტის 2018 წლის თებერვლის ვიზიტი, რაც მიზნად ისახავდა საჭიროებათა კვლევას დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მხარდასაჭერად.   

სემინარის მონაწილეებმა განიხილეს მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები ევროპული იურისპრუდენციის მაგალითებზე დაყრდნობით და მოცემული მაგალითები საქართველოში არსებულ პრაქტიკას შეადარეს.

ტრენინგზე ასევე მიმოიხილეს მოსამართლეთა დისციპლინური საფუძვლების ახალი პროექტი, რომელიც  სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღის“ ფარგლებში შემუშავდა.

ევროპის საბჭოს მოწვეულმა ექსპერტმა ისაუბრა დისციპლინური წარმოების შინაარსობრივ და პროცედურულ საკითხებზე, ჩართული მხარეების მთავარ პრინციპებსა და უფლებებზე, ასევე წარადგინა ყველა საერთაშორისო  ინსტრუმენტი, რომელიც ამ მიმართულებით გამოიყენება.

ტრენინგში აქტიურად მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლები, ქართული კანონმდებლობის სპეციფიკური საკითხების სრულყოფილად დაფარვის მიზნით.  

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიტვის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.