Back სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში მონაწილეობს საკანონმდებლო ცვლილებების გარშემო გამართულ დისკუსიაში

სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში მონაწილეობს საკანონმდებლო ცვლილებების გარშემო გამართულ დისკუსიაში

2018 წლის 20 მარტს სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა მე-5 შეხვედრა გამართა თბილისში, რათა განეხილა საკანონმდებლო ცვლილებები სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში. შეხვედრას უძღვებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო მოდერაციას უწევდა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

შეხვედრის მიზანი იყო სასამართლო რეფორმის ირგვლივ ბოლო წლებში მიმდინარე დისკუსიის შედეგად მიღწეული პროგრესის მიმოხილვა და მომავალი ნაბიჯების გამოკვეთა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახსენა განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმების წარმატებული შედეგები და აღნიშნა, რომ სასამართლო ამავდროულად კვლავ რჩება გამოწვევების წინაშე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ გაიხსენა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის წინარე მუშაობა და საგანგებო მნიშვნელობა მიანიჭა მონიტორინგის საერთაშორისო ორგანოების მიერ გაცემულ რეკომენდაციათა გათვალისწინებას, მათ შორის,  GRECO-ს უახლესი ანგარიშის. კრისტიან ურსემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მზადყოფნა, წვლილი შეიტანონ სასამართლო რეფორმის მიმდინარეობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამორჩეული მნიშვნელობა აქვს ქართული საზოგადოების მაღალი მოლოდინის დაკმაყოფილებას დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ქმედითი სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპის საბჭოს მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს რეკომენდაციებთან. ამავე დროს, ბატონმა ურსემ კმაყოფილება გამოთქვა მოსამართლეთა აქტიური ჩართულობის გამო მიმდინარე დებატებში.

ნაყოფიერი დისკუსიის შედეგად, გამოიკვეთა სასამართლო რეფორმის პროცესის პრიორიტეტები. მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში მიჰყვნენ სამუშაო პროცესს ამ პრიორიტეტების კვალდაკვალ.

სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი არის საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ინიციატივით შექმნილი პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პარლამენტის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს, დონორთა აქტიური მხარდაჭერით (ევროპის საბჭო, ევროკავშირი საქართველოსთვის,  USAID და აშშ იუსტიციის დეპარტამენტი).

სამუშაო ჯგუფის თანაორგანიზატორია ევროპის საბჭოს პროექტი - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. იგი ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის, ნორვეგიის, სლოვაკეთისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

20 მარტი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page