Back სტუდენტები მსჯელობენ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე

სტუდენტები მსჯელობენ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაზე

9 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართა ონლაინ შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „გენდერული ნიშნით ძალადობა:  გამომწვევი მიზეზები და აუცილებელი ნაბიჯები“. ღონისძიების მიზანი იყო გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევი მიზეზებისა და არსებული მდგომარეობის განხილვა და ასევე,  გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე მსჯელობა.

მოწვეული სტუმრები იყვნენ მაკა ფერაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ეკატერინე სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. მათ ისაუბრეს გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა და მიმდინარე გამოწვევებზე, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შესამცირებლად გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე, როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი კუთხით, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება კამპანიას მე ვირჩევ თანასწორობას საგრანტო პროექტის „ერთად თანასწორობისთვის“ ფარგლებში. საგრანტო პროექტის მიზანია მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება სტუდენტ ახალგაზრდებში.

ღონისძიება ჩატარდა მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

9 ივნისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page