33 ჟურნალისტისთვის, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან – მათ შორის თბილისიდან, კახეთიდან, ქვემო ქართლიდან, გურიიდან და აჭარიდან იყვნენ წარმოდგენილნი – გაიმართა თემატურად მორგებული ტრენინგი სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციაზე. ტრენინგი ორგანიზებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრთან“ თანამშრომლობით და მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას, თუ როგორ უნდა აირიდონ სიძულვილის ენის გამოყენება და უზრუნველყონ ეთიკური გაშუქება მოწყვლადი ჯგუფების შესახებ.
სატრენინგო პროგრამა მოიცავდა პრეზენტაციებს როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასა და შესაბამის მიმართვის მექანიზმებზე, მონაწილეთა სამართლებრივი ჩარჩოს გაცნობის მიზნით. ასევე, ტრენინგის ფარგლებში განხილული პრაქტიკული საქმეები მოიცავდა დამნაშავეთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიდგომებს. ჟურნალისტების კეთილდღეობის ხელშეწყობისა და სტრესული გარემოებების პირობებში პროფესიული გამოფიტვის თავიდან ასაცილებლად განხილულ იქნა სტრესის მართვისა და თვითზრუნვის ტექნიკებიც.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტმა ლევან ლომიძემ აღნიშნა: „მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორობის და ინკლუზიურობის გაძლიერებაში. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ამ ერთ-ერთ მოვალეობას მედია თითქოს ჩამოშორდა, იმიტომ, რომ სხვა საკითხები დადგა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს ტრენინგი დაგვეხმარა, რომ ეს საკითხები ამოგვეწია, კიდევ ერთხელ ზედაპირზე, გავცნობოდით იმ სიახლეებს, რომლებსაც ვერ დავეწიეთ იმ პროცესების გამო. ამავდროულად ტრენინგი ძალიან დაგვეხმარა, რომ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე მეტად დავფიქრებულიყავით, ჩვენი მიდგომები შეგვეცვალა და გადაგვეაზრებინა.“
ღონისძიება ჩატარდა პროექტის – „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში“ – ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის ნაწილია და გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის სამეფოსთან თანამშრომლობით.
ეს ტრენინგი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ ნაწილია, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ, პროექტის - „სიძულვილის ენასთან ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.




