Back პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები განიხილეს თბილისში გამართულ სემინარზე

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის ღონისძიებები განიხილეს თბილისში გამართულ სემინარზე

2019 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებმა იმსჯელეს ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯებზე.

სემინარი გახსნეს კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში და თამარ ჟვანიამ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტებმა მონაწილეებს გააცნეს ევროპის საბჭოს სტანდარტები გენდერული თანასწორობის შესახებ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა მეტად დაბალანსებული მონაწილეობის უზრუნველსაყოფად არსებული ინსტრუმენტები. მათ ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები პარტიის პოლიტიკის შემუშავებისას გენდერულად მგრძნობიარე მიდგომის შენარჩუნების გზებზე.

ზურაბ ხრიკაძემ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა და ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარემ, ისაუბრა ქალთა პოლიტიკური გაძლიერებისთვის ცესკოს სტრატეგიასა და არსებულ პრაქტიკაზე. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ ხელმძღვანელმა, ელენე რუსეცკაიამ, მიმოიხილა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის ქართული გამოცდილება.

პოლიტიკურ პარტიათა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთობლივად განიხილეს სოციალური თანასწორობის, გამჭვირვალე საჯარო ადმინისტრირების, შიდაპარტიული დემოკრატიის პრინციპები და ქალთა განყოფილებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებები.

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით.

5 დეკემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page