Back სტამბოლის კონვენცია იცავს სიცოცხლეს

მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტის დომინიკ ჰასლერისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის ერთობლივი განცხადება
სტამბოლის კონვენცია იცავს სიცოცხლეს

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღის მოახლოებასთან ერთად, არსებული შემაშფოთებელი სტატისტიკა კიდევ ერთხელ მიგვითითებს ამ სახის ძალადობის შეჩერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, ხოლო ევროპის საბჭოს კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ (ცნობილი ასევე როგორც სტამბოლის კონვენცია) უფრო და უფრო შედეგის მომცემი ხდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად.  

წელს, ევროკავშირის მიერ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებამ გაზარდა ხელშემკვრელ მხარეთა რიცხვი და მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მთელის ევროპისათვის საერთო პრიორიტეტია.

უკრაინამ, მიუხედავად აგრესიული ომის საშინელი გამოწვევებისა, გასულ წელს ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, ისევე როგორც მოლდოვას რესპუბლიკამ და გაერთიანებულმა სამეფომ.

ევროპის საბჭოს ეს ძირითადი კონვენცია ასევე ღიაა არაწევრი ქვეყნებისთვის. მას ამჟამად 38 ხელშემკვრელი მხარე ჰყავს, რომლებსაც ვალდებულება კონვენციის და მისი ოთხი საყრდენი პრინციპის - ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა დევნა და წარმატებული პოლიტიკის კოორდინირებული ინტეგრაცია - ძალით აქვთ ნაკისრი.

დამოუკიდებელმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც პასუხისმგებელია ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგზე (GREVIO) დაადგინა, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც ის აკვირდებოდა, ქმედითი ნაბიჯები გადადგა ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

GREVIO-ს ანგარიშებმა აჩვენა, რომ დაწესებული იქნა ახალი ზომები, რომლებიც მოძალადეებს მსხვერპლებთან მიახლოებას უკრძალავს, მათ შორისაა ახალი შემაკავებელი ორდერები, რომლებიც საშუალებას აძლევს სამართალდამცავებს მოძალადეები დროებით გამოასახლონ საერთო საცხოვრებელი ადგილიდან. ეს ანგარიშები ასევე ფასდაუდებელი წყაროა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების განხილვისას.

მონიტორინგმა აჩვენა, რომ ინერგება უფრო და უფრო მეტი სპეციალიზებული მხარდაჭერის სერვისები, როგორიცაა 24/7 სპეციალიზებული სატელეფონო დახმარების ხაზები, ასევე მსხვერპლთა დაცვის თავშესაფრები. მივესალმებით ბევრი წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც გაუპატიურების განმარტება თავისუფლად მიცემული თანხმობის არარსებობას ემყარება. ეს ცვლილება საშუალებას იძლევა დევნა დაიწყოს ისეთ საქმეებზე, რომლებიც ადრინდელი კანონმდებლობით კრიმინალიზებული ვერ იქნებოდა.

2024 წელი ევროპის საბჭოსთვის საიუბილეოა. ორგანიზაცია, რომელის ქვაკუთხედიც  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციაა, დაარსებიდან 75-ე წელს აღნიშნავს. 2024 წელი ასევე საიუბილეოა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციისათვის, რომელიც 10 წლის წინ, 2014 წლის აგვისტოში შევიდა ძალაში.

მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც ჯერ არ შეერთებიან კონვეციას, ასევე დაინტერესებულ სახელმწიფოებს ევროპის საზღვევრებს გარეთ, შეუერთდნენ კონვენციას და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ბევრი რამ იქნა მიღწეული, მსოფლიოში, სადაც ყოველი 3 ქალიდან ერთი ძალადობის მსხვერპლია, ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტს უნდა მივაღწიოთ.

სტრასბურგი, საფრანგეთი 24 ნოემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge