Back სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში

საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში, რომლებიც მიზნად ისახავდა მათი როლის გაძლიერებას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციაში. ღონისძიებები, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანიზებით ორ პარალელურ ციკლად ჩატარდა, ორგანიზაციებს დაეხმარა ეფექტური ადვოკატირების, ინკლუზიური კომუნიკაციისა და მდგრადი ჩართულობისთვის საჭირო პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში.

როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფმა (GREVIO) 2022 წლის საბაზისო შეფასების ანგარიშში აღნიშნა, საქართველოში კვლავ არ არსებობს სტაბილური ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ მონაწილეობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის შემუშავებაში. აღნიშნული სამუშაო შეხვედრები კი მიზნად ისახავდა სწორედ სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებას სტამბოლის კონვენციის განხორციელების პროცესში და ეროვნულ დონეზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში.

მონაწილეებმა გაიუმჯობესეს უნარები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გენდერულად მგრძნობიარე და სტრატეგიულ კომუნიკაციის, ეფექტური ადვოკატირების, ანტიგენდერული ნარატივების წინააღმდეგ ბრძოლისა და შედეგებზე ორიენტირებული მენეჯმენტის მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმო ორგანიზაციულ მდგრადობას, ორგანიზაციების წახალისებას რესურსების დივერსიფიკაციისა და გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარებისკენ.

ქალი უფლებადამცველების მიმართულებით მზარდი ფსიქო-სოციალური ზეწოლის გათვალისწინებით, სამუშაო შეხვედრების პროგრამა ასევე მოიცავდა სტრესის მართვისა და ემოციური კეთილდღეობისადმი მიძღვნილ სესიებს. აღნიშნული სესიები ეფუძნებოდა 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული კონფერენციის „მათი ბრძოლა, შენი მომავალი“ შედეგებს და მიზნად ისახავდა ქალი უფლებადამცველების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგრადობის მხარდაჭერას.

„როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი, მე ისეთ თემში ვმუშაობ, სადაც ტრადიციები და სათემო პრაქტიკები ხშირად ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპებით არის ჩამოყალიბებული. ეს სტერეოტიპები ხელს უშლის საზოგადოების განვითარებას და ზღუდავს ქალთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული სამუშაო შეხვედრა განსაკუთრებით ღირებული იყო ჩემთვის, რადგან მომეცა შესაძლებლობა, მესწავლა როგორც ტრენერებისგან, ასევე სხვა მონაწილეებისგან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთთან გამოცდილების გაზიარება, კრიტიკული მიდგომები და მეთოდები. ეს დამეხმარა უკეთ გამეგო, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ქალთა როლი და ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობას ჩვენს თემებში“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ინტერაქტიული სამუშაო შეხვედრების, ჯგუფური სავარჯიშოებისა და თანატოლთა შორის სწავლების გზით, მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს სტრატეგიები სამოქალაქო საზოგადოების გავლენის გასაძლიერებლად, როგორც საზოგადოებრივ, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის შემუშავების დონეზე. მონაწილეებმა ასევე გაიღრმავეს ცოდნა, თუ როგორ უნდა ჩაერთონ საერთაშორისო ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმებში, მათ შორის, GREVIO-ს მონიტორინგის პროცესში საქართველოსთან მიმართებით.

სამუშაო შეხვედრები ჩატარდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

კახეთი, საქართველო 16-21 ივნისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge