Back თანამშრომლობა გავლენისთვის: InoHub-ის შეხვედრა ხელს უწყობს საერთო გადაწყვეტილებებს, ინოვაციას და თანატოლების მხარდაჭერას

თანამშრომლობა გავლენისთვის: InoHub-ის შეხვედრა ხელს უწყობს საერთო გადაწყვეტილებებს, ინოვაციას და თანატოლების მხარდაჭერას

InoHub პლატფორმის „სწავლა, გაზიარება, ლიდერობა“ პირველმა ეროვნულმა შეხვედრამ ქვეყნის მასშტაბით არსებული 11 რეგიონული ახალგაზრდული ლაბორატორიიდან 28 ახალგაზრდა ლიდერი და წევრი შეკრიბა. ბორჯომში გამართულმა შეხვედრამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საზაფხულო ბანაკში შემუშავებული, ადგილობრივი თემების საჭიროებებზე ორიენტირებული ფართო მიზნები კონკრეტულ ინიციატივებად გადაექციათ.

ახალგაზრდული ლაბორატორიების ინიციატივა, რომელიც წელს შეიქმნა, მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელ ახალგაზრდებს, ერთად იმუშაონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამოქალაქო მონაწილეობა, თანასწორობა, ინკლუზიურობა და საზოგადოების კეთილდღეობა. ხოლო InoHub, როგორც ეროვნული პლატფორმა, ლაბორატორიებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა მათ შეძლონ გამოცდილების გაზიარება, უნარების გაძლიერება და ისეთი პროექტებზე თანამშრომლობა, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებებს ადგილობრივ დონეზე აძლიერებს.

ახალგაზრდული ლაბორატორიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით: „InoHub პლატფორმამ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა და გავაძლიეროთ კავშირები სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ თანატოლებთან.“

სხვა მონაწილემ აღნიშნა, რომ როგორც InoHub პლატფორმამ, ისე ლაბორატორიების ქსელმა ხელი შეუწყო ღია, თბილი და მამოტივირებელი გარემოს შექმნას, რომელიც ახალგაზრდებს ჩართულობის შენარჩუნებას შთააგონებს. მონაწილეებმა ასევე  ხაზი გაუსვეს რეგიონებს შორის ჩამოყალიბებული კავშირების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ეს ურთიერთობები აძლიერებს მათ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა და ისწავლონ ერთმანეთისგან.

დისკუსიას შეუერთდა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელიც, რომელმაც ახალგაზრდებს გაუზიარა ხედვები ოფისის საქმიანობაზე, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მიმდინარე გამოწვევებზე და შესაძლო თანამშრომლობის მიმართულებებზე.

მენტორები, რომლებიც ლაბორატორიებს შექმნის დღიდან უწევენ მხარდაჭერას, კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მათი ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში და ახალგაზრდებს ეხმარებოდნენ უნარებისა და თავდაჯერებულობის გაძლიერებაში.

თანატოლთა გაცვლის ფორმატების, პრაქტიკული თემატური სემინარების, ექსპერტთა სესიებისა და ერთობლივი შემოქმედებითი სავარჯიშოების გამოყენებით, მონაწილეებმა განივითარეს გუნდური მუშაობის, ადვოკატირების, დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და პროექტების დაგეგმვის კომპეტენციები.

ამ პროცესებმა ხელი შეუწყო მნიშვნელოვან ქცევით ცვლილებებსაც, რაც მონაწილეებმა რეფლექსიის სესიების დროს გამოკვეთეს, კერძოდ, გაიზარდა მათი თავდაჯერებულობა პრობლემების ერთობლივი გადაჭრის მიმართულებით, გაძლიერდა ადგილობრივი გამოწვევების მიმართ საკუთრების გრძნობა და ჩამოყალიბდა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისა და რესურსების მობილიზებისადმი უფრო პროაქტიური მიდგომა.

შედეგად, ახალგაზრდულმა ლაბორატორიებმა შეძლეს საკუთარი როლის განსაზღვრა რეგიონულ ეკოსისტემაში, პროექტების კონცეფციების დახვეწა, პარტნიორობის სტრატეგიების შემუშავება, კომუნიკაციის მიდგომებისა და რესურსების მობილიზების მექანიზმების განსაზღვრა.

და ბოლოს, თითოეულმა ახალგაზრდულმა ლაბორატორიამ წარმოადგინა ადგილობრივი ინიციატივების მოკლევადიანი აღსრულების გეგმა, რომლებსაც ისინი მომდევნო რამდენიმე თვეში განახორციელებენ. გეგმებში დატანილია ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორებიცაა სამოქალაქო მონაწილეობა, ინკლუზიურობა, ახალგაზრდების ჩართულობა, გარემოს დაცვა და საზოგადოებაზე დაფუძნებული ადამიანის უფლებების შესახებ განათლება. მონაწილეებმა ასევე წვლილი შეიტანეს მომავალი InoHub Impact Awards-ის კრიტერიუმების განსაზღვრაში, რომელიც წარმოადგენს ახალგაზრდების მიერ ინოვაციური და გავლენიანი ინიციატივების აღიარების მექანიზმს.

InoHub-ის პირველი შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ეროვნული ახალგაზრდული მონაწილეობის პლატფორმის შექმნის გზაზე, რომელიც მხარს უჭერს მნიშვნელოვან და მდგრად ქმედებებს. თანატოლების სწავლებაზე, საერთო პასუხისმგებლობასა და ადგილობრივ საკუთრებაზე დაფუძნებული პლატფორმა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას, გახდნენ დემოკრატიული ღირებულებების, საზოგადოების მდგრადობისა და ძლიერი ადამიანის უფლებების კულტურის გამმრავლებლები მთელს საქართველოში.

ეს აქტივობა ორგანიზებული იყო პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით.

 

 

ბორჯომი, საქართველო 28-30 ნოემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge