Back ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

ევროპის საბჭომ და საქართველოს ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბიორნ ბერგემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, დღეს თბილისში ერთობლივად წარდგინეს ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. გასულ წლებში გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, ახალი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა დაეყრდნობა არსებულ მიღწევებს: „ის ემყარება ევროპის საბჭოს უახლეს შეფასებებს, მონიტორინგის ანგარიშებსა და რეკომენდაციებს, ასევე რეიკიავიკის დეკლარაციას, რომელიც გასულ მაისს შეთანხმდა ევროპის ლიდერებს შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე. რაც მთავარია, სამოქმედო გეგმა ეფუძნება თავად საქართველოს პრიორიტეტებს“.

სამოქმედო გეგმა შემუშავდა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, იმ პრიორიტეტული რეფორმების და საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვაში დახმარების მიზნით, რომლებით საქართველოს ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და ევროკავშირში ინტეგრაციის მოთხოვნებთან დააახლოებს.

„მსურს გულითადი მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და იმ მხარდაჭერისათვის, რომლის წვლილიც განუზომელია საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე ხაზგასასმელია ჩვენი თანამშროლობის მნიშვნელობა სწორედ დღეს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე,“ განაცხადა ღონისძიების მასპინძელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

„დასასრულს, მზადყოფნას გამოვთქვამთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და ყველა პარტნიორთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის შემდგომი განმტკიცებისთვის,“ ასავე აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ამ სამოქმედო გეგმის თანახმად, ევროპის საბჭო და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობითი პროგრამების საშუალებით, ერთობლივად განახორციელებენ რეფორმებს, რომელთა მიზანია გაფართოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განხორციელება ეროვნულ დონეზე; ეროვნული კანონმდებლობა და ანტიდისკრიმინაციული პრაქტიკა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას; გაძლიერდეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება; გაუმჯობესდეს საარჩევნო კანონმდებლობა და პრაქტიკა; დამატებითი რეფორმები ჩატარდეს პენიტენციურ, პრობაციისა და დანაშაულის პრევენციის სისტემებში; ეროვნული პრაქტიკა მედიისა და ინტერნეტის სფეროებში შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს; გაუმჯობესდეს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი; გაძლიერდეს ეკონომიკურ და სოციალურ უფლებათა დაცვა; განვითარდეს ახალგაზრდული პოლიტიკა; ხელი შეეწყოს იურიდიული პროფესიის ახალგაზრდა წარმომადგენელთა დასაქმებას და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღებაში ყველა დონეზე.

ახალი სამოქმედო გეგმა სათავეს იღებს ევროპის საბჭოსათვის 75-ე და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 25-ე საიუბილეო წელს.

 

 იხილეთ გენერალური მდივნის გამოსვლის ტექსტი (ინგლისურ ენაზე)

თბილისი, საქართველო 18 იანვარი, 2024
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge