Back ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა

ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა

ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის პაკეტის განხილვას. მსჯელობა ეხებოდა ასოციაციის შემოთავაზებულ ცვლილებებს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ შვიდ კანონში.

2021 წლის სექტემბერში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა შემოთავაზებული ცვლილებები „საქართველოს კანონში ადვოკატთა შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, “საქართველოს კანონში სახელმწიფო ბაჟის შესახებ”, „საქართველოს კანონში ნოტარიატის შესახებ“ და „საქართველოს კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. შეხვედრის მონაწილეებმა ძირითადად იმსჯელეს შემოთავაზებულ ნორმებზე, რომლებიც ეხება „საქართველოს კანონს ადვოკატთა შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს“. ღონისძიების შემდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კანონპროექტის გარკვეულ დებულებებს შეცვლის და განხილვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება.

საქართველოს პარლამენტს წარმოადგენდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატები მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს შორის იყვნენ თავმჯდომარე, აღმასრულებელი დირექტორი, აღმასრულებელი საბჭოს წევრები, ასევე ეთიკის კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

აქტივობა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინისა და ლატვიის მხარდაჭერით.

28-30 მაისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page