Back ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს

ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს

2017 წლის 7 მაისს ევროპის საბჭომ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობასთან, ევროკავშირის 18 წევრი სახელმწიფოს საელჩოსა და სხვა პარტნიორებთან ერთად ევროპის დღე აღნიშნა. ღონისძიება თბილისში, რიყის პარკში გაიმართა და მასში უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა. ევროკავშირის საქართველოს დელეგაციის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართველ და უცხოელ შემსრულებელთა კონცერტები, იმართებოდა გასართობი, საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქციები.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მაგიდასთან დილიდანვე ხალხმრავლობა იყო - მოვიდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ჩამოსული სტუმრები. მოსულებს უსასყიდლოდ დაურიგეს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პუბლიკაციები, მათ შორის, სამართლებრივი ლიტერატურა, სუვენირები ევროპის საბჭოს სიმბოლიკით, ბროშურები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩატარდა ვიქტორინა, რომელშიც ერთნაირი ხალისით მონაწილეობდნენ ბავშვებიც, მოზარდებიც და ზრდასრული ადამიანებიც. ვინც ქართული ენა არ იცოდა, კითხვებს რუსულად, ინგლისურად და ესპანურად უთარგმნიდნენ. კითხვები ევროპის საბჭოსა და, ზოგადად, ევროპის გარშემო ტრიალებდა. ყველა გამარჯვებულს ერგო პრიზი. ვიქტორინას შემეცნებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბავშვები და ახალგაზრდები ადგილზე იგებდნენ სწორ პასუხებს და იღებდნენ ინფორმაციას იმ საკითხებზე, რომელთა შესახებ მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდათ. იქვე დაინტერესებული პირები ეცნობოდნენ ევროპის საბჭოს საქმიანობასა და ძირითად სამუშაო მიმართულებებს. 

ევროპის დღის აღნიშვნით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროპული ღირებულებების გაზიარებისა და დამკვიდრების მნიშვნელობას. ჩატარებული აქციებისა და კონკურსების მიზანიც გახალისების გარდა ამ ღირებულებათა გათავისებას ემსახურებოდა.

ევროპის მშვიდობისა და ერთიანობის აღსანიშნავად ევროპის დღეს ყოველწლიურად ზეიმობენ. ევროპის საბჭო ამ დღეს 5 მაისს აღნიშნავს, ევროკავშირი კი - 7 მაისს. საბჭო ამ თარიღს 1949 წელს მის დაარსებას უკავშირებს, ხოლო ევროკავშირი - 1950 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის მიერ ისტორიული მნიშვნელობის დეკლარაციის გაცხადებას, რომელიც ევროპის ინტეგრაციასა და გაერთიანებას შეეხებოდა. მას შემდეგ ევროპის დღე ერთ-ერთია სხვა ევროპულ სიმბოლოებს შორის ევროპის ერთიანობის იდეის გასამყარებლად.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page