Back სუიციდის პრევენცია სასჯელაღსრულების სისტემაში

სუიციდის პრევენცია სასჯელაღსრულების სისტემაში

ევროპის საბჭო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქოლოგთა, ფსიქიატრთა და სოციალურ მუშაკთა შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, ციხეებში სუიციდის პრევენციის პროგრამის უკეთ ადმინისტრირებისათვის. ამ მხარდაჭერის ნაწილია დაკვირვება სუიციდის პრევენციის მულტიდისციპლინური გუნდების მუშაობაზე, რაც ნოემბერში დაიწყო და კვლავ გაგრძელდება დეკემბერსა და 2017 წელს. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ქართველი ექსპერტები ზედამხედველობას გაუწევენ სუიციდის პრევენციის მულტიდისციპლინური გუნდების მუშაობას წინასწარ შერჩეულ დაწესებულებებში.

ზედამხედველობის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სუიციდის პრევენციის პროგრამის იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასება, გაანალიზება, როგორ მუშაობენ ამ საკითხებში გადამზადებული თანამშრომლები, მათი დახმარება და რეკომენდაციების შემუშავება შემდგომი გაუმჯობესებისათვის.

სუიციდის პრევენციის პროგრამის შემოღებასა და დანერგვას ევროპის საბჭო პირველივე დღეებიდან უჭერს მხარს, 2013 წლიდან მოყოლებული. საერთაშორისო ექსპერტები თავიდანვე ჩაერთვნენ პროგრამის შემუშავებაში, განიხილეს სხვადასხვა შესაბამისი დოკუმენტი ევროპის საბჭოს სათანადო რეკომენდაციების შუქზე, მონაწილეობა მიიღეს არაერთ შეხვედრაში ადგილობრივ პარტნიორებთან, სადაც მათ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებსა და სფეროში არსებულ გამოცდილებას უზიარებდნენ.  

სუიციდის პრევენციის პროგრამის შესახებ საგანგებოდ დამუშავებული კურიკულუმითა და მეთოდოლოგიით გადამზადდა 900-მდე სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალი, ციხის დირექტორები, დირექტორების მოადგილეები და მთავარი ექიმები. ტრენინგების მონაწილე ციხის თანამშრომლებმა ისწავლეს მეტი სუიციდის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, სუიციდის მართვის ტექნიკებზე და აღიჭურვნენ სათანადო უნარებით, თუ როგორ უნდა მოახერხონ სუიციდის მცდელობათა მაქსიმალურად შემცირება და, აქედან გამომდინარე, ხელი შეუწყონ სუიციდის შემთხვევათა შემცირებას.

აღნიშნული ზედამხედველობის პროცესი ნაწილია ევროპის საბჭოს აქტივობებისა, რომლებიც საქართველოს დახურული ტიპის დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება. ისინი ორგანიზებულია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” – ფარგლებში, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის განკუთვნილ პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.  

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge